თეა აქუბარდია პოლონეთში, ქალაქ ლოძში ცხოვრობს. ჰყავს ოთხი შვილი და ოჯახის წევრებთან ერთად მართავს ქართულ რესტორანს სახელად „ალავერდი“. ეს რესტორანი მხოლოდ კვების ადგილი არ არის – ეს არის სივრცე, სადაც ქართული კერძები და ურთიერთობის კულტურა ერთიანდება, სადაც ადგილობრივებიც და ქართველი ემიგრანტებიც თავს სახლში გრძნობენ. თეას გამოცდილება მრავალფეროვანია – ბავშვობაში ის აფხაზეთიდან დევნილი გახდა, მოგვიანებით კი ემიგრაციაში ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ის არ საუბრობს სწრაფ წარმატებაზე, არამედ იმაზე, როგორ ინარჩუნებს ქართულ იდენტობას, როგორ მოახერხა ოჯახის გაერთიანება უცხო გარემოში და როგორ დაუდო საფუძველი საკუთარ საქმეს, შრომით და თანმიმდევრული ნაბიჯებით.

-თეა,გვიამბეთ როგორ დაიწყო თქვენი ისტორია პოლონეთში, კერძოდ კი ქალაქ ლოძში?
-პოლონეთში პირველად ჩემი მეუღლე ჩავიდა. მისი იქ აღმოჩენა გარკვეულად უნიკალური და ემოციური ისტორიის შედეგია. საქართველოში ყოველთვის თბილი და სტუმართმოყვარე გარემო გვქონდა – როგორც ჩემს, ისე ჩემი მეუღლის ოჯახში. იგი ბუნებით გულღია, ხელგაშლილი და გულთბილი ადამიანია. ჩვენი სტუმრები ძირითადად ჩვენი მეგობრები იყვნენ – სხვადასხვა ეროვნებისა და წარმოშობის ადამიანები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გავიცანით. სამსახურიდან ერთ-ერთი მივლინების დროს, რომელიც დაემთხვა მის დაბადების დღეს, მეუღლეს მცირე საგზალი და ქართული ჭაჭა გავატანე. გზად მატარებელში შემთხვევით შეხვდა სამ პოლონელს. როგორც მას ჩვევია, გულითადად გაუნაწილა მათ სუფრა პირდაპირ მატარებელში. მგზავრობის დროს მცირე კონფლიქტი წარმოიშვა – ერთ-ერთ პოლონელ მგზავრთან გაჩნდა უკმაყოფილება და მისი მატარებლიდან გაძევებაც კი მოითხოვეს. ჩემი მეუღლე კი მხარში დაუდგა, დაიცვა იგი და ამ ინციდენტით დაიწყო მათი მეგობრობა. მოგვიანებით, პოლონელი მეგობარი პირველად მარტო, შემდეგ კი ოჯახთან ერთად გვესტუმრა საქართველოში.
როცა ჩემი მეუღლე სამსახურის გარეშე დარჩა, სწორედ მან შესთავაზა პოლონეთში ჩამოსვლა და დასაქმება საკუთარ კომპანიაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩემი მეუღლის მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა – იგი რუსმა ჯარისკაცებმა მოკლეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პოლონელი ადამიანი არამხოლოდ მეგობარი, არამედ ოჯახის ერთგვარი მამობილი გახდა – ჩემთვის, ჩემი მეუღლისთვის და ჩვენი შვილებისთვისაც.
თავდაპირველად ჩემი მეუღლე პოლონეთში მარტო იმყოფებოდა, ხოლო მე შვილებთან ერთად საქართველოში ვრჩებოდი. თუმცა ოჯახური განშორება ძალზე მძიმე აღმოჩნდა, განსაკუთრებით ჩემთვის და ჩვენი უმცროსი ქალიშვილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს დატოვება რთული გადაწყვეტილება იყო, დედობრივმა ინტუიციამ გადაწონა ყველაფერი, და საბოლოოდ მეც ჩამოვედი ლოძში – სამ შვილთან ერთად.
-როგორ დაიწყეთ ახალი ცხოვრება და დასაქმება უცხო ქვეყანაში?
-დღეს უკვე შემიძლია რჩევა გავუზიარო სხვებს, თუმცა როდესაც პირველად ჩამოვედი პოლონეთში, პრაქტიკულად არაფერი ვიცოდი – არც ენა, არც ბიუროკრატიული პროცედურები, არც ადგილობრივი ყოფითი ცხოვრების წესები. იმ საცხოვრებელ კორპუსის პირველ სართულზე, სადაც ვცხოვრობდით, ფუნქციონირებდა სწრაფი კვების ობიექტი, სადაც კარტოფილის გაფრცქვნისთვის მუშახელს ეძებდნენ. იმ პერიოდში ჩემთვის უმთავრესი იყო რაიმე სამსახურის პოვნა – მზად ვიყავი ნებისმიერი ფიზიკური შრომისთვის. გულუბრყვილოდ მეგონა, რომ კარტოფილის გაფრცქვნა მარტივი საქმე იქნებოდა, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეში სამ ტომარა კარტოფილის გაფრცქვნა მომიწევდა (იღიმის).ბედად, კვლავაც კეთილგანწყობილი ადამიანები შემხვდნენ. ჩემი მაშინდელი ხელმძღვანელი იყო უაღრესად გულისხმიერი პიროვნება – ის დამეხმარა ბიუროკრატიულ პროცედურებში და პრაქტიკულად ყველა საკითხის მოგვარება გამიადვილა.

თეა მეუღლესთან ერთად
-როგორ მოახერხეთ სამუშაოს, შვილების აღზრდის და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის მოვლის შეთავსება?
-სამუშაო გრაფიკი ფიზიკურად ძალზე დამღლელი იყო – ვიყავი სამი შვილის დედა, რომელთაგან ერთს ჰქონდა ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD), რაც მუდმივ ყურადღებას მოითხოვდა. მაშინდელი სამუშაო პირობები კი ამის საშუალებას არ მაძლევდა. კვლავ მამობილის დახმარებით, მოვახერხე შედარებით მოქნილი გრაფიკის მქონე სამსახურის მოძიება – დილის 06:00 საათიდან შუადღის 14:00 საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება მაღალი არ იყო, დროში მოქნილობა მაძლევდა შესაძლებლობას, ვყოფილიყავი შვილებთან, შემესრულებინა ყოველდღიური საქმიანობა და მეძია თვითგანვითარება. ამ პერიოდში გავიარე კურსები ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რაც საშუალებას მაძლევდა, უკეთ გამეგო ჩემი შვილის საჭიროებები და მიზნობრივად დავხმარებოდი მას.
-როგორ დაიბადა რესტორნის იდეა და როგორ გარდაიქმნა ის წარმატებულ ოჯახურ ბიზნესად?
-რესტორნის იდეა თითქოსდა უბრალო, მაგრამ გულწრფელი საჭიროებიდან დაიბადა. როგორც მეგრელებმა, მე და ჩემმა მეუღლემ ვერ შევძლეთ დიდხანს სულგუნზე უარის თქმა – შეიძლება ერთ თვეს როგორმე გავძლოთ მის გარეშე, მაგრამ მეორე თვეს უკვე აუცილებლად ჩნდება სურვილი, როგორმე მოვიპოვოთ (იცინის). ამიტომ დავიწყეთ ადგილობრივი ფერმებიდან რძის მოპოვება და სახლის პირობებში სულგუნის დამზადება. სულგუნზე მოთხოვნა სწორედ ჩვენი სამსახურებისა და პოლონელი მეგობრების წრიდან წამოვიდა – მათ ძალიან მოეწონათ ჩვენი ყველი და ხშირად გვთხოვდნენ მის მიწოდებას. მოგვიანებით გადავწყვიტეთ, პატარა ჯიხური დაგვექირავებინა, რათა ქართულ პროდუქტზე წვდომა მეტ პოლონელს შეძლებვბოდა.
იმ ადგილზე, სადაც დღეს ჩვენი რესტორანია, ადრე მხოლოდ ერთი ოთახი და ძველი ბარი იყო. ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებით სივრცე გავალამაზეთ. საქართველოდანაც ჩამოვიყვანეთ ჩვენი ნათესავები, როგორც მზარეულები. დაგეგმილი გვქონდა მცირე მენიუს შემუშავება, თუმცა მალევე გაირკვა, რომ პოლონელებს ქართულ სამზარეულოზე მნიშვნელოვანი ცოდნა აქვთ და მოთხოვნა პრაქტიკულად ყველა ტრადიციულ ქართულ კერძზე გაჩნდა. მცირე სივრცემ ვეღარ უზრუნველყო მოთხოვნის დაკმაყოფილება – მოგვიწია გაფართოება და მენიუს გამრავალფეროვნება. დღეს ჩვენს რესტორანს ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა დღესასწაულის ან დაბადების დღის აღსანიშნავად. ავთენტური სამზარეულო და ოჯახური ატმოსფერო სწორედ ის ფაქტორებია, რის გამოც სტუმრები ჩვენთან კვლავ და კვლავ ბრუნდებიან.
ჩვენი ბიზნესი მთლიანად საოჯახოა – მე, ჩემი მეუღლე და უფროსი შვილები ერთობლივად ვმართავთ საქმიანობას. სწორედ იმ პერიოდში, როცა რესტორანი გაიხსნა, დაიბადა ჩვენი მეოთხე გოგონა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იგი ჩვილობიდანვე ამ გარემოში იზრდება და თავისებურად ისიც ჩართულია ყოველდღიურობაში (იღიმის). ეს პერიოდი ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო – ახალგახსნილი რესტორანი და მეოთხე შვილის დაბადება. თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ღირსეულად გავუმკლავდი და დღეს ვარ ბედნიერი, მრავალშვილიანი დედა.განსაკუთრებულად მსურს აღვნიშნო ჩემი დედამთილის მხარდაჭერა – მის გარეშე ყველაფერი გაცილებით რთული იქნებოდა. ის დღემდე ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევს ბავშვების აღზრდის პროცესში.
-რატომ ,,ალავერდი” – როგორ შეარჩიეთ რესტორნის სახელი და როგორ რეაგირებენ სტუმრები?
-სახელის შერჩევა უკავშირდება ქართულ სუფრასა და მის ტრადიციებს -კერძოდ კი სადღეგრძელოს გადაცემის კულტურას. „ალავერდი“ წარმოადგენს ქართული სუფრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს – ეს არის ყველასთვის ნაცნობი რიტუალი. ამასთანავე, ეს სიტყვა უცხოელებისთვისაც საკმაოდ ჰარმონიულად და მარტივად წარმოსათქმელად ჟღერს, რაც მის მიმართ დამატებით ინტერესს იწვევს. ჩვენ ყოველთვის ვუხსნით სტუმრებს როგორც რესტორნის სახელის მნიშვნელობას, ისე სხვა ქართულ ტრადიციებს. პოლონელებს ძალიან აინტერესებთ ქართული კულტურა – ზოგმა მათგანმა ქართული სადღეგრძელოებიც კი დაიმახსოვრა (იღიმის).

რესტორანი ,,ალავერდი”
-ყოფილა შემთხვევა, როცა სტუმრებს ჰქონდათ მცდარი წარმოდგენა ქართულ სამზარეულოზე?
-დიახ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სტუმრებს ეგონათ, რომ ქართულ სამზარეულოში ყველა კავკასიური კერძი შედის. ხანდახან ითხოვენ კერძებს, რომლებიც არ ეკუთვნის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს. ასეთ დროს ყოველთვის ვუხსნით, რომ ჩვენი რესტორანი ეფუძნება მხოლოდ ქართულ, კერძოდ კი მეგრულ სამზარეულოს – ოჯახურ და ავთენტურ გემოს. მომხმარებელს ვთავაზობთ ნამდვილ ქართულ ოჯახურ სუფრას, იმავე დამოკიდებულებით, რაც დამახასიათებელია საქართველოს ნებისმიერ სტუმართმოყვარე ოჯახისთვის. ჩემი მეუღლე აქტიურად არის ჩართული სტუმრების მასპინძლობაში – ესაუბრება მათ, უზიარებს ქართულ ტრადიციებს და კულტურულ გამოცდილებებს.
-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები – ხომ არ გეგმავთ გაფართოებას?
-ჩვენი რესტორანი უკვე კარგად არის ცნობილი არა მხოლოდ ლოძში, არამედ მიმდებარე ქალაქებშიც. ხშირად გვსტუმრობენ სხვადასხვა რეგიონებიდან. ამან წარმოშვა იდეა, რომ გავხსნათ ფილიალები სხვა ქალაქებში. მიუხედავად ინტერესისა ქსელის გაფართოების მიმართ, ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ფილიალების გახსნისგან, რადგან არსებობს შიში, რომ რამდენიმე ობიექტში ვერ უზრუნველვყოფთ იმ ოჯახური და ავთენტური გარემოსა და გემოს სტანდარტს, რაც ჩვენი მთავარი ღირებულებაა.თუმცა,ეს გეგმა უკვე ჩაწერილია ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიაში.
-ემიგრაციაში ცხოვრებასთან ხშირად მარტოსულობის განცდაც ახლავს. თქვენ როგორ გაუმკლავდით ამ გრძნობას?
-მარტოსულობის განცდა ემიგრაციაში არ მქონია. ალბათ იმიტომ, რომ მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი – შვიდი წლის ვიყავი, როცა დევნილობის გზა გავიარე. ვფიქრობ, მაშინ, იმ რთულ პერიოდში, უკვე გადავხარშე ყველაფერი, რასაც ჰქვია საყვარელი ადგილების დატოვება და საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა. ამ გამოცდილებამ თითქოს ამოწურა ის ემოცია, რაც შეიძლება დღეს ადამიანმა იგრძნოს სამშობლოსგან შორს ყოფნისას. ამას ემატება ბევრი სხვა პოზიტიური ფაქტორი: პოლონეთში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ – მყავს ქმარი, შვილები, ოჯახის სხვა წევრებიც ხშირად გვსტუმრობენ ან ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. ამას გარდა, ამ ქალაქმა და ქვეყანამ, ასევე პოლონელმა ხალხმა ძალიან თბილად მიმიღეს. თავს შინაურად ვგრძნობ.
-როგორ მოახერხეთ, რომ თქვენს შვილებს ქართული იდენტობა შეენარჩუნებინათ?
-ჩვენი დამოკიდებულება ქართულ კულტურასთან ძალიან ცხადად გადაეცემა შვილებს – იქნება ეს სამზარეულო თუ სხვა ტრადიციები და წესები. ვფიქრობ, ისინი იდენტობას არ დაკარგავენ, სადაც არ უნდა იყვნენ. მაგალითად, ჩვენი დამოკიდებულება სტუმრებთან მიმართებით უკვე ძალიან ბუნებრივად გადაედოთ – იციან, რომ პირველ რიგში ადამიანი უნდა დააფასო. თუნდაც ვინმეს ხასიათი ცუდი ჰქონდეს, უნდა სცადო გაიგო, რატომ არის ასე, დაეხმარო და გვერდით დაუდგე. ჩემი სურვილია, რომ ჩემს შვილებს შეეძლოთ ადამიანების თვალებში სევდისა და სიხარულის ამოცნობა. ვასწავლი, რომ ყველა ადამიანი თანასწორია – ეს ყველაზე ღირებული გაკვეთილია.
-რა რჩევას მისცემდით ქალებს, რომლებიც ემიგრაციაში საკუთარ თავს ეძებენ?
-ქალებს ვურჩევ, რომ რაც არ უნდა იყოს მოტივაცია – შვილი, ოჯახი, ახლობლები – უპირველესად საკუთარი თავი გაიხადონ მიზნისკენ სვლის წყაროდ. უნდა იპოვონ თავიანთი სურვილები, იბრძოლონ თვითგანვითარებისთვის. შეუძლებელი არაფერია, თუ ზუსტად იცი, რა გინდა. რა თქმა უნდა, გზაზე შეგხვდებათ სირთულეები, მაგრამ შრომით ყველაფერი შესაძლებელი ხდება. თუ სხვისი ხათრით საკუთარ სურვილებზე უარს იტყვი, ცხოვრება აუცილებლად დაგჩაგრავს. ამიტომ მხოლოდ წინ – შენს გზას უნდა მიჰყვე.
-თუ ერთ დღეს საქართველოში დაბრუნება მოგიწევთ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საქმიანობა იქ?
-თუ საქართველოში დაბრუნება მომიწევს, ალბათ ჩემს ბავშვობის ოცნებას ავიხდენ და ჩაის სახლს გავხსნი. ყოველთვის მინდოდა რაღაც მსგავსი, თბილი, სიმყუდროვით სავსე ადგილი მქონოდა. მართალია, ეს ოცნება პოლონეთში დიდი რესტორნის სახით უკვე ახდა, მაგრამ ჩაის სახლის იდეა მაინც განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის (იცინის).

რესტორანი ,,ალავერდი”
-დღეს წარმატებით მართავთ ოჯახურ რესტორანს პოლონეთში. რას ნიშნავს თქვენთვის ეს წარმატება?
-არ ვთვლი, რომ სრულ წარმატებას მივაღწიე – ეს ალბათ უკეთ ითქმება, როგორც გამარჯვების განცდა. თუმცა ეს გამარჯვება მხოლოდ ჩემი არ არის – ეს ყველას დამსახურებაა, ვინც ახლა ჩვენს სამზარეულოში, მიმღებში, ან სადღაც დარბაზში პოლონელ სტუმრებს მასპინძლობს. ეს ერთობლივი შრომის შედეგია და სწორედ ამაშია ჩემი მთავარი სიამაყე.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება