საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — 26 მაისი — არა მხოლოდ ჩვენი ერის თავისუფლების სიმბოლოა, არამედ შესაძლებლობა, გავიხსენოთ მეგობრები, რომლებიც
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე გვიჭერდნენ მხარს. პოლონეთი – ქვეყანა, რომელიც თავადაც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისთვის და კარგად იცის მისი ფასი, მრავალგზის დაუდგა საქართველოს გვერდით. ეს კავშირი არა მხოლოდ დიპლომატიური განცხადებებით, არამედ სისხლით, რწმენითა და სოლიდარობის აქტებითაა გამყარებული.

​პოლონელი ოფიცრები საქართველოს პირველ რესპუბლიკაში (1918–1921)

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, პოლონელი ოფიცრები და ემიგრანტები აქტიურად მონაწილეობდნენ ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. პოლონეთის იმდროინდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი პოლონელი სამხედრო მოღვაწე კავკასიისკენ გაემართა, სადაც მათ შორის ზოგიერთმა საქართველოს სამხედრო ძალებში შეიტანა წვლილი. ისინი ასწავლიდნენ სამხედრო ტაქტიკას, ეხმარებოდნენ შეიარაღებაში და ბევრი მათგანი ბოლშევიკებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. ეს იყო საერთაშორისო სოლიდარობის მკაფიო მაგალითი იმ დროს, როდესაც სხვა სახელმწიფოები არ იყვნენ მზად საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

რამდენიმე ცნობილი პოლონელი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში:

1. ვლადისლავ რაიმუნდ მონტე (Władysław Raymund Monté). პოლონელი ოფიცერი და დიპლომატი. მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ორგანიზებაში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918). იყო საქართველოს მთავრობის მრჩეველი სამხედრო საკითხებში.

​2. მიხალ ტოკაჟევსკი-კარაშევიჩი (Michał Tokarzewski-Karaszewicz). პოლონეთის არმიის გენერალი.1920-იან წლებში კავკასიაში იმყოფებოდა და მხარს უჭერდა საქართველოს ანტისაბჭოთა მოძრაობებს.

​3. ტადეუშ იჟიცკი (Tadeusz Iżycki) დიპლომატი და სამხედრო მრჩეველი. მუშაობდა ამიერკავკასიაში, როგორც პოლონეთის წარმომადგენელი. მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას საერთაშორისო არენაზე.

​4. იუზეფ პილსუდსკი (Józef Piłsudski) პოლონეთის სახელმწიფო მეთაური და ლიდერი. იყო აქტიური მხარდამჭერი კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის. მისი საგარეო პოლიტიკა მოიცავდა ანტისაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ლატვიისა და უკრაინის მხარდაჭერას. ცდილობდა შეექმნა ქვეყნების კავშირი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა საბჭოთა და გერმანულ ზეწოლას.

​სოლიდარობის მოძრაობის შთაგონება და ქართული საზოგადოება

1980-იანი წლების ბოლოს პოლონეთში გაჩენილი მოძრაობა “სოლიდარობა” (Solidarność), რომელსაც ლეხ ვალენსა ხელმძღვანელობდა, შთაგონების წყაროდ იქცა მრავალი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. სოლიდარობის პრინციპები — მშვიდობიანი წინააღმდეგობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თავისუფლებისკენ სწრაფვა — აისახა საქართველოშიც.

მაშინ, როდესაც საბჭოთა სისტემა რყევას იწყებდა, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას უკვე ჰყავდა მაგალითი, თუ როგორ შეიძლებოდა მძლავრი იმპერიის წინააღმდეგ მშვიდობიანად ბრძოლა. პოლონეთის მიერ მოპოვებული დემოკრატიული ცვლილებები ბევრისთვის იმედის მიმცემი გახდა.

​ლეხ კაჩინსკი — საქართველოს თანამედროვე მეგობარი

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა რუსეთის აგრესია აფხაზეთიდან სამაჩაბლოზე გადმოვიდა, ლეხ კაჩინსკიმ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ის იყო პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ჩამოვიდა თბილისში სხვა ევროპულ ლიდერებთან ერთად და თქვა ისტორიული სიტყვები:

“დღეს თბილისი, ხვალ კი შეიძლება კიევი, ვილნიუსი, რიგა, ტალინი, ხოლო მომავალში — ვარშავა!”

ეს სიტყვები არა მხოლოდ გაფრთხილება იყო, არამედ სოლიდარობის უმაღლესი გამოხატულება. ლეხ კაჩინსკი იყო პოლიტიკოსი, რომელსაც ესმოდა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა და უნდოდა, რომ ევროპა ჩუმად არ დარჩენილიყო.

​ქართული და პოლონური ერთობა დღეს

დღეს, საქართველოსა და პოლონეთს შორის კავშირები კიდევ უფრო მტკიცდება. პოლონეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ასობით ქართველი სტუდენტი სწავლობს პოლონურ უნივერსიტეტებში, უფრო და უფრო ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული გაცვლები და ღრმავდება ისტორიული მეხსიერების ერთობლივი პატივისცემა.

26 მაისი — ეს არის დღე, როდესაც სიამაყით ვშლით ჩვენს დროშას, ვიხსენებთ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, ამ ბრძოლაში განვლილ გზას და ასევე ვხედავთ მხარდაჭერას, რომლის გარეშეც თავისუფლების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. პოლონეთის როლი ამ გზაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჭეშმარიტი მეგობრობა და თანადგომა დროს და ისტორიას უძლებს.

ავტორი: შორენა მელქუაშვილი