თამთა მელაშვილი – ქართველი ავტორი, მკვლევარი და ფემინისტი აქტივისტი – თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ,,მწერლის” იარლიყის მორგება არ ეადვილება და ტერმინ ,,ავტორს” ანიჭებს უპირატესობას. მელაშვილის შემოქმედება ხშირად აერთიანებს ლიტერატურულ ექსპერიმენტს, სოციალური წახნაგების სიმწვავეს და გენდერული პერსპექტივით გამდიდრებულ ნარატიულ სტრუქტურას.

ფოტოზე: თამთა მელაშვილი
ფოტოს ავტორი: ნატა სოფრომაძე
მელაშვილი დაიბადა 1979 წელს. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ხოლო 2008 წელს დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენდერული კვლევების მაგისტრატურა. 2009 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიატადაც იქცა. მისი ლიტერატურული საქმიანობა აქტიურად დაიწყო გერმანიაში, როდესაც ემიგრაციაში ყოფნისას წერა მონატრებასა და შიდა გადააზრებაზე იქცა პასუხად.
მისი პირველი ნაწარმოები, მოთხრობა „ერთი და ორი“, ვებ-პორტალ lit.ge-ზე გამოქვეყნდა და 2006 წლის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ტექსტი ანთოლოგიაში „15 საუკეთესო“ გამოიცა და მელაშვილის სახელს ლიტერატურულ ველზე პირველად მიანიჭა ფართო აღიარება. მწერლის პირველი რომანი, „გათვლა“ (2010), ქართულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი მოვლენად იქცა. მას შემდეგ რომანმა მოიპოვა არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის – ლიტერატურული პრემია „საბა“ (2011) და გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის პრემია Deutscher Jugendliteraturpreis (2013). ამ რომანს მოჰყვა „აღმოსავლეთით“ (2015), ხოლო მისი ბოლო ნაწარმოები, „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (2021), მწერლის შემოქმედების მნიშვნელოვანი გაგრძელებაა.მელაშვილის ნაწარმოებებში მუდმივად იგრძნობა მარგინალიზებული ქალის ხმა – ფოკუსი, რომელიც მისი ლიტერატურული სტრატეგიის ცენტრალურ ღერძად ჩამოყალიბდა.
„შაშვი, შაშვი, მაყვალი“ პოლონურად 2023 წელს ითარგმნა და მკითხველს ქართულიდან პოლონურ ენაზე მაგდალენა ნოვაკოვსკას თარგმანით მიეწოდა. ნოვაკოვსკა – ქართველოლოგი, ანთროპოლოგი და პროფესიონალი მთარგმნელი – აქტიურად მუშაობს როგორც მხატვრული, ასევე სამეცნიერო ტექსტების თარგმნაზე და მისი შრომა უკვე აღიარებულია ორივე ქვეყანაში.
მელაშვილის რომანი პოლონეთში შეფასდა, როგორც მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა და წლის ერთ-ერთ გამორჩეულ თარგმანადაც დასახელდა. რომანის მთავარი პერსონაჟი ეთერო – შუახნის ქალი პროვინციიდან – საკუთარ ცხოვრებაში ტრანსფორმაციისა და შინაგანი სიძლიერის გზას გადის. მელაშვილი, ამ პერსონაჟის მეშვეობით, მრავალწახნაგოვან წარმოდგენას გვთავაზობს ქალის პოზიციასა და სოციალურ ფუნქციებზე, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ გლობალურ ლიტერატურულ კონტექსტშიც.წიგნის პოლონური თარგმანის პრეზენტაცია ვროცლავში, დიასპორული ასოციაცია „საქართველოს“ ორგანიზებით, 2025 წლის 28 მარტს გაიმართა ქართულ ბიბლიოთეკაში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო წიგნის დაახლოებით 20 ეგზემპლარი.

თამთა მელაშვილის წიგნის ,,შაშვი, შაშვი, მაყვალის” პოლონური თარგმანის პრეზენტაცია
მელაშვილი პოლონეთში ვიზიტს აგრძელებს და 2025 წლის ივნისში დაგეგმილია მისი შეხვედრები მკითხველებთან ქალაქ რადომში (8 ივნისი,17:30 საათზე, Miejska Biblioteka Publiczna w Radomiu) და ქალაქ ვარშავაში (9 ივნისი,19:00 საათზე Nowy Teatr). ორივე ღონისძიება ჩატარდება მთარგმნელებთან – ვაჟა გაფრინდაშვილთან და მაგდა ნოვაკოვსკასთან – ერთად. შეხვედრები ითვალისწინებს დისკუსიას, კითხვა-პასუხის ფორმატსა და ტექსტის წაკითხვას ორ ენაზე.
თამთა მელაშვილის პოლონური ტურნე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ლიტერატურის საერთაშორისო წარმოჩენის კუთხით. მისი შემოქმედება – მკაფიო გენდერული თვალსაზრისით, სტილისტური სიზუსტითა და სოციოკულტურული რეფლექსიით – მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართულ-პოლონურ ლიტერატურულ თანამშრომლობში.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება