ევროპული სოლიდარობის კორპუსი (ESC – European Solidarity Corps) ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს შესაძლებლობას, მიიღონ მონაწილეობა სოციალური მნიშვნელობის პროექტებში ევროპის მასშტაბით. პროგრამა მიმართულია არა მხოლოდ მოხალისეობრივი აქტივობების განხორციელებაზე, არამედ ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზეც.

გთავაზობთ ინტერვიუს ანა როგავასთან, ESC-ის ერთ-ერთ მონაწილესთან, რომელმაც პოლონეთში გაატარა თავისი მოხალისეობრივი საქმიანობის პერიოდი და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიზიარებს პროექტის გავლენას საკუთარ ცხოვრებაზე.

-როგორ შეიტყვეთ ESC – European Solidarity Corps პროგრამის შესახებ და რამ განგაწყოთ მონაწილეობისთვის?

-პროექტის შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყვე გამგზავნი ორგანიზაციის სოციალური ქსელის მეშვეობით – ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს შესაძლებლობა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ეს იყო უნივერსიტეტის დამთავრების ეტაპი და სტანდარტული პროფესიული გაგრძელება დიდად მიმზიდველი არ მეჩვენებოდა. მინდოდა განსხვავებული გამოცდილება. ESC აღმოჩნდა სწორედ ის შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებდა ჩემს იმდროინდელ ყველა მიზანს: ცხოვრება უცხო ქვეყანაში, მუშაობის გამოცდილება მრავალფეროვან, საერთაშორისო გარემოში, ახალი კულტურის გაცნობა და სოციალური აქტივობებში ჩართვა. პროექტი აღვიქვი როგორც თავგადასავლებით სავსე ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა ჩემს პიროვნულ განვითარებაზე.

– როგორ და სად გააკეთეთ განაცხადი და როგორ წარიმართა მიღების პროცესი?

 -განაცხადი წარვადგინე ონლაინ ფორმით, რომელშიც შევიტანე ჩემი CV და სამოტივაციო წერილი. ამის შემდეგ შედგა ონლაინ შეხვედრა მიმღებ ორგანიზაციასთან, რომელიც ძალიან მეგობრულ და კომფორტულ გარემოში მიმდინარეობდა. უნდა აღვნიშნო, რომ პროექტის ყველა ეტაპზე აშკარად იგრძნობოდა ორგანიზაციის მხრიდან მონაწილეებისადმი ზრუნვა.

– თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამებოდა თქვენი უნარები და გამოცდილება პროექტის მიზნებს?

-მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აკადემიური განათლება პირდაპირ არ უკავშირდებოდა პროექტის თემატიკას, პრაქტიკული გამოცდილება მქონდა ბავშვებთან მუშაობასა და სოციალური პროექტების განხორციელებაში, რაც სრულად შეესაბამებოდა პროექტის მიზნებს. მიმაჩნია, რომ ასეთ პროექტებში მონაწილეობისას გადამწყვეტია ემპათია, ენთუზიაზმი, პასუხისმგებლობა და ადაპტაციის უნარი.

-როგორ შეაფასებთ თქვენ მიერ შერჩეული პროექტის თემატიკასა და მიზანს?

– ჩემი პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებას არაფორმალური განათლების მეშვეობით. მისი სახელწოდება – Possibilities Know No Borders (შესაძლებლობებს საზღვრები არ გააჩნია) ზუსტად გამოხატავდა მის არსს: უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ბავშვს ექნებოდა შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის გაცნობიერებისა და თავდაჯერებულობის განვითარების. ჩემი როლი ორმაგი იყო – ერთი მხრივ, ვცდილობდი ბავშვებისთვის მოტივაციის წყარო ვყოფილიყავი, ხოლო მეორე მხრივ, ეს იყო ჩემთვის პიროვნული აღმოჩენების პერიოდი. ყოველდღიური შეხვედრები, საგანმანათლებლო თამაშები და საუბრები ქმნიდა სივრცეს ყველას განვითარებისთვის.

ბავშვებთან მუშაობის პროცესი

– რა სახის საქმიანობაში იყავით ჩართული და კონკრეტულად რა ფუნქციებს ასრულებდით საგანმანათლებლო დაწესებულებაში?

-ვატარებდი არაფორმალურ გაკვეთილებს, სადაც ბავშვებს საქართველოს შესახებ ვაცნობდი, ვუწყობდი ხელს ინგლისური ენის შესწავლაში თამაშების, დიალოგებისა და შემოქმედებითი აქტივობების მეშვეობით. გარდა ამისა, ვგეგმავდით ვორქშოფებს, პრეზენტაციებსა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებს.

– როგორ შეაფასებთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ინტენსივობასა და მრავალფეროვნებას?

-პროექტის ფარგლებში ყოველდღიური საქმიანობა საკმაოდ ინტენსიური და მრავალფეროვანი იყო. მუშაობა საერთაშორისო გუნდში და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ყოველი დღის ახალ და მნიშვნელოვან გამოცდილებად მყარდებოდა. პარალელურად ვეცნობოდი პოლონურ კულტურას, ტრადიციებსა და ენას, რაც აძლიერებდა ჩემს კულტურულ მგრძნობელობასა და კომუნიკაციის უნარებს. განსაკუთრებით ღირებული იყო პრაქტიკული საქმიანობა – სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობა, რაც მოითხოვდა მიდგომების მორგებას მათი საჭიროებების შესაბამისად.

– გქონდათ თუ არა შესაძლებლობა შეგესწავლათ პოლონური ენა და კულტურა და როგორ აისახა ეს ინტეგრაციის პროცესზე?

-პოლონური ენისა და კულტურის შესწავლა ჩემი გამოცდილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ნაწილი.ენის სწავლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ინტეგრაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოლონური საბაზისო დონეზეა, იმ ფაქტმა, რომ კულტურას პატივისცემითა და გულწრფელი ინტერესით ვეკიდებოდი, მნიშვნელოვნად გაამარტივა ჩემი კომუნიკაცია ადგილობრივებთან და დამეხმარა კულტურული ბარიერების დაძლევაში.ვფიქრობ, ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი ფორმალური ცოდნა კი არა, არამედ მცდელობა იყო – რომ მესაუბრა პოლონურად, დავკვირვებოდი მათ ყოველდღიურობას, ტრადიციებს, და, რაც მთავარია, ვცდილობდი გავმხდარიყავი ამ ყველაფრის ორგანული ნაწილი.ეს პროცესი არა მხოლოდ უცხო გარემოში ინტეგრირების გამოცდილებად იქცა, არამედ მნიშვნელოვნად გამზარდა როგორც ადამიანი -უფრო მეტად მგრძნობიარე და ლოიალური განსხვავებულობის მიმართ.

– როგორ წარიმართა კომუნიკაცია მასპინძელ ორგანიზაციასა და სხვა მოხალისეებთან?

-მასპინძელი ორგანიზაცია თავიდან ბოლომდე ჩვენს გვერდით იდგა, მუდმივად ზრუნავდა და მხარს გვიჭერდა. რაც შეეხება სხვა მოხალისეებს, ეს იყო ერთგვარი „პატარა ევროპა ერთ სახლში“ (იცინის) –  ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები ერთად ვცხოვრობდით, ვიზიარებდით ყოველდღიურობას, ვსწავლობდით ერთმანეთის ენებს, კულტურასა და ტრადიციებს. ეს იყო ერთგვარი საერთაშორისო ოჯახი, რომელშიც სიხარულსა და მხარდაჭერას მუდამ ჰქონდა ადგილი.

– შეგექმნათ თუ არა სირთულეები პროგრამის განმავლობაში და როგორ გაუმკლავდით მათ?

-სირთულეები ნამდვილად არსებობდა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა – ჩაიკეტა სკოლები, გამკაცრდა სოციალური დისტანცირება და გაჩნდა გაურკვევლობა მომავლის შესახებ. ამ დროს განსაკუთრებით გამიჭირდა საყვარელი ადამიანების მონატრება. სწორედ ამ რთულ პერიოდში მივიღე განსაკუთრებული მხარდაჭერა ვროცლავში მცხოვრები ქართველებისგან. მათგან მიღებული სითბო და ყურადღება ჩემთვის ძალზედ ფასეული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე ველოსიპედით მოგზაურობა, რომელიც ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მაჩუქეს. ეს გახდა ახალი აღმოჩენების გზა და ერთობლივი თავგადასავალი პოლონეთში. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტად დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანაგრძნობა და მხარდაჭერა – განსაკუთრებით მაშინ, როცა შორს ხარ სახლიდან.

ანა როგავა – პოლონეთში,ველოსიპედით მოგზაურობის დროს

– გქონდათ თუ არა მენტორისა და კოორდინატორის მხარდაჭერა და როგორ უწყობდნენ ისინი ხელს თქვენს განვითარებას?

-დიახ, გვყავდა როგორც მენტორი, ასევე კოორდინატორი, რომელთა დახმარება ჩვენი ადაპტაციის პროცესში გადამწყვეტი იყო. ისინი გვაწვდიდნენ ინფორმაციას ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკულ ასპექტებზე, დაწყებული ტრანსპორტით სარგებლობით, დასრულებული კულტურული ნიუანსებით. მენტორის დახმარებით განსაკუთრებით გამიადვილდა ადგილობრივებთან ურთიერთობა. რეგულარული შეხვედრები და უკუკავშირი ხელს უწყობდა ნებისმიერ საკითხზე დროულ რეაგირებასა და ეფექტურ მოგვარებას.

– რა ტიპის ტრენინგებსა და სემინარებში მიიღეთ მონაწილეობა პროგრამის ფარგლებში?

-პროგრამის განმავლობაში აქტიურად ვიყავით ჩართული სხვადასხვა ტრენინგსა და სემინარში. პირველ ეტაპზე გავიარეთ შესავალი ტრენინგები, ინტერკულტურული სემინარები და ენის კურსები. ასევე მონაწილეობა მივიღე სემინარებში, რომლებიც ეხებოდა კულტურულ ინტეგრაციას, არაფორმალურ განათლებას, კონფლიქტების მართვასა და გუნდურ მუშაობას. ზოგიერთი სემინარი ჩვენი ორგანიზებული იყო, რაც განსაკუთრებით დიდ პასუხისმგებლობას ითხოვდა და პროფესიული განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა.

– როგორ შეცვალა ESC გამოცდილებამ თქვენი წარმოდგენები ევროპულ თანამშრომლობაზე, მოხალისეობაზე და საგანმანათლებლო სისტემებზე?

-ESC გამოცდილებამ ფუნდამენტურად გადამაფასებინა წარმოდგენები ევროპული თანამშრომლობის, მოხალისეობისა და საგანმანათლებლო სისტემების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ევროპული სტანდარტები არ არის მხოლოდ ფორმალობა, არამედ ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელი ასპექტებია, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში იგრძნობა.ძალიან საინტერესოა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიდგომები, ბავშვის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური მიღწევები.

რაც შეეხება მოხალისეობას, ეს არის საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანული ნაწილი. განსაკუთრებით მომწონს, თუ როგორ აერთიანებს სოციალურ პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმს. ESC-ის გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ევროპული ღირებულებები – დემოკრატია, თანასწორობა, ტოლერანტობა და სოლიდარობა – არ არის მხოლოდ ლოზუნგები, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტები უკეთესი საზოგადოების შესაქმნელად.

ქალაქი ვროცლავი

– თქვენი აზრით, რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა პროექტის განმავლობაში?

– ESC პროექტის ფარგლებში ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ლიდერული უნარების აღმოჩენა და რეალურ პირობებში გამოყენება. გავიაზრე, რომ ლიდერობა იმ  საერთო სივრცის შექმნაა, სადაც ადამიანები თავს თანაბრად ღირებულად გრძნობენ.ვისწავლე, რომ ნამდვილი ურთიერთგაგება ემპათიას, მოთმინებასა და კრეატიულობას ეფუძნება – განსაკუთრებით მაშინ, როცა ენის ბარიერები არსებობს. ბავშვებთან მუშაობამ დამანახა, რომ გულწრფელი ჟესტი და ღიმილი ხშირად მეტს ნიშნავს, ვიდრე სიტყვები.

ეს გამოცდილება იყო პიროვნული ზრდის ეტაპიც: გაურკვევლობისა და შეცდომების ფონზე გავიზარდე, გავხდი უფრო თავდაჯერებული და მოქნილი. დავინახე, რომ ჩემი კრეატიულობა და ადაპტაციის უნარი არა მხოლოდ პიროვნული, არამედ პროფესიული ძალაა.

– როგორ აისახა ESC გამოცდილება თქვენს პროფესიულ განვითარებაზე?

-ESC-ის გამოცდილებამ ჩემი პროფესიული ხედვა სრულად შეცვალა. პიროვნულად გავხდი უფრო მოქნილი, ტოლერანტული და კრიტიკულად მოაზროვნე.განსხვავებულ კულტურულ გარემოში ცხოვრების და მუშაობის გამოცდილებამ გამომიმუშვა უნარები, რომლებიც ნებისმიერ პროფესიულ სივრცეში მეხმარება -ტექნიკური ცოდნის გარდა, ესაა ემოციური ინტელექტი და კულტურათაშორისი კომუნიკაცია.

დღეს ჩემი ყველა პროფესიული გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ღირებულებებს, რაც ამ გამოცდილებამ ჩამომიყალიბა – ღიაობა, ინოვაცია და სოციალური პასუხისმგებლობა. ახლა ვიცი, რომ ნებისმიერ გარემოში შემიძლია ვიმუშაო თავდაჯერებულად, კრეატიულად და ეთიკურად – და ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც ამ პროექტმა მომცა.

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ESC პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობაზე ფიქრობენ?

-უბრალოდ – გაბედეთ. ეს არის ის გამოცდილება, რომელიც პოზიტიურ გავლენას მოახდენს თქვენს ხედვაზე, ფასეულობებსა და მომავალზე. სამყარო ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ჩვენი კომფორტის ზონა . ენდეთ ამ თავგადასავალს – ნამდვილად ღირს.

ავტორი: ნათია ქიმაძე