ხანდახან მოგზაურობა, რომელიც მხოლოდ მცირე გასეირნება გეგონა, მოულოდნელად იქცევა აღმოჩენად – სივრცის, დროისა და საკუთარი შინაგანი მდგომარეობის ახლებურად განცდად. ჩემთვის ასეთი გამორჩეული გამოცდილება გახდა ვიზიტი ორ წისქვილში – Osada Dwa Młyny. ეს ძველი, ისტორიული შენობა, რომელიც ლოძის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე გრაბიას  სანაპიროზე მდებარეობს, თითქოს დროის მიღმა მდგარი სივრცეა – არქაული, მყუდრო და სავსე რაღაც უხილავი ღირებულებით. მის ირგვლივ გაშლილი ტერიტორია კი ერთგვარ საკრალურ პუნქტად მექცა, მოწყვეტილი ურბანული რუტინისგან.

ჩვენი მოგზაურობა დაიწყო ვროცლავიდან. დილას გავედით მატარებლით – კომფორტული, ოდნავ სცენური მარშრუტით. დავიძარით ლოძის მიმართულებით. მგზავრობა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა და საოცარ ხედებთან ერთად აღმოჩნდა საკმაოდ მშვიდი და მედიტაციური გამოცდილება. ლოძში ჩასვლის შემდეგ ცოტა დრო დავუთმეთ ქალაქის ქუჩებს, ხოლო ლოძ-კალისკას(łódź kaliska)სადგურიდან გადავჯექით მატარებელზე, რომელიც პაბიენიცეს(pabienice) მიმართულებით მიდის. ეს მონაკვეთი მოკლეა – სულ რაღაც ათი წუთი და უკვე პატარა, მშვიდ ქალაქში ხარ, რომელიც ბევრად ახლოსაა ორ წისქვილთან.

პაბიენიცედან ორ წისქვილამდე ველოსიპედით გზას დაახლოებით ოცი წუთი სჭირდება. გზა გადის ადგილობრივ მინდვრებსა და ტყიან მონაკვეთებზე – განსაკუთრებით ზაფხულში სუფთა ჰაერით გაჯერებული და საოცრად სასიამოვნო გარემოა.

ავტომობილით ეს გზა კიდევ უფრო მოკლეა – 10-15 წუთი საკმარისია. უბრალოდ გუგლ ქართებში ჩაწერე: Osada Dwa Młyny. გზის ბოლო მონაკვეთში გადაუხვევ მთავარ გზას – გრუნტის გზა მიგიყვანს მინდვრებში, რაც საბოლოო პუნქტს ნამდვილი, ავთენტური გარემოს ელფერს სძენს.

ვისაც სურს პეიზაჟური გასეირნება, შეუძლია ფეხითაც იაროს – ეს დაახლოებით საათნახევრიანი მარშრუტია, რომელიც გადის ჩუმ, მშვიდ სოფლის გარემოში. ზაფხულში გზას ამშვენებს ველური ყვავილებით მოფენილი მინდვრები და მდინარე გრაბიას ნაპირას მოსეირნე იხვები და გედები – ყველაფერი ერთად ქმნის არაჩვეულებრივ იდილიას.

წისქვილი პირველად 1568 წელს მოიხსენიება ისტორიულ საბუთებში – იმდროინდელმა მესაკუთრემ, მიკოლაი ტატარკამ, ადგილობრივი ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ააგო იგი. სწორედ ეს პატარა ამბავი იქცა რეგიონის ეკონომიკური ზრდის საწყისად. საუკუნეების განმავლობაში ორი წისქვილის დასახლება იყო სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიური სიახლეების მნიშვნელოვანი ჰაბი. მე-19 საუკუნის მიწურულს, წისქვილებში დღეში 6 ტონამდე მარცვლეული მუშავდებოდა.ფიშერების ოჯახის მფლობელობაში მყოფი საწარმო სრულად მექანიზებული იყო და ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურად განვითარებულ ობიექტად რეგიონში.

ფოტოები მუზეუმიდან

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ისიც ბევრ სხვა ისტორიულ ობიექტთან ერთად ნაციონალიზაციის პროცესის ნაწილი გახდა. 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო წისქვილის აღდგენის იდეაზე ფიქრი, მაგრამ რეალური სამუშაოები მხოლოდ 2010 წლის შემდეგ გააქტიურდა. იმ დროს შენობა დაზიანებული იყო – სახურავი ჩამოშლილი, მექანიზმების ნაწილი დაჟანგებული და გაუმართავი, თუმცა სტრუქტურულად შენობა მდგრადობას ინარჩუნებდა და შესაძლებელი იყო მისი ავთენტურად აღდგენა. აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა ახალი მეპატრონეების ინიციატივისა და ევროკავშირის რეგიონალური ფონდის თანადაფინანსებით. სამუშაოებმა მოიცვა ძველი ხის სტრუქტურების კონსერვაცია, მექანიზმების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიურად მოწყობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფრენსისის ტურბინის რესტავრაციას – მისი წმენდა, გამაგრება და ამუშავება დასრულდა 2021 წელს.

ფოტო მუზეუმიდან

აღდგენის პროცესში არ დავიწყებიათ,არც ტექნიკური დოკუმენტაცია და არც დეტალების შენარჩუნება – ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ წისქვილს პირვანდელი სახე არ დაეკარგა. წისქვილი სამსართულიანია და მთლიანად ხის მასალითაა აგებული. მუხის მორებით აგებული კედლები, ჭერისკენ წაჭიმული სხივები, ძველი ხის საკეტები – ყველაფერს აქვს მომაჯადოებელი განზომილება. თითქოს მეხსიერება აქ ხელით შესაგრძნობია. იატაკზე შემორჩენილი ტომრების კვალი და ძველი ინჟინერიის ჰერიტაჟი განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს. ორიგინალური ფრენსისის ტურბინა – მე-19 საუკუნის ჰიდროტექნიკის მარგალიტი – დღესაც შთამბეჭდავად გამოიყურება.

მუზეუმის კარის გასაღები

ლითონის გადამცემი ბორბლები, კბილანები და ხის ლილვაკები არა მხოლოდ ტექნოლოგიური მემკვიდრეობის ნაწილი, არამედ ცოცხალი მუზეუმის ექსპონატებია. ამ მექანიზმებს დღესაც ამოძრავებენ – შეგიძლია მიხვიდე და შეიგრძნო იმ მოძრაობის რიტმი, რომელსაც ოდესღაც გლეხები თვეობით იმეორებდნენ მოსავლის დასამუშავებლად.
2024 წელს წისქვილის ტერიტორიაზე გაიხსნა იან რადკოვსკის სახელობის მუზეუმი. მუზეუმში ნახავთ ძველ კერამიკულ ჭურჭელს, პურის ხელნაკვეთ ფორმებს, სოფლის მეურნეობის იარაღებს, არქივულ ფოტომასალას და ფოლკლორულ ქანდაკებებს. გამორჩეულად აღსანიშნავია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, რომლებშიც სოფლური ყოველდღიურობაა ასახული – ხორბლის თესვა, პურის ცხობა და სხვა პატარა, მაგრამ შინაარსიანი სცენები.

წისქვილი შემოსაზღვრულია ფიჭვნარით, ტბით, ტრიალა მდელოებით და მდინარე გრაბიას მშვიდი დინებით. ამ ბუნებრივმა სიმარტივემ და განათებამ არაერთხელ შთააგონა რეჟისორები – აქ გადაღებულია ფილმები: Wiernarzeka, Przyłbic i hoody, Gry z cieniem, Lany Poniedziałek, Syzyfowa praca, Znachor.

დღეს წისქვილი კერძო საკუთრებაშია. მისი მფლობელები ზრუნავენ არა მხოლოდ კონსერვაციაზე, არამედ კულტურულ აქტივობებზეც. ახლოს მდებარეობს პატარა კვების ობიექტი – ლუდის ბარი,სადაც დაგხვდებათ ძალიან თბილი მასპინძლები და სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი, ტრადიციული კერძები.

იან რადკოვსკი იყო პოლონელი ხელოვანი, მოქანდაკე (ხის) და კონსერვატორი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში. მუშაობდა ძეგლების, ეკლესიებისა და ისტორიული შენობების რესტავრაციაზე. ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო ტახტის შექმნა რომის პაპის პოლონეთში ვიზიტისთვის 1998 წელს. ასევე მონაწილეობდა ვარშავის საპატრიარქოს დეკორაციებში, ვარშავაში მეფის სასახლის აღდგენით სამუშაოებში.


ავტორი: ნათია ქიმაძე