
შესავალი:
პოლონური ენა (język polski) — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასავლეთ სლავური ენაა, რომელიც ინდოევროპულ ოჯახს ეკუთვნის. იგი პოლონეთის სახელმწიფო ენაა და მასზე მსოფლიოში მილიონობით ადამიანი საუბრობს (დაახლოებით 45მლნ). პოლონური ენის ფორმირება ასახავს ევროპის ისტორიულ, კულტურულ და სოციალურ ტრანსფორმაციებს. მისი განვითარება მჭიდროდ იყო დაკავშირებული პოლონეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ ცვლილებებსა და კათოლიკური ეკლესიის გავლენასთან.
ენის წარმოშობა და ადრეული ეტაპები
პოლონური ენა დასავლეთ სლავურ ენათა ჯგუფის ნაწილია, რომლის სხვა წარმომადგენლებია ჩეხური და სლოვაკური ენები. მისი ფესვები ძველ სლავურ ენაშია, რომელიც საერთო იყო სლავების მიგრაციის პერიოდში (დაახლოებით IV–VII საუკუნეებში).
IX–X საუკუნეებში სლავური ტომები, რომლებიც თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, თანდათან იწყებენ ერთიანი ერის ჩამოყალიბებას. სწორედ ამ დროს იწყება პოლონური ენის დიფერენცირება სხვა სლავური ენებისგან.

Bogurodzicy ხელნაწერი. შეიქმნა დაახ. 1407 წ. შეიცავას სიტყვებს პოლონურ ენაზე ნოტებთან ერთად. წყარო: Wikipedia.
ძველი პოლონური ენა (X – XV სს.)
ყველაზე ძველი შემონახული ტექსტი პოლონურ ენაზე არის „Bogurodzica“ — რელიგიური ჰიმნი, რომლის წარმოშობა XIII საუკუნეს მიეკუთვნება. იგი ითვლება პირველ ცნობილი პოეტურ ნაწარმოებად პოლონურ ენაზე. ჰიმნს მღეროდნენ მნიშვნელოვან რელიგიურ და სახელმწიფოებრივ ცერემონიებზე, აგრეთვე რაინდები ბრძოლების დროს, მათ შორის — 1410 წლის გრუნვალდის ბრძოლაში.
პირველი სრულად პოლონურ ენაზე დაწერილი წინადადებაა:
„Daj, ać ja pobruszę, a ty poczywaj“
(„მომეცი, მე დავფქვავ, ხოლო შენ დაისვენე“)
ეს წინადადება წარმოდგენილია ე.წ. ჰენრიკოვის წიგნში (Liber fundationis claustri Sanctae Mariae Virginis in Heinrichow), რომელიც 1270 წელს ლათინურად დაიწერა პოლონური ენის ჩართვებით. ეს არის პოლონურ ენაზე პირველი ცნობილი სრულად ჩამოყალიბებული წინადადების ჩანაწერი

გვერდი ჰენრიკოვის წიგნიდან, სადაც მოყვანილია (ლურჯად მონიშნული) უძველესი პოლონური წინადადება.
წყარო: https://twojahistoria.pl
შუა პოლონური ენა (XVI – XVIII სს.)
ეს პერიოდი ითვლება პოლონური ენის “ოქროს ხანად”. XVI საუკუნეში პოლონეთში იწყება ენის სტანდარტიზაცია და ლიტერატურული ენის ჩამოყალიბება. დიდი გავლენა იქონია რენესანსმა და ჰუმანიზმმა. ლათინურის ნაცვლად თანდათან იწყება პოლონურის გამოყენება როგორც ადმინისტრაციულ, ისე ლიტერატურულ ტექსტებში.
ამ პერიოდის გამოჩენილი ავტორები არიან:
- მიკოლაი რეი – ხშირად ითვლება პოლონური ლიტერატურის მამად;
- იან კოხანოვსკი – რენესანსის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, რომელმაც პოლონური ლექსი ევროპულ სტანდარტამდე აიყვანა;
- შიმონ შიმონოვიჩი – მეცნიერულ და ფილოსოფიურ ტექსტებს ქმნიდა მშობლიურ ენაზე.
ამავე პერიოდში ჩნდება ენის გრამატიკული ნორმების პირველადი სისტემატიზაცია. იხვეწება მართლწერა და მორფოლოგია.
ახალი პოლონური ენა (XIX – XXI სს.)
მეოცე საუკუნემდე
პოლონეთი XVIII საუკუნეში გაყოფილია სამი იმპერიის — ავსტრიის, პრუსიისა და რუსეთის — მიერ, რამაც გავლენა იქონია ენის გამოყენებასა და განვითარებაზე. პოლონური ენა ავსტრიულ ნაწილში შემორჩა როგორც სასწავლო ენა, ხოლო რუსულ და პრუსიულ ოკუპაციაში იგი თითქმის აიკრძალა. სწორედ ამ პერიოდში ენა გახდა ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლო და პოლონური ლიტერატურა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იარაღად იქცა.
ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ ისეთი ლიტერატურული გიგანტები, როგორებიც იყვნენ:
- ადამ მიცკევიჩი
- იულიუს სლოვაცკი
- ზიგმუნდ კრაშინსკი

ადამ მიცკიევიჩი. 1798-1855
XX საუკუნე – თანამედროვე პოლონური
1918 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პოლონური სახელმწიფო ენა გახდა. ამ ეტაპზე იწყება ენის მოდერნიზაცია, ტერმინოლოგიის განვითარება და ენობრივი სტანდარტების გამტკიცება. მეორე მსოფლიო ომმა სერიოზული გავლენა მოახდინა ენის დემოგრაფიაზე — დაიღუპა მრავალი პოლონურად მოლაპარაკე ებრაელი, ასევე მოხდა მოსახლეობის გადაადგილება.
კომუნისტურ პერიოდში ენა კვლავ ეროვნულობის სიმბოლოდ დარჩა, ხოლო 1989 წლის შემდეგ, დემოკრატიულ პოლონეთში, პოლონური განვითარდა როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური ენა.
პოლონური ენის მახასიათებლები
- გრამატიკა: პოლონური მდიდარია მორფოლოგიურად – აქვს 7 ბრუნვა, 3 გრამატიკული სქესი და რთული ზმნის სისტემა.
- ფონოლოგია: პოლონურს ახასიათებს ნაზალური ხმოვნები (ę, ą) და რთული თანხმოვნების კომბინაციები (მაგ., szcz, trz).
- მართლწერა: იყენებს ლათინურ ანბანს, თუმცა აქვს სპეციფიური ასოები: ł, ń, ś, ź, ż, ć.
- ლექსიკა: გარდა სლავური ძირებისა, ლექსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა გერმანულმა, ლათინურმა, ფრანგულმა და ბოლო დროს — ინგლისურმა ენებმა.
პოლონური ენა დღეს
დღესდღეობით პოლონურად დაახლოებით 45 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს. იგი ევროკავშირის ოფიციალური ენაა და გამოიყენება როგორც სამეცნიერო, ასევე ყოველდღიურ და ტექნოლოგიურ კონტექსტში. პოლონური დიასპორა ფართოდ არის გავრცელებული აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში, რაც ენის გლობალურ მნიშვნელობას ზრდის.
ასევე, პოლონეთში მოქმედებს სახელმწიფო ორგანიზაციები, როგორიცაა Rada Języka Polskiego, რომელიც ენას იცავს და მის განვითარებას უწყობს ხელს.
დასკვნა
პოლონური ენა მრავალსაუკუნოვანი განვითარების გზას მოიცავს – ტომობრივ დიალექტურ ეტაპიდან დაწყებული თანამედროვე სახელმწიფო ენამდე. მიუხედავად პოლიტიკური და კულტურული რყევებისა, მან შეძლო ეროვნული ერთიანობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის შენარჩუნება. დღეს იგი ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და აგრძელებს განვითარებას ციფრული და გლობალიზებული სამყაროს მოთხოვნებთან თანხვედრაში.
ავტორი: შორენა მელქუაშვილი
კომენტარის დატოვება