უკვე რამდენიმე წელია, ვესწრები კუპალას ღამის ღონისძიებას, რომელიც ყოველ ზაფხულს ტარდება ვროცლავში, Opt Zamek-ის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს სხვადასხვა სივრცეც მასპინძლობს, ამ კონკრეტულ ადგილს თან სდევს სტაბილურად ორგანიზებული სტრუქტურა, გამართული ლოჯისტიკა და ცხადი კონცეფცია, რაც საშუალებას მაძლევს, ყოველ წელს ახალი დეტალები დავინახო, თანაც – ზედმეტი ფორმალიზმისა და რეკონსტრუქციული პათოსის გარეშე.
კუპალას ღამე ერთ-ერთი უძველესი სლავური ტრადიციაა, რომელიც უკავშირდება ზაფხულის ბუნიობას და, შესაბამისად, მზის ციკლის პიკს. დღესასწაული წარმოდგენილია როგორც სინათლისა და სიბნელის, წყლისა და ცეცხლის, მიწისა და ჰაერის შემაერთებელი ღამე. ისტორიულად, ის წარმართული წარმოშობისაა და კულტურულად ასახავს ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფ ადამიანთა განცდებს – აქცენტი კეთდება განწმენდაზე, ნაყოფიერებაზე და ბუნების ძალების პატივისცემაზე. მოგვიანებით, ქრისტიანული გავლენების ფონზე, კუპალას ღამე შერწყმული იქნა ივანე ნათლისმცემლის დღესთან და ამან განსაზღვრა მისი თანამედროვე თარიღიც – ძირითადად, 23 ან 24 ივნისი.
შენიშვნა: ბლოგში გამოყენებულია Paweł Tadejko-ს ფოტოები

Opt Zamek-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ყოველ წელს შენარჩუნებული აქვს ძირითადი ცერემონიის ხაზი. სტუმრების შეხვედრა იწყება სასახლის ეზოს მისაღებში, სადაც ვრცელდება საინფორმაციო მასალა – დღევანდელი დღის პროგრამა, თითოეული აქტივობის აღწერა და მოკლე ისტორიული ცნობა კუპალას ღამის შესახებ. ტერიტორია სრულად არის მორთული ველური მცენარეებით, რაც ქმნის არა მხოლოდ დეკორატიულ ატმოსფეროს, არამედ ეხმიანება დღესასწაულის ბუნებრივ შინაარსს – ყველაფერი, რასაც ეზოში ვხედავთ, დამზადებულია არა დეკორატიული მაღაზიებიდან, არამედ ლოკალური ბოტანიკური გარემოდან.
დღესასწაული, როგორც წესი, იწყება გვირგვინების წვნის სივრცეში, სადაც ხეივნებით გამოყოფილ ერთ-ერთ ზონაში დგანან ინსტრუქტორები, ხელნაკეთი მასალებით სავსე მაგიდებთან. მონაწილეებს შეუძლიათ, თავად დაწნან გვირგვინები ველური ყვავილებისა და არომატული მცენარეებისგან – ია, გვირილა, სირენი, ველური რეჰანი და თაიგულის მსგავსად შეკრული მუხის ან ცაცხვის ფოთლები. ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არაა აუცილებელი, მაგრამ ვისაც სურს, შეუძლია თავად შექმნას ის გვირგვინი, რომელიც მოგვიანებით წყალში ჩაეშვება. ამასთანავე, ინსტრუქტორები სტუმრებს აცნობენ გვირგვინის სიმბოლურ დატვირთვას – სხვადასხვა მცენარე სხვადასხვა აზრს ატარებს, მაგალითად, მუხა სიმტკიცეს ნიშნავს, გვირილა – სიმშვიდეს და განწმენდას.

მზის ჩასვლამდე იმართება სხვადასხვა ფოლკლორული ღონისძიება,მზის ჩასვლის შემდეგ კი მონაწილეები ნელ-ნელა გადაადგილდებიან მდინარის ნაპირისკენ, სადაც იმართება ღამის ერთ-ერთი ცენტრალური ცერემონია – გვირგვინების წყალში ჩაშვება. ისტორიულად, ამ რიტუალს ჰქონდა როგორც სიმბოლური, ისე მარათმეტული დატვირთვა – მიიჩნეოდა, რომ წყალში ჩაშვებული გვირგვინის მოძრაობა შეიძლება ყოფილიყო მინიშნება მომავლის მოვლენებზე. მაგალითად, წყვილები ერთად უშვებდნენ გვირგვინებს და აკვირდებოდნენ, დარჩებოდა თუ არა გვირგვინები ერთად დინებაში – თუ არ დაშორდებოდა წყალში, ეს ითვლებოდა კარგ ნიშნად. თუმცა თანამედროვე ვერსიაში ეს ნაწილი უფრო გართობის ელემენტით არის წარმოდგენილი – ადამიანები უბრალოდ უშვებენ თავიანთი ხელით დაწნულ გვირგვინებს წყალში, ზოგჯერ სანთლის შუქით განათებულს, და აკვირდებიან მათ დინებას.ყველა აქტივობა მიმდინარეობს ძალიან ბუნებრივად – არავინ არაფერს აჩქარებს ან აწესებს მკაცრ სტრუქტურას, რაც დღესასწაულს აძლევს არა სარიტუალო, არამედ კონტენპლაციურ ხასიათს.

როდესაც გვირგვინების ნაწილი სრულდება, მონაწილეები უბრუნდებიან ეზოს ცენტრალურ სივრცეს, სადაც მზადდება ცეცხლის ცერემონია.ორგანიზატორი ან მოწვეული ოსტატი იწყებს ცეცხლის დანთებას ხის მორებით, რომელთა მეშვეობითაც ცეცხლი ინთება ეტაპობრივად. ცეცხლთან დაკავშირებული რიტუალი ერთ-ერთი უძველესია – ითვლებოდა, რომ ცეცხლი ასუფთავებს სულს, ხსნის შიშს და იცავს ბოროტისგან. ძველად, ახალგაზრდები კოცონზე ხტებოდნენ – თუ წყვილი ერთდროულად გადახტებოდა და არ გაშორდებოდნენ ერთმანეთს, ეს ითვლებოდა სიყვარულის სიმტკიცის ნიშნად. დღეს კუპალას ღამის ღონისძიებაზე ეს ელემენტი სიმბოლურია და ხშირად ბავშვებსა და მოზარდებს ეძლევათ საშუალება, დახურულ, უსაფრთხო სივრცეში გამოსცადონ ცეცხლზე ხტომა, თუმცა ეს უფრო თამაშად რჩება და არა სავალდებულო რიტუალად.


ღონისძიება ხშირად სრულდება ღია ცის ქვეშ ცეკვით ან მუსიკალური შესრულებით. ზოგჯერ ორგანიზატორები იწვევენ ფოლკლორულ ან ელექტრო-აკუსტიკურ შემსრულებლებს, რომლებიც ტრადიციული მოტივებისგან შექმნილ მუსიკას გვთავაზობენ. ყველაფერი საერთო ჯამში ქმნის განცდას არა როგორც თეატრალიზებული წარმოდგენისა, არამედ ცოცხალი კულტურული პრაქტიკისა, რომელსაც შეგიძლია მოერგო, ან უბრალოდ დააკვირდე. კუპალას ღამე არ ითხოვს სარწმუნოებრივ ერთგულებას ან კონკრეტულ მენტალიტეტს – ეს არის ღამე ბუნებასთან, სხეულთან და წელიწადის რიტმთან დაკავშირების შესაძლებლობისა.
პოლონეთში კუპალას ღამე ყველაზე აქტიურად აღინიშნება სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია კრაკოვი და მისი მიმდებარე რაიონები, სადაც ყოველწლიურად ტარდება მასშტაბური ფესტივალი სახელწოდებით Wianki nad Wisłą – მდინარე ვისლას სანაპიროზე. ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება ვროცლავში,ლუბლინში, ჟეშუვში, ტარნოვში და პოდკარპაცკის რეგიონში, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხური ტრადიციების შენარჩუნება. ცენტრალურ პოლონეთში, ვარშავაშიც აღინიშნება კუპალას ღამე უფრო თანამედროვე ფორმით, ხშირად კონცერტებისა და თეატრალური წარმოდგენების სახით, ხოლო მცირე, ავთენტური დღესასწაულები გვხვდება მაზურიის ტბების რეგიონში და ბიალისტოკის შემოგარენში, სადაც ბელარუსული და უკრაინული თემები აქტიურად ინარჩუნებენ ტრადიციულ ფორმატს. სხვა ქვეყნებიდან კუპალას ღამე ყველაზე მეტად გავრცელებულია უკრაინაში,ბელარუსში, რუსეთში,ლიეტუვაში,ლატვიაში,ხოლო ნაკლებად თუმცა მაინც ცნობილია ჩეხეთში, სლოვაკეთში და გარკვეულად ბალკანეთის ზოგიერთ სლავურ ქვეყანაში (მაგალითად, სერბეთში). ასევე ტარდება ემიგრანტულ თემებში გერმანიაში, კანადაში, აშშ-ში და სკანდინავიის ქვეყნებში.

კუპალას ღამე ჩემთვის ყოველწლიური ანკორივით იქცა – არა აუცილებელი წესი, არამედ დრო, როცა შემიძლია ბუნების ციკლის ყველაზე გრძელ დღეს დავაკვირდე არა როგორც ტრადიციის, არამედ როგორც გამოცდილების ნაწილს. ყოველ წელს დეტალები იცვლება – ხან დეკორი, ხან მუსიკა, ხანაც ადამიანები, მაგრამ ძირითადი რჩება უცვლელი: წყალი, ცეცხლი და მცენარე.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება