9 ივნისს ვარშავაში გაიმართა ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის შეხვედრა პოლონელ და ქართველ მკითხველებთან. ღონისძიება შედგა წიგნის პოლონური თარგმანის — „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ — გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ. შეხვედრას თარგმნიდა ქართველოლოგი და მთარგმნელი მაგდა ნოვაკოვსკა, რომელმაც სწორედ ამ ნაწარმოების პოლონურად თარგმნა უზრუნველყო.

საღამო განსაკუთრებული ინტერესით წარიმართა — დამსწრეთა შორის იყვნენ როგორც ლიტერატურის მოყვარულები, ასევე პროფესიული წრის წარმომადგენლები. „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ პოლონეთში უკვე აღიარებულია როგორც წლის ერთ-ერთი საუკეთესო თარგმანი, რაც მკითხველთა გამოხმაურებებით და შეხვედრაზე დამსწრეთა რაოდენობითაც დასტურდება.
თამთა მელაშვილმა ისაუბრა წიგნის შექმნის ისტორიაზე, მთავარი გმირის — ეთეროს — ხასიათსა და იმ სივრცეზე, სადაც რომანის მოქმედება ვითარდება. ავტორმა განმარტა, რომ მოქმედების ადგილად არჩეულია ერთი პატარა, კონსერვატიული ქართული ქალაქი, სულ 2000-მდე მცხოვრებით, რომელიც ქართულ ლიტერატურულ რუკაზე თითქმის არც არსებობს — ადგილი, სადაც თავად გაატარა ცხოვრების 16 წელი. თუმცა, ნაწარმოებში ეს ადგილი არ სახელდება, რაც, მწერლის სიტყვებით, მკითხველს საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვროს, სად ვითარდება ამბავი — იქნებ მის სოფელში, ან თუნდაც პოლონეთში. ავტორი ცდილობს, რომ მკითხველმა ის ადგილი, რომელსაც გულისხმობს, საკუთარ რეალობად აქციოს. ეს ქალაქი ბევრის ქალაქად შეიძლება გადაიქცეს.

რომანის მთავარი გმირი — ეთერო — ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივი, თითქოს უჩინარი ქალია. იგი შუახნის ასაკისაა და მიყვება ყოველდღიურ რუტინას, რომლის მიღმაც თითქოს არაფერია საინტერესო. თუმცა, ავტორის წერის სტილი — რომელიც მთლიანად გმირის შინაგან მონოლოგზეა აგებული — ნაწარმოებს განსაკუთრებულობასა და ინტიმურობას სძენს. ეს არის დიალოგი საკუთარ თავთან, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, ღრმად ჩაწვდეს ეთეროს ფიქრებს, განცდებსა და შიშებს.
მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი ვითარდება პატარა ქართულ პროვინციაში, ეთეროს პიროვნება გაცილებით ფართო სივრცეს მოიცავს — ის უნივერსალურია. მწერლის თქმით, გმირი არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ კულტურას ან გეოგრაფიას. მასში საკუთარი თავის ამოცნობა შეუძლიათ სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ფენის წარმომადგენლებს. ნაწარმოებში წამოჭრილი თემები — ქალის ხილვადობა, სიჩუმე, იდენტობის ძიება — არ არის მხოლოდ საქართველოსთვის აქტუალური. მელაშვილის პროზა აღრმავებს დისკუსიას ადამიანური გამოცდილების უნივერსალურ მხარეებზე.
შეხვედრაზე მწერალმა ასევე ისაუბრა საკუთარ ურთიერთობაზე ეთეროსთან და იმაზე, თუ როგორ დაეხმარა ეს გმირი თვითგაგებაში. ავტორისთვის მნიშვნელოვანი იყო, გაჟღერებულიყო ახალი ხმა, რომლებიც ლიტერატურასა და კინოში
თითქმის არ ისმის — 40 წელს გადაცილებული ქალები, რომლებიც საზოგადოებრივ დისკურსში ხშირად დაკარგულები არიან, მათი ხმა არ ჟღერს. ეს იყო ერთგვარი გზავნილი თავად ავტორის საკუთარ თავთან — რომ ცხოვრება არ მთავრდება შუახნის ზღვარზე, პირიქით, ის სწორედ მაშინ შეიძლება დაიწყოს სხვანაირად.
„პერიფერიული ხმა“ და ლიტერატურული ენაზე მოთხოვნის ცვლილება
მელაშვილი ხშირად აწყდება კრიტიკას მისი ენის გამოყენების გამო — ზოგი მიიჩნევს, რომ მისი სტილი ზედმეტად უშუალოა, ზოგჯერ კი ვულგარულიც. ავტორი არ ერიდება თამამი სცენების ღიად აღწერას საკმაოდ ნატურალისტური სტილით, რაც სიახლეა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში, მწერლის მხრიდან კი საკმაოდ გაბედული ნაბიჯი, თუმცა თავად ავტორი ამას ლიტერატურულ ფორმად განიხილავს — ახალი ენის ძიებად, რომელიც გამოდის დომინანტური და სტანდარტული ფორმების ჩარჩოებიდან. იგი მიზანმიმართულად ირჩევს ხისტ ენას და ამით ცდილობს ლიტერატურას შემატოს მეტი სიფერადე და მრავალფეროვნება.
„მომწონს პერიფერიული, მარგინალური ხმები. ლიტერატურაშიც და რეალურ ცხოვრებაშიც. მეც პერიფერიული ხმა ვარ და ამ პოზიციაში თავს კომფორტულად ვგრძნობ,“ — აღნიშნა მელაშვილმა.
მკითხველთა ინტერესი, ავტორის თქმით, ამტკიცებს, რომ სწორედ ეს მრავალფეროვნება და გულწრფელობა იქცა მისი ტექსტების ყველაზე მიმზიდველ მხარედ.
თამთა მელაშვილის როგორც პიროვნებისა და მწერლის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფემინისტურმა თეორიებმა. ავტორი საუბრობს იმაზე, რომ აკადემიურმა სივრცემ — განსაკუთრებით გენდერული კვლევების სფეროში მიღებულმა გამოცდილებამ — მას სხვა თვალით დაანახა ქალების პრობლემები და დაარწმუნა, რომ მათზე უნდა ილაპარაკოს ღიად.
მიუხედავად ამისა, მელაშვილი ბოლო პერიოდში თითქმის ჩამოშორდა აკადემიურ საქმიანობას, ამან დიდი გავლენა მოახდინა მის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. როგორც თავად ამბობს, გააცნობიერა, რომ ის, რაც ყველაზე მეტად სურს, არის წერა — სწორედ ეს არის მისი ავთენტური გზა, რომლითაც შეუძლია სხვებამდე მიიტანოს სათქმელი. მისი აზრით, ასეთ გადაწყვეტილებებს ზოგჯერ გვიან, 40წლის შემდეგ ვიღებთ, მაშინ უფრო ზუსტად ვხვდებით, რომ უნდა ვაკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვსურს.
პოლიტიკა, ლიტერატურა და ბრძოლის საჭიროება
შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას შეეხო. როგორც მწერალმა აღნიშნა, პოლიტიკა არ არის განცალკევებული მოვლენა — ის ცვლის და განსაზღვრავს თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას. ამიტომაც, როგორც ხელოვანი და როგორც მოქალაქე, საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს აქტიურ მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში.
თამთა მელაშვილი უკვე 200 დღეზე მეტია, რაც პროტესტის აქტიური მონაწილეა. ის ხაზს უსვამს, რომ ქართველ ხალხს და მოქმედ ხელისუფლებას შორის ღირებულებრივი განსხვავება არსებობს:
ქართველი ხალხის მისწრაფებები მკვეთრად პროევროპულია. ისინი არ იბრძვიან მხოლოდ გეოპოლიტიკური კურსისთვის — იბრძვიან ადამიანურ ფასეულობებზე დაფუძნებული საზოგადოების შესაქმნელად.
საქართველომ სულ რაღაც 35 წლის წინ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მთელი ეს პერიოდი ქვეყანა იყო გაჯანსაღებისა და გათავისუფლების ფაზაში, რომელიც რეალურად დაიწყო ბოლო 5-10 წელია, როცა ასპარეზზე გამოვიდნენ მწერლები, პოეტები, რომლებსაც სურთ ახალი სიტყვის თქმა, ხმა გახდა უფრო მრავლამხრივი და ინტენსიური, გაფართოვდა არეალი , ჩარჩოებით შემოსაზღრული კაცის შეზღუდული პოზიცია აღარ არის საინტერესო, და სწორედ ახლა, ასეთ მნიშვნელოვან ფაზაში უწევს ქართულ ხელოვნებს რეჟიმთან ბრძოლა, რეჟიმში კი ლიტერატურა ვერ ყვავის.
მწერლის თქმით, დღეს, როდესაც ქართულ ხელოვნებას უწევს არსებობა შეზღუდვებსა და ცენზურის შიშის ფონზე, მწერლის ხმა გაცილებით მძაფრი და აუცილებელი გახდა. ლიტერატურა, როგორც კრიტიკული სივრცე, ერთ-ერთ ბოლო ბასტიონად რჩება რეჟიმთან დაპირისპირების პირობებში. მიუხედავად ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის შიშისა, თამთა მელაშვილი გამოირჩევა თავისი თამამი, გაბედული და გულწრფელი პოზიით.
შეხვედრაზე მწერლის მთავარი გზავნილი მკითხველთან იყო ის, რომ ქართველი ხალხის სურვილები და მისწრაფებები ძალიან განსხვავდება არალეგიტიმური მთავრობის კურისსგან და დამოკიდებულებებისგან, განსაკუთებით გაუსვა ხაზი იმას, რომ ქართველი ხალხის ღირებულებები და დამოკიდებულებები არის მკვეთრად პროევროპული !
შეხვედრა დასასრულს კითხვა-პასუხით გაგრძელდა და ცოცხალი დისკუსიით დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თამთა მელაშვილის ხმა პოლონეთში უკვე ცნობადი და მნიშვნელოვანი გახდა თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში.
ავტორის შესახებ
თამთა მელაშვილი — თანამედროვე ქართველი მწერალი, ცნობილი თამამი, ექსპერიმენტული სტილით და სოციალურ საკითხებზე ფოკუსირებული პროზით. მისი დებიუტი რომანი „გათვლა“ (2010) მალე გახდა კულტურული დისკუსიის საგანი და უცხოურ ენებზეც ითარგმნა. მეორე რომანი „აღმოსავლეთით”, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ხოლო „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ ავტორის მესამე რომანია, რომელიც 2021 წელს გამოსვლისთანავე დაიმკვიდრა ადგილი როგორც ქართულ, ისე უცხოურ ლიტერატურულ სივრცეში. მელაშვილი აქტიურად ჩართულია სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობებში და მკაფიოდ გამოხატავს თავის მოქალაქეობრივ პოზიციას.
ავტორი: შორენა მელქუაშვილი.
კომენტარის დატოვება