7 ივნისს ვარშავის ქუჩები აივსო ფერადოვანი კოსტიუმებით, მუსიკითა და ხელოვნებით — პოლონეთის დედაქალაქმა მეოთხედ უმასპინძლა „ქალთევზას მარშს“ (Parada Syrenki), რომელიც ყოველწლიურად ერთგვარი დღესასწაულია ვარშაველებისთვის. შეიკრიბა ასობით ადამიანი იმისათვის, რომ აღნიშნოს ქალაქის ყველაზე ლეგენდარული სიმბოლოს — ვარშავის ქალთევზას — ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა.

​Fot. Kuba Atys / Agencja Wyborcza.pl

ქალთევზა — ვარშავის მფარველი

ვარშავის სიმბოლო — Syrenka, ანუ ქალთევზა ხმლითა და ფარით ხელში — ქალაქის გერბზეა გამოსახული და მას ხშირად „ვარშავის მფარველსაც“ უწოდებენ. მაგრამ საიდან მოდის ეს სახე?

არსებობს რამდენიმე ლეგენდა, თუმცა ყველაზე პოპულარული მათგანი გვიყვება ორ დაზე — ქალთევზებზე, რომლებიც ბალტიის ზღვიდან წყლით იმოგზაურეს. ერთ-ერთი მათგანი დასახლდა დანიაში (სწორედ აქ დგას ცნობილი “პატარა ქალთევზის” ქანდაკება კოპენჰაგენში), მეორე კი — ვისტულას მდინარის ტალღებში, იმ ადგილას, სადაც ახლა ვარშავის ძველი ქალაქია.

ლეგენდის მიხედვით, ქალთევზა ხშირად ამოდიოდა წყლიდან და თავის მომაჯადოვებელი ხმებით მეთევზეებს იზიდავდა. ისინი, მოჯადოებულნი მისი სიმღერით, არ თევზაობდნენ — მხოლოდ უსმენდნენ. თუმცა, ერთხელ ერთი მდიდარი ვაჭარი ეცადა ქალთევზის დატყვევებას და სანახაობად გაყიდვას. მეთევზეებმა ხმაური გაიგეს და ქალთევზა გაათავისუფლეს. მან აღუთქვა მადლიერებით, რომ მუდამ დაიცავდა ქალაქს, როცა კი საფრთხე დაემუქრებოდა. სწორედ ამიტომ, ვარშავის სირენა ყოველთვის გამოსახულია ხმლითა და ფარით, მზად ქალაქის დასაცავად.

ხელოვნება ქუჩაში: მარში, როგორც ცოცხალი ლეგენდა

სწორედ ამ ლეგენდაზე დაყრდნობით, „ქალთევზას მარში“ ყოველწლიური დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, თეატრს, მუსიკას და საზოგადოებას. წელს მარშში მონაწილეობდა 20 ქალთევზა, რომლებიც ვარშავის სხვადასხვა რაიონმა დაამზადა და დეკორატიულ პლატფორმებზე წარადგინა. მსვლელობის მარშრუტზე მოეწყო თეატრალური წარმოდგენები, ქუჩის ცეკვები, კარნავალი და მუსიკალური შოუები.

ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო პერფორმანსი კოპერნიკის ძეგლთან, სადაც მაყურებელმა იხილა სამბას ცეკვები და ქუჩის თეატრი. ღონისძიება დასრულდა სიმღერითა და ცეკვით სასტუმრო ბრისტოლის წინ — ქალაქის ცენტრში, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ებმის.

ქალთევზას მარში არ არის მხოლოდ მხიარული სანახაობა. ესაა ერთგვარი ცოცხალი ლეგენდა — ქალაქის კოლექტიური მეხსიერება, რომელიც ახალ თაობებს უყვება თავიანთი ადგილის მნიშვნელობაზე. მარში აერთიანებს ისტორიას და თანამედროვეობას, ამ მარშში მონაწილეობით, მოქალაქეები ამ იდენტობას ითვისებენ და აცოცხლებენ.

სოციალური მნიშვნელობა

მსგავსი ტიპის მარშებს დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალური აქტიურობის კუთხით, ის მოითხოვს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობას:

რაიონული გამგეობები ამზადებენ პლატფორმებს, თეატრალური და მუსიკალური კოლექტივები გამოდიან ქუჩებში, მოქალაქეები აქტიურად ერთვებიან როგორც მაყურებლები, ისე მონაწილეები. ეს ყველაფერი ქმნის კოლექტიურ ძალისხმევას, რაც ამყარებს საზოგადოებრივ ერთობასა და მიკუთვნების გრძნობას.

კულტურული ინტეგრაცია და ინკლუზიურობა

ღონისძიება ყველასთვის ღიაა — არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, ეროვნებას, სქესს თუ სოციალურ ფონს. ამით მარში ხელს უწყობს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნების მიღებას. მაგალითად, ვარშავაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებიც აქტიურად ერთვებიან, რაც ხაზს უსვამს, რომ ქალაქი ყველას ეკუთვნის. ერთდღიანი მარში ქუჩას გადააქცევს არამხოლოდ მოძრაობის სივრცედ, არამედ კულტურის, შეხვედრებისა და კრეატიულობის ადგილად. ამგვარი ტრანსფორმაცია აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი სივრცე მხოლოდ ტრანზიტისთვის არ არსებობს — მას შეუძლია ემსახუროს სოციალურ ინტეგრაციას და თვითგამოხატვას.

სირენას მარში ვარშავაში არის ბევრად მეტი, ვიდრე ფერადი ქუჩის კარნავალი. იგი აძლიერებს სოციალურ ქსოვილს, აღვივებს მეხსიერებას, და აგრძელებს საზოგადოებრივ დიალოგს იმაზე, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და როგორ შეგვიძლია ვიყოთ ერთად — როგორც ქალაქი და როგორც საზოგადოება.

ავტორი: შორენა მელქუაშვილი.