პირადი სიტყვა მკითხველს

Kartuli.News-ის მთავარი მისიაა ქართველ და პოლონელ ხალხებს შორის არსებული მრავალშრიანი კულტურული, ისტორიული და საზოგადოებრივი კავშირების წარმოჩენა. ჩვენ ამას ვაკეთებთ ანალიტიკური სტატიების, ინტერვიუების, ბლოგებისა და სხვა ტიპის შინაარსის მეშვეობით, რომელიც არ ეფუძნება მხოლოდ მშრალ ფაქტებს, არამედ ასახავს ადამიანურ ისტორიებს, ემოციებსა და ღირებულებებს.მე მჯერა, რომ ურთიერთობის ხელშეწყობა სწორედ ასეთი სივრციდან იწყება – თავისუფალი, დამოუკიდებელი პლატფორმიდან, სადაც მკითხველს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი აზრისა და ხედვის გამოთქმაც შეუძლია. სწორედ ამიტომ, Kartuli.News არის სივრცე, რომელიც ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარი აზრის გაზიარება, გამოცდილების გადმოცემა ან ახალი იდეის შეთავაზება.

Kartuli.News არის მათთვის, ვინც: ახლახან ჩამოვიდა პოლონეთში და ეძებს პირველი ნაბიჯების გადადგმისთვის საჭირო მიმართულებებს; წლებია ცხოვრობს აქ, მაგრამ სურს თანამოაზრეებთან კავშირის გაღრმავება; მუშაობს, ქმნის, ფიქრობს და სურს, რომ მისი აზრი ქართულენოვან სივრცეშიც გაისმას; ან უბრალოდ აინტერესებს, როგორ იკვეთება ერთმანეთთან ორი ქვეყნის ისტორია და თანამედროვე რეალობა. ჩვენ გვჯერა, რომ ინფორმირებული ადამიანი იღებს ძლიერ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ვცდილობთ, ყველა მასალა იყოს სანდო და გადამოწმებული.

როგორც ემიგრანტს, რომელიც წლებია პოლონეთში ცხოვრობს, არაერთხელ გამჩენია განცდა, რომ ქართულენოვანი, სიღრმისეული და მრავალშრიანი მასალა, რომელიც უშუალოდ პოლონეთში მცხოვრებ ქართველებს შეეხება, ნაკლებად ხელმისაწვდომია. ხშირად ვგრძნობდი ინფორმაციულ სიცარიელეს – კითხვები მქონდა, მაგრამ პასუხებს ვერ ვპოულობდი: როგორია ქართველი დიასპორის როლი? როგორ ქმნიან სხვები ამ სივრცეში? რას ნიშნავს დღეს იყო ქართველი პოლონეთში? ამ გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ აუცილებელი იყო ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც დააკავშირებდა ადამიანებს და შეავსებდა იმ კომუნიკაციურ ვაკუუმს, რომელსაც თავადაც ვგრძნობდი. სწორედ ამ შინაგანი საჭიროებიდან დაიბადა Kartuli.News. ეს იყო პირადი გადაწყვეტილება, თუმცა დღითი დღე ვრწმუნდები, რომ ეს სივრცე არა მხოლოდ მე, არამედ უამრავ სხვასაც სჭირდება.

მკაფიოდ უნდა აღინიშნოს: Kartuli.News • ქართული ცნობები არ არის სივრცე, სადაც გაჟღერდება ან გაძლიერდება ისეთი პოლიტიკური ძალების პოზიცია, რომლებმაც საქართველოს ევროპული მომავალი რეალური საფრთხის წინაშე დააყენეს. ჩვენი პლატფორმის ფასეულობებია პროდასავლური კურსი, თავისუფალი მედია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და რუსული გავლენებისგან დაცული საქართველო. ვინც ამ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ამ პლატფორმაზე ადგილს ვერ იპოვის.

ყველაზე მთავარი – ეს პლატფორმა არ არის მხოლოდ ჩვენი. თუ გაქვთ საინტერესო თემა, იდეა, კომენტარი ან ინიციატივა – გთხოვთ, დაგვიკავშირდით. თქვენი მონაწილეობა ამ სივრცეში ნამდვილად მნიშვნელოვანია.

და ბოლოს : Kartuli.News-ის ყველა მასალა წარმოადგენს ჩვენი გუნდის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონით. თუმცა, მათი პირადი გამოყენება თავისუფალია. სხვა მედიასაშუალებებში გამოქვეყნება შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

ავტორი: ნათია ქიმაძე

Facebook Comments Box
#, #, #

By Natia Kimadze

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.

error: Content is protected !!