18 და 19 მაისს ვარშავაში, 45-ე საიუბილეო ვარშავის თეატრალური შეხვედრების (Warszawskie Spotkania Teatralne) ფესტივალის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრმა ქართველ რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლი LIBERTÉ [trigger warning] წარადგინა. ღონისძიება გაიმართა ვარშავის დრამატულ თეატრში და ევროპის წამყვან თეატრალურ მოვლენებს შორისაა. ფესტივალის პროგრამაში ასევე მოხვდნენ მილო რაუსა და მაია კლეჩევსკას უახლესი ნამუშევრები.



ფოტო: Karolina Jóźwiak

წარმოდგენა გამორჩეულია თავისი ინტიმური ფორმით –  მაყურებლები არ ისხდნენ დარბაზში, ისინი თავად იყვნენ სცენაზე, მსახიობებთან ერთად. ამგვარი ფორმატი არღვევს ტრადიციულ ზღვარს მაყურებელსა და მსახიობს შორის და წარმოქმნის კოლექტიური თამაშის, დიალოგისა და ფიქრის გარემოს. მაყურებელი თითქოს თვითონაც ხვდება სცენარში – ის ხდება მოწმე და მონაწილე იმ ისტორიისა, რომელიც სცენაზე იშლება.


LIBERTÉ ეხება თავისუფლების, რევოლუციის, ისტორიული მეხსიერებისა და ადამიანური ღირსების თემებს. სპექტაკლში არაფერია დოგმატური ან პირდაპირი – აქ ყველაფერი მინიშნებით, აზრით და სიმბოლოთი გადმოიცემა. მოქმედება დროში არ არის ჩაკეტილი: მას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ბასტილიის ციხეში, ზამთრის სასახლეში, თაჰრირის მოედანზე ან თანამედროვე თბილისში. რევოლუციებს არ გააჩნიათ ერთი თარიღი – შეიძლება ეს იყოს 1789, 1917, 1989 თუ 2011 წელი… შესაძლოა, ყველაფერი ერთდროულადაც იყოს.

„მეტყველების ქურუმები – მთხრობელები სულ სხვა დროებიდან – დროის დაკარგვის შიშის გარეშე, თითქმის უშიშრად; ისტორიის სახსრებიდან წამიერად ამოვარდნის დროს, სრულიად უდროოდ,როცა მოქმედების ვადა ამოეწურებათ, იტყვიან ,,რევოლუცია”…“

დათა თავაძის გამოჩენა ვარშავის თეატრალურ სცენაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს როგორც ქართული, ისე ევროპული თეატრალური სივრცისთვის.

დათა თავაძე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული,დღევანდელი ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ის რეჟისორია, დრამატურგი, მსახიობი და სცენარისტი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ფორმალური ექსპერიმენტებით, სოციალურ-საჯარო საკითხებისადმი მგრძნობელობით და საერთაშორისო თვალთახედვით. მისი პიესა „დედაომი“ ლონდონის „Royal Court Theatre“-ის დაკვეთით შეიქმნა და ითარგმნა რამდენიმე ენაზე.

სარეჟისორო დებიუტი ჰქონდა სპექტაკლით „სხვისი შვილები“ სამეფო უბნის თეატრში, რის შემდეგაც არაერთი გახმაურებული სპექტაკლი დადგა, მათ შორის „ტროელი ქალები“, „მახინჯი“, „ზამთრის ზღაპარი“ და „Prometheus / 25 Years of Independence“, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს. როგორც მსახიობი, დათა თავაძემ მონაწილეობა მიიღო არაერთ დასამახსოვრებელ როლში რუსთაველის, მარჯანიშვილისა და სამეფო უბნის თეატრებში.

ავტორი: ნათია ქიმაძე