Skip to content
პირადი ბლოგი

კუპალას ღამე – noc kupały

ივნისი 21, 2025 ნათია ქიმაძე

უკვე რამდენიმე წელია, ვესწრები კუპალას ღამის (Noc Kupały) ღონისძიებას, რომელიც ყოველ ზაფხულს ვროცლავში ტარდება. ამ პერიოდში პოლონეთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სლავური ტრადიცია ცოცხლდება და დამსწრეებს შესაძლებლობას აძლევს, ახლოდან გაეცნონ კუპალას ღამის ისტორიას, რიტუალებსა და კულტურულ მნიშვნელობას. მე ყოველწლიურად ვსტუმრობ ამ ღონისძიებას Opt Zamek-ის ტერიტორიაზე, სადაც ტრადიციული ელემენტები, ფოლკლორი და თანამედროვე ორგანიზება ერთმანეთთან ბუნებრივად არის შერწყმული.

მიუხედავად იმისა, რომ კუპალას ღამის ღონისძიებები პოლონეთის სხვადასხვა ქალაქსა და სივრცეში იმართება, ამ კონკრეტულ ადგილს გამორჩეულს ხდის სტაბილურად ორგანიზებული სტრუქტურა, გამართული ლოჯისტიკა და მკაფიო კონცეფცია. სწორედ ამიტომ, ყოველ წელს ახალ დეტალებს ვამჩნევ და კუპალას ღამის ტრადიციებს განსხვავებული კუთხით ვაკვირდები. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ღონისძიება ინარჩუნებს ავთენტურ ატმოსფეროს და ამავდროულად თავს არიდებს ზედმეტ ფორმალიზმსა და ისტორიული რეკონსტრუქციის პათოსს.

რა არის კუპალას ღამე?

კუპალას ღამე ერთ-ერთი უძველესი სლავური დღესასწაულია, რომელიც ზაფხულის ბუნიობას და მზის ციკლის პიკს უკავშირდება. ეს არის ღამე, სადაც ერთმანეთს ხვდება სინათლისა და სიბნელის, წყლისა და ცეცხლის, მიწისა და ჰაერის სიმბოლიკა. ისტორიულად, დღესასწაული წარმართული წარმოშობისაა და ასახავს ბუნებასთან ჰარმონიაში მცხოვრები ადამიანების წარმოდგენებს განწმენდაზე, ნაყოფიერებასა და ბუნების ძალების პატივისცემაზე. მოგვიანებით, ქრისტიანული ტრადიციების გავლენით, კუპალას ღამე ივანე ნათლისმცემლის დღეს დაუკავშირდა, რის გამოც მისი აღნიშვნა დღეს ძირითადად 23 ან 24 ივნისს ხდება.

სწორედ ამ ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის გამო, Noc Kupały დღემდე რჩება პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საზაფხულო ტრადიციად, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს იზიდავს.

ბლოგში გამოყენებულია Paweł Tadejko-ს ფოტოები

როგორ იწყება კუპალას ღამის ღონისძიება ვროცლავში?

Opt Zamek-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ყოველ წელს შენარჩუნებული აქვს ძირითადი ცერემონიის ხაზი. სტუმრების შეხვედრა იწყება სასახლის ეზოს მისაღებში, სადაც ვრცელდება საინფორმაციო მასალა – დღევანდელი დღის პროგრამა, თითოეული აქტივობის აღწერა და მოკლე ისტორიული ცნობა კუპალას ღამის შესახებ. ტერიტორია სრულად არის მორთული ველური მცენარეებით, რაც ქმნის არა მხოლოდ დეკორატიულ ატმოსფეროს, არამედ ეხმიანება დღესასწაულის ბუნებრივ შინაარსს – ყველაფერი, რასაც ეზოში ვხედავთ, დამზადებულია არა დეკორატიული მაღაზიებიდან, არამედ ლოკალური ბოტანიკური გარემოდან.

დღესასწაული, როგორც წესი, იწყება გვირგვინების წვნის სივრცეში, სადაც ხეივნებით გამოყოფილ ერთ-ერთ ზონაში დგანან ინსტრუქტორები, ხელნაკეთი მასალებით სავსე მაგიდებთან. მონაწილეებს შეუძლიათ, თავად დაწნან გვირგვინები ველური ყვავილებისა და არომატული მცენარეებისგან – ია, გვირილა, სირენი, ველური რეჰანი და თაიგულის მსგავსად შეკრული მუხის ან ცაცხვის ფოთლები. ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არაა აუცილებელი, მაგრამ ვისაც სურს, შეუძლია თავად შექმნას ის გვირგვინი, რომელიც მოგვიანებით წყალში ჩაეშვება. ამასთანავე, ინსტრუქტორები სტუმრებს აცნობენ გვირგვინის სიმბოლურ დატვირთვას – სხვადასხვა მცენარე სხვადასხვა აზრს ატარებს, მაგალითად, მუხა სიმტკიცეს ნიშნავს, გვირილა – სიმშვიდეს და განწმენდას.

მზის ჩასვლამდე იმართება სხვადასხვა ფოლკლორული ღონისძიება,მზის ჩასვლის შემდეგ კი მონაწილეები ნელ-ნელა გადაადგილდებიან მდინარის ნაპირისკენ, სადაც იმართება ღამის ერთ-ერთი ცენტრალური ცერემონია – გვირგვინების წყალში ჩაშვება. ისტორიულად, ამ რიტუალს ჰქონდა როგორც სიმბოლური, ისე მარათმეტული დატვირთვა – მიიჩნეოდა, რომ წყალში ჩაშვებული გვირგვინის მოძრაობა შეიძლება ყოფილიყო მინიშნება მომავლის მოვლენებზე. მაგალითად, წყვილები ერთად უშვებდნენ გვირგვინებს და აკვირდებოდნენ, დარჩებოდა თუ არა გვირგვინები ერთად დინებაში – თუ არ დაშორდებოდა წყალში, ეს ითვლებოდა კარგ ნიშნად. თუმცა თანამედროვე ვერსიაში ეს ნაწილი უფრო გართობის ელემენტით არის წარმოდგენილი – ადამიანები უბრალოდ უშვებენ თავიანთი ხელით დაწნულ გვირგვინებს წყალში, ზოგჯერ სანთლის შუქით განათებულს, და აკვირდებიან მათ დინებას.ყველა აქტივობა მიმდინარეობს ძალიან ბუნებრივად – არავინ არაფერს აჩქარებს ან აწესებს მკაცრ სტრუქტურას, რაც დღესასწაულს აძლევს არა სარიტუალო, არამედ კონტენპლაციურ ხასიათს.

გვირგვინების წყალში ჩაშვების ტრადიცია

როდესაც გვირგვინების ნაწილი სრულდება, მონაწილეები უბრუნდებიან ეზოს ცენტრალურ სივრცეს, სადაც მზადდება ცეცხლის ცერემონია.ორგანიზატორი ან მოწვეული ოსტატი იწყებს ცეცხლის დანთებას ხის მორებით, რომელთა მეშვეობითაც ცეცხლი ინთება ეტაპობრივად. ცეცხლთან დაკავშირებული რიტუალი ერთ-ერთი უძველესია – ითვლებოდა, რომ ცეცხლი ასუფთავებს სულს, ხსნის შიშს და იცავს ბოროტისგან. ძველად, ახალგაზრდები კოცონზე ხტებოდნენ – თუ წყვილი ერთდროულად გადახტებოდა და არ გაშორდებოდნენ ერთმანეთს, ეს ითვლებოდა სიყვარულის სიმტკიცის ნიშნად. დღეს კუპალას ღამის ღონისძიებაზე ეს ელემენტი სიმბოლურია და ხშირად ბავშვებსა და მოზარდებს ეძლევათ საშუალება, დახურულ, უსაფრთხო სივრცეში გამოსცადონ ცეცხლზე ხტომა, თუმცა ეს უფრო თამაშად რჩება და არა სავალდებულო რიტუალად.

ცეცხლის ცერემონია – კუპალას ღამის მთავარი რიტუალი

ღონისძიება ხშირად სრულდება ღია ცის ქვეშ ცეკვით ან მუსიკალური შესრულებით. ზოგჯერ ორგანიზატორები იწვევენ ფოლკლორულ ან ელექტრო-აკუსტიკურ შემსრულებლებს, რომლებიც ტრადიციული მოტივებისგან შექმნილ მუსიკას გვთავაზობენ. ყველაფერი საერთო ჯამში ქმნის განცდას არა როგორც თეატრალიზებული წარმოდგენისა, არამედ ცოცხალი კულტურული პრაქტიკისა, რომელსაც შეგიძლია მოერგო, ან უბრალოდ დააკვირდე. კუპალას ღამე არ ითხოვს სარწმუნოებრივ ერთგულებას ან კონკრეტულ მენტალიტეტს – ეს არის ღამე ბუნებასთან, სხეულთან და წელიწადის რიტმთან დაკავშირების შესაძლებლობისა.

პოლონეთში კუპალას ღამე ყველაზე აქტიურად აღინიშნება სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია კრაკოვი და მისი მიმდებარე რაიონები, სადაც ყოველწლიურად ტარდება მასშტაბური ფესტივალი სახელწოდებით Wianki nad Wisłą – მდინარე ვისლას სანაპიროზე. ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება ვროცლავში,ლუბლინში, ჟეშუვში, ტარნოვში და პოდკარპაცკის რეგიონში, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხური ტრადიციების შენარჩუნება. ცენტრალურ პოლონეთში, ვარშავაშიც აღინიშნება კუპალას ღამე უფრო თანამედროვე ფორმით, ხშირად კონცერტებისა და თეატრალური წარმოდგენების სახით, ხოლო მცირე, ავთენტური დღესასწაულები გვხვდება მაზურიის ტბების რეგიონში და ბიალისტოკის შემოგარენში, სადაც ბელარუსული და უკრაინული თემები აქტიურად ინარჩუნებენ ტრადიციულ ფორმატს. სხვა ქვეყნებიდან კუპალას ღამე ყველაზე მეტად გავრცელებულია უკრაინაში,ბელარუსში, რუსეთში,ლიეტუვაში,ლატვიაში,ხოლო ნაკლებად თუმცა მაინც ცნობილია ჩეხეთში, სლოვაკეთში და გარკვეულად ბალკანეთის ზოგიერთ სლავურ ქვეყანაში (მაგალითად, სერბეთში). ასევე ტარდება ემიგრანტულ თემებში გერმანიაში, კანადაში, აშშ-ში და სკანდინავიის ქვეყნებში.

კუპალას ღამე ჩემთვის ყოველწლიური ანკორივით იქცა – არა აუცილებელი წესი, არამედ დრო, როცა შემიძლია ბუნების ციკლის ყველაზე გრძელ დღეს დავაკვირდე არა როგორც ტრადიციის, არამედ როგორც გამოცდილების ნაწილს. ყოველ წელს დეტალები იცვლება – ხან დეკორი, ხან მუსიკა, ხანაც ადამიანები, მაგრამ ძირითადი რჩება უცვლელი: წყალი, ცეცხლი და მცენარე.

აგრეთვე იხილეთ: შინ დაბრუნების სურვილი –  მოგზაურობა Szczawno-Zdrój – ში

ავტორი: ნათია ქიმაძე

Facebook Comments Box
error: Content is protected !!