Kartuli.News-ის მთავარი მისიაა ორ ხალხს – ქართველსა და პოლონელს – შორის არსებული კულტურული, ისტორიული და საზოგადოებრივი კავშირების წარმოჩენა. ამას ვაკეთებთ ანალიტიკური სტატიების, ინტერვიუების, ბლოგებისა და სხვა ტიპის შინაარსით, რომელიც არ ეფუძნება მხოლოდ ფაქტებს, არამედ ასახავს ადამიანურ ისტორიებს, ემოციებსა და ღირებულებებს.
მე მჯერა, რომ დიალოგის ხელშეწყობა სწორედ ასეთი სივრციდან იწყება – თავისუფალი, დამოუკიდებელი პლატფორმიდან, სადაც მკითხველს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება, არამედ აზრის გამოთქმაც შეუძლია. სწორედ ამიტომ, Kartuli.News არის სივრცე, რომელიც ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს აზრის გაზიარება, გამოცდილების გადმოცემა ან იდეის შეთავაზება.

რატომ გადავწყვიტე ამ საქმის დაწყება
როგორც ემიგრანტს, რომელიც წლებია პოლონეთში ცხოვრობს, არაერთხელ გამჩენია შეგრძნება, რომ ქართულენოვანი სიღრმისეული და მრავალშრიანი მასალა, რომელიც პირდაპირ შეეხება პოლონეთში მცხოვრებ ქართველებს, ნაკლებად ხელმისაწვდომია. ხშირად ვგრძნობდი ინფორმაციულ სიცარიელეს – კითხვები მქონდა, მაგრამ პასუხებს ვერ ვპოულობდი: როგორია ქართველი დიასპორის როლი? როგორ ქმნიან სხვები? რას ნიშნავს დღეს ვიყოთ ქართველები პოლონეთში? ამ გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ საჭირო იყო სივრცის შექმნა – პლატფორმისა, რომელიც დააკავშირებდა ადამიანებს და შეივსებდა იმ კომუნიკაციურ სიცარიელეს, რომელსაც თავადაც ვგრძნობდი. სწორედ ამ შინაგანი საჭიროებიდან დაიბადა Kartuli.News.
ეს იყო პირადი გადაწყვეტილება, თუმცა დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ამ სივრცეს არა მხოლოდ მე, არამედ უამრავ სხვასაც სჭირდება.
ვისთვის არის Kartuli.News
ეს პლატფორმა მათთვისაა, ვინც: – ახლად ჩამოვიდა პოლონეთში და ეძებს პირველ ნაბიჯებზე მიმართულებას – უკვე წლებია ცხოვრობს აქ, მაგრამ სურს თანამოაზრეებთან კავშირის გაღრმავება – მუშაობს, ქმნის, ფიქრობს და სურს, თავისი ხმა ქართულენოვან სივრცეშიც გაისმას – უბრალოდ აინტერესებს, როგორ გადაკვეთს ერთმანეთს ორი ქვეყნის ისტორია და თანამედროვე რეალობა. ჩვენ გვჯერა, რომ ინფორმირებული ადამიანი იღებს ძლიერ გადაწყვეტილებებს. ამიტომაც ვცდილობთ, ყველა მასალა იყოს სანდო და გადამოწმებული.
Kartuli.News-ის ყველა მასალა წარმოადგენს ჩვენი გუნდის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონით. თუმცა, მათი პირადი გამოყენება თავისუფალია. სხვა მედიასაშუალებებში გამოქვეყნება შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი თანხმობით.
ყველაზე მთავარი – ეს პლატფორმა არ არის მხოლოდ ჩემი. თუ გაქვთ თემა, იდეა, კომენტარი ან ინიციატივა – გთხოვთ, დაგვიკავშირდით. თქვენი ხმა ამ სივრცეში ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება