საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, წელსაც მნიშვნელოვანი თარიღია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვისაც. ემიგრაციაში ეს დღე კიდევ უფრო ემოციური ხდება – აძლიერებს კავშირს სამშობლოსთან და წარმოსახვითად აერთიანებს საქართველოსთან დაკავშირებულ ადამიანებს. Kartuli.News-ზე ვაქვეყნებთ წერილებს, რომლებიც სწორედ ამ განცდას ასახავს. მათ გვიგზავნიან ქართველი ემიგრანტები და პოლონელი მეგობრები – ადამიანები, რომლებსაც საქართველოსთან მჭიდრო ემოციური ან პირადი კავშირი აქვთ.
ეს არ არის მხოლოდ მილოცვები; ეს არის დამოკიდებულება თავისუფლებაზე, ურთიერთპატივისცემაზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც ორ კულტურას აკავშირებს. წაიკითხეთ გზავნილები, სადაც გაერთიანებულია გულწრფელი ემოცია, მოქალაქეობრივი პოზიცია და მეგობრობის ძალა საზღვრებს მიღმა.

ადამ ნავიკი, პოლონეთი: ძვირფასო ქართველო მეგობრებო 26 მაისი არის სიმბოლო დაუმორჩილებლობისა, ღირსებისა და თავისუფლებისკენ მუდმივი სწრაფვისა. როგორც პოლონელი, რომელსაც აქვს ბედნიერება იცნობდეს საქართველოს, მინდა დაგიდასტუროთ ღრმა პატივისცემა და გულწრფელი აღფრთოვანება იმ გამბედაობის და სიმტკიცის, რომელსაც ქართველები წლების განმავლობაში ამჟღავნებენ. დღეს, როდესაც თქვენ აღნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს, გულით გიერთდებით არა მხოლოდ როგორც მეგობარი ერის წარმომადგენელი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც პატივს სცემს თავისუფალ მოქალაქეს, რომელსაც არ ეშინია საკუთარი ხმის ამოღების. სოლიდარობას ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღეს აერთიანებს სამოქალაქო აქტიურობას – ვინც თავისუფალი მომავლისთვის, სამართლიანობისთვისა და უკეთესი ქვეყნისთვის იმყოფება ქუჩებში. მათი სიმამაცე ღირსია არა მხოლოდ შიდა აღიარებისა, არამედ საერთაშორისო თანადგომისა. გისურვებთ, რომ თქვენი თავისუფლება იყოს ღრმა და დაცული; თქვენი სახელმწიფო – დემოკრატიული.გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს!
თაია მალხაზიშვილი, პოლონეთი : დღეს 26 მაისია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს თარიღი თითოეული ქართველისთვის დაკავშირებულია ეროვნულ თვითშეგნებასთან, წარსულის გააზრებასთან და მომავლის იმედთან. როგორც ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას სამშობლოსგან მოშორებით ატარებს, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ საჯაროდ გამოვხატო ჩემი აზრი.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს დამოუკიდებლობას ვზეიმობთ, საქართველოში კვლავ გრძელდება ბრძოლა დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანთა უფლებების დასაცავად.დამოუკიდებლობის იდეა მხოლოდ სიმბოლოებით არ შემოიფარგლება – ის უკავშირდება კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც დღესაც იბრძვიან თავისუფლებისთვის. მათ შორის არიან პოლიტპატიმრებიც, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს ციხეში ხვდებიან. ეს მძიმე რეალობაა. მხარს ვუჭერ ყველა მოქალაქეს, ვინც იცავს საკუთარ უფლებებს და მიაჩნია, რომ ქვეყნის მომავალი უნდა განისაზღვროს თავისუფალი და სამართლიანი გზით. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას და იმედს ვიტოვებ, რომ ქვეყნის მართვის პრინციპები თანხვედრაში იქნება სამართლიანობასთან და გამჭვირვალეობასთან. დამოუკიდებლობა არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი სტატუსია, არამედ ყოველდღიური პასუხისმგებლობაც – მის დასაცავად, შიგნითაც და გარეთაც.
ნანა ხუჭუა, პოლონეთიუკვე: 7 წელია, რაც პოლონეთში ვცხოვრობ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – ეროვნულ დღესასწაულს, რომელსაც ყოველწლიურად 26 მაისს აღვნიშნავთ – ჩემი ფანჯრიდან ქართული დროშა ფრიალებს. ამ დღეს სიამაყესთან ერთად გულში დიდ სევდას და მონატრება ვგრძნობ. მადლიერი ვარ ამ ქვეყნის, მაგრამ ვიცი, საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები!
,,გმირებით სავსე სამშობლო, მხარევ, დღეს გამარჯვების გულით მღელვარევ – იდიდე!”

ფოტოზე: ნანა ხუჭუა
ლიდია ნივინსკა, პოლონეთი: დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით – თბილი მოკითხვა ყველა ქართველს! დაე, ეს დღე იყოს თავისუფლების, გახსნილობისა და ევროპული საზოგადოების ნაწილად ყოფნის სიამაყის სიმბოლო. გისურვებთ თანასწორობაზე, ტოლერანტობასა და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებას – სადაც ყველა ხმა მნიშვნელოვანია და მომავალი ერთად შენდება.
იოლა რადგოვსკა, პოლონეთი: დღეს საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს, ხოლო პოლონეთში ვზეიმობთ დედის დღეს. ვუსურვებ საქართველოს ყველა მოქალაქეს ყველაფერს საუკეთესოს, რასაც დედა აძლევს თავის შვილებს.
შორენა მელქუაშვილი,პოლონეთი:დამოუკიდებლობა არ არის თავისთავადი მოცემულობა – ეს არის მონაპოვარი, რომელსაც სჭირდება დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება. პატრიოტიზმი არ არის ქართველად ყოფნის სიამაყე ანდა წარსულით და ისტორიით, არამედ ქვეყნის ნათელი მომავლის შენებაში მონაწილეობის მიღებაა. იდენტობა არ არის სამზარეულო და ფოლკლორი, მოქალაქედ ყოფნის პასუხისმგებლობაა პირველ რიგში. თავისუფლება არაა ომის არარსებობა, არამედ სწორი არჩევანია, სწორ პოზიციაზე დგომა და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებად ყოფნა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ნამდვილ თავისუფლებას!
კაროლინა მალინოვსკა – პუზიო: ქართველო მეგობრებო,გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! პოლონეთის სახელით გილოცავთ 26 მაისს – თქვენს ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. ეს თარიღი სიმბოლოა თავისუფლებისადმი თქვენი მიუკერძოებელი სწრაფვისა, სიმტკიცისა და ღირსების. ჩვენ, პოლონელები, ღრმა პატივს ვცემთ საქართველოს ისტორიას და თქვენს მიერ განვლილ გზას დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისკენ. ვიცით, რა ფასი აქვს თავისუფლებას და რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული სუვერენიტეტი – სწორედ ამიტომ ვდგავართ თქვენს გვერდით. პოლონეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი მეგობრობა, საერთო ღირებულებები და ევროპული მისწრაფებები გვაკავშირებს. პოლონელი ხალხი მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. გისურვებთ მშვიდობას, გამარჯვებას,ერთობას, წინსვლასა და წარმატებას! საუკეთესო სურვილებით .
Serdeczne życzenia z okazji Święta Niepodległości – Wasi przyjaciele z Polski!
მაჟენა , პოლონეთი: ძვირფასო ქართველო მეგობრებო, 26 მაისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა – დამოუკიდებლობის დღე, რომელიც მნიშნელოვანია არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც თქვენი ქვეყანა უყვარს და აფასებს. საქართველო ჩემთვის არა მხოლოდ ლამაზი ბუნების და მდიდარი კულტურის ქვეყანა, არამედ ძლიერი ემოციური კავშირია – მოგონებები, სურნელები და ადამიანები, რომლებიც გულთბილად მხვდებოდნენ. ქვეყანა, რომელმაც რთული წარსული გაიარა და მაინც შეინარჩუნა თავისუფლების სურვილი და თვითმყოფადობა, დღესაც დიდ პატივისცემას იმსახურებს. ამ დღეს გისურვებთ, რომ თქვენი დამოუკიდებლობა იყოს მტკიცე და სანდო საყრდენი – როგორც თქვენი მთები, და სიცოცხლით სავსე – როგორც გაზაფხული კახეთში. დარჩეს თქვენი გულები ისეთივე გახსნილი და გულწრფელი, როგორიც დღემდე შემხვედრია თქვენთან ურთიერთობაში. გმადლობთ გულწრფელობისა და სითბოსთვის. თქვენმა დამოკიდებულებამ დამანახა, რომ სტუმარმა შეიძლება საკუთარ სახლში იგრძნოს თავი. ეს გამოცდილება ყოველთვის დამრჩება მეხსიერებაში. გაუმარჯოს საქართველოს. პატივისცემით და კეთილი სურვილებით.

ფოტოზე : მაჟენა, ქართველ და პოლონელ მეგობრებთან ერთად
გიორგი მეგრელიშვილი,პოლონეთი: დამოუკიდებლობის დღე საქართველოსთან კავშირის განცდას კიდევ უფრო აძლიერებს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უცხოეთში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ემიგრაციაში ვარ, ქართული ღირებულებები ჩემთვის ყოველდღიურობის ნაწილია. ეს კავშირი არ ნელდება დროის თუ მანძილის მიუხედავად. დამოუკიდებლობა დიდი პასუხისმგებლობაა,რომ ეროვნულ იდენტობაზე და თავისუფლებასთან დაკავშირებულ ღირებულებებზე ყოველდღიურად ვიზრუნო. მინდა მივულოცო ეს დღე ყველა ქართველს,იმ ადამიანებს, ვინც აფასებს თავისუფლებას და დღეს რუსთაველზე იცავს სამართლიანობას. გილოცავთ 26 მაისს.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება