საქართველო არა მხოლოდ უძველესი კულტურისა და ისტორიის ქვეყანაა, არამედ უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის სახლიც. ამ მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და შესასწავლად სხვადასხვა ეპოქაში მრავალი მეცნიერის, მოგზაურისა და ნატურალისტის შრომაა გაწეული. თუმცა, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია პოლონელ ნატურალისტს- ლუდვიგ მლოკოსევიჩს. მის სახელს უკავშირდება ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსება- პირველი დაცული ტერიტორია მთელ კავკასიაში. მლოკოსევიჩის მიერ საქართველოსადმი გამოჩენილი სიყვარული, ერთგულება და მეცნიერული ღვაწლი არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების შესწავლაში, არამედ ბუნების დაცვის კულტურის ჩამოყალიბებაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მისი ცხოვრება შესანიშნავი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება გადახვეწილმა კაცმა უცხო მიწა საკუთარ სახლად აქციოს და საუკუნეების მანძილზე დაამკვიდროს თავისი სახელი მის ისტორიაში.
ლუდვიგ მლოკოსევიჩი იყო პოლონელი ნატურალისტი, ბოტანიკოსი და ზოოლოგი, რომლის ცხოვრება და საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს, განსაკუთრებით კი ლაგოდეხის რაიონს.

ფოტოზე: ლუდვიგ მლოკოსევიჩი ოჯახთან ერთად
მლოკოსევიჩი დაიბადა ვარშავაში, პოლონეთში, გენერლის ოჯახში. 1842 წელს სწავლა დაიწყო ბრესტის კადეტთა კორპუსში, თუმცა სამხედრო კარიერა მისთვის არ აღმოჩნდა მისაღები. მამის გარდაცვალების შემდეგ, მან თავი მიუძღვნა ბუნებისმეტყველებას – ბოტანიკას, ზოოლოგიას და ფენოლოგიას. 1853 წელს, 22 წლის ასაკში, მლოკოსევიჩი რუსეთის იმპერიის არმიის კავკასიურ დივიზიაში ჩაირიცხა და ლაგოდეხში, საქართველოს კახეთის რეგიონში, სამხედრო სამსახურში გაგზავნეს. სამხედრო სამსახურის პარალელურად, მან დაიწყო ადგილობრივი ბუნების შესწავლა, რაც საბოლოოდ მის მთავარ საქმიანობად იქცა.

ლუდვიგ მლოკოსევიჩის ბილიკი | ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
ფოტო: რეინჯერი დაჩი მჭედლიშვილი
მლოკოსევიჩმა შექმნა რეგიმენტული ბაღი, ხილის ბაღი და წყლის ბაღი. 1861 წელს, სამხედრო კარიერიდან გადადგომის შემდეგ, მან დაიწყო ექსპედიციები კავკასიასა და სპარსეთში, აგროვებდა ფლორისა და ფაუნის ნიმუშებს და თანამშრომლობდა ევროპელ მეცნიერებთან. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა სპეციალური ბიოლოგიური განათლება, მლოკოსევიჩი აქტიურად აგროვებდა ჰერბარიუმებს და აგზავნიდა მათ ევროპულ მუზეუმებში, მათ შორის ვარშავის უნივერსიტეტში. მისი საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესწავლაში.
1889 წელს მლოკოსევიჩმა რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიას მიმართა ლაგოდეხის ხეობის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თხოვნით. 1912 წელს, მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, ლაგოდეხის ხეობა ოფიციალურად გამოცხადდა ნაკრძალად – კავკასიაში პირველ დაცულ ტერიტორიად და წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების უნიკალურ ცენტრს, სადაც დაცულია მრავალი ენდემური სახეობა. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მოიცავს 19 755 ჰა, აქედან ტყით დაფარულია 12 346 ჰა (72 %), დანარჩენი ალპური საძოვრებია. ზღვის დონიდან სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (450-3500 მ), მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები , ღრმა ხევები მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის, რაც განაპირობებს მცენარეული საფრის მრავალფეროვნებას. აქ მკვეთრადაა გამოსახული ტყის სარტყელი (ზღვის დონიდან 450-2300 მ-მდე) ქართული მუხის მუხნარებით,აღმოსავლური წიფლის წიფლნარებით და ალპური სარტყელი (ზღვის დონიდან 2300-3500 მ) მდელოებით და სხვა.

შავი კლდეების ტბა
ფოტო: სანდრო სიჭინავა
მლოკოსევიჩის სახელს უკავშირდება კავკასიის 60-ზე მეტი ახალი სახეობის აღმოჩენა, მათ შორის: კავკასიური შურთხი (Tetrao mlokosiewiczi) – სახეობა, რომელიც აღმომჩენის პატივსაცემად სახელდებოდა. მლოკოსევიჩის იორდასალამი (Paeonia mlokosewitschii) – უნიკალური მცენარე, რომელიც პირველად ლაგოდეხში აღმოაჩინა. მისი საქმიანობა არა მხოლოდ ლაგოდეხის, არამედ მთელი კავკასიის ბიომრავალფეროვნების შესწავლას ემსახურებოდა.
მლოკოსევიჩი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. მან შეიმუშავა მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი, რაც მას დიდ პატივისცემას მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობაში. ასევე, დააარსა სასოფლო-სამეურნეო სკოლა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის განათლებას და სოფლის მეურნეობის განვითარებას. მისი მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს ლაგოდეხის ნაკრძალში, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს.
მლოკოსევიჩი გარდაიცვალა 1909 წელს დაღესტანში, ექსპედიციის დროს. დაკრძალულია ლაგოდეხში, მდინარის პირას. მის საფლავზე მარმარილოს ფილაზე აწერია: ,,ფლორისა და ფაუნის დიდი მეოხი, ლუდვიგ ფარანცის ძე მლოკოსევიჩი 1831 – 1909″. 1989 წელს, მისი გარდაცვალებიდან 80 წლის შემდეგ, მლოკოსევიჩს მემორიალი დაუდგეს მისი დაღუპვის ადგილზეც, ჩოროდში (დაღესტანი).

ლუდვიგ მლოკოსევიჩის საფლავი
ლუდვიგ მლოკოსევიჩის ცხოვრება და საქმიანობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და მეცნიერების განვითარებაში. მისი მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს ლაგოდეხის ნაკრძალში და საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება