პოლონეთში გადმოსახლებული ქართველებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შვილების ახალ რეალობაში ინტეგრაციაა – უცნობი ენა, განსხვავებული სასკოლო სისტემა და სოციალური გარემო ხშირად იწვევს გაურკვევლობას, შიშს და წინააღმდეგობასაც კი. ასეთ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კულტურათშორისი ასისტენტის როლი – პროფესიონალის, რომელიც მოსწავლესა და მის ოჯახს სკოლის რეალობას აცნობს, ენობრივ და კულტურულ ბარიერებს ამსუბუქებს და ჰუმანურ ურთიერთობებზე დაფუძნებულ ხიდს აშენებს. წარმოგიდგენთ შორენა მელქუაშვილს – ქართველ სპეციალისტს, რომელიც პოლონურ საჯარო სკოლაში სწორედ ასეთ პოზიციაზე მუშაობს. მისი გამოცდილება ნათლად ასახავს იმ სირთულეებს, შესაძლებლობებსა და დადებით ცვლილებებს, რაც სწორი მიდგომით შეიძლება თან ახლდეს მიგრანტი მოსწავლის განათლების გზას.

ფოტოზე: შორენა მელქუაშვილი

-როგორია თქვენი ძირითადი მოვალეობები კულტურათშორისი ასისტენტის პოზიციაზე პოლონურ საჯარო სკოლაში?

-კულტურათშორისი ასისტენტის (pol. asystent międzykulturowy) ძირითადი მოვალეობები უკავშირდება იმიგრანტი და უცხოელი მოსწავლეების ინტეგრაციას სასკოლო გარემოში. ეს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლეები არ ფლობენ პოლონურ ენას ან განსხვავებულ კულტურულ სივრცეში არიან გაზრდილნი. ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს ენობრივ მხარდაჭერას, კულტურულ ინტეგრაციაზე ზრუნვას, სოციალურ და ემოციურ დახმარებას, მშობლებთან და სკოლის პერსონალთან თანამშრომლობას. ასისტენტი ხშირად ასრულებს კომუნიკაციის ხიდის როლს სკოლასა და მოსწავლის ოჯახს შორის.

-როგორ ხორციელდება ქართველ მოსწავლეებთან პირველადი კონტაქტი და მათი საჭიროებების შეფასება?

-პირველ ეტაპზე სკოლა აფასებს როგორც მოსწავლის, ისე მშობლების ენობრივ შესაძლებლობებს – განსაზღვრავს, შესაძლებელია თუ არა საბაზისო კომუნიკაცია. მოწმდება ბავშვის ქცევები: ცდილობს თუ არა ინტეგრაციას, აქტიურად ერთვება თუ არა სასწავლო პროცესში, იჩენს თუ არა ინიციატივას. განიხილება ენობრივი ბარიერით გამოწვეული სტრესის ფაქტორიც. შეფასების საფუძველზე სკოლის ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას კულტურათშორისი ასისტენტის ჩართვის შესახებ.

-რას ითვალისწინებს კულტურათშორისი მხარდაჭერა ყოველდღიურ პრაქტიკაში – როგორია თქვენი თანამშრომლობა მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან?

-კულტურათშორისი ასისტენტის როლი მრავალმხრივია, თუმცა უმთავრესად ენობრივ მხარდაჭერაზეა ფოკუსირებული. ჩემი პასუხისმგებლობაა თარგმნა მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შეხვედრების დროს, მოსწავლეთათვის სასწავლო მასალის ახსნა მათთვის გასაგებ ენაზე, პოლონური ენის ათვისებაში დახმარება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კულტურული განსხვავებების ახსნა როგორც მოსწავლეთათვის, ისე მასწავლებლებისთვის, რაც ხელს უწყობს კონფლიქტების პრევენციას. ემოციური მხარდაჭერა კი ეხმარება ბავშვებს ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში თანატოლებთან. მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია მოსწავლის საჭიროებების შესახებ, ერთად მუშავდება ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმა.

-რა მიდგომებს იყენებთ, როდესაც ბავშვი ემოციურად ან ენობრივად იზოლირებულად გრძნობს თავს?

-ვცდილობთ შევქმნათ ემპათიური და უსაფრთხო გარემო. მასწავლებლებთან ერთად ვაკვირდებით მოსწავლის ემოციურ მდგომარეობას, ვუსმენთ, არ ვაკრიტიკებთ და ვაძლევთ დროს კომფორტულად რომ იგრძნოს თავი. საჭიროების შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ ადაპტირებულ სასწავლო მასალას. ვაკვირდებით ბავშვის ჩართულობას თანატოლებთან ურთიერთობაში და ვგეგმავთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. ვაძლევთ შესაძლებლობას, წარმოადგინოს თავისი კულტურა პრეზენტაციების ან სხვა ფორმით, რათა იგრძნოს საკუთარი უნიკალურობა.

-როგორია პოლონური განათლების სტრუქტურა დაწყებითი, საშუალო და ლიცეუმის დონეზე, და რა ასაკობრივ ზღვარზე ნაწილდება თითოეული ეტაპი?

-პოლონური განათლების სტრუქტურა იწყება სკოლამდელი აღზრდით (Edukacja przedszkolna) 3-დან 6 წლამდე. 6 წლის ასაკში სავალდებულოა ერთწლიანი მომზადება 0 კლასის(„zerówka“)გავლა, რაც შეიძლება ბაღში ან სკოლაში წარიმართოს (თუმცა ყველა ბაღსა და სკოლას არ აქვს 0 კლასის მიღების შესაძლებლობა). შემდეგ მოდის დაწყებითი სკოლა (Szkoła podstawowa), რომელიც 8 წელს მოიცავს — 7-დან 15 წლამდე. I-III კლასებში სწავლება ერთი მასწავლებლის მეშვეობით მიმდინარეობს, ხოლო IV–VIII კლასებში სწავლება საგნობრივია და თითოეულ საგანს სპეციალიზებული მასწავლებელი ასწავლის. დაწყებითი სკოლა სრულდება მე-8 კლასის გამოცდით („Egzamin ósmoklasisty“), რომელიც აუცილებელია ლიცეუმში ან ტექნიკუმში სწავლის გასაგრძელებლად.

-რა განსხვავებაა ლიცეუმსა და ტექნიკურ სკოლას შორის — რა შესაძლებლობები აქვთ მოსწავლეებს და როგორია მათი მომავალი გზა?

-მე-8 კლასის შემდეგ მოსწავლეს აქვს არჩევანი: ლიცეუმი (Liceum ogólnokształcące), ტექნიკუმი (Technikum) ან საბაზო პროფესიული სკოლა (Branżowa szkoła I stopnia). ლიცეუმი 4-წლიანია და მიზნად ისახავს ზოგადი განათლების მიცემას და უნივერსიტეტისთვის მომზადებას. სწავლა სრულდება გამოცდით (Matura), რომლის ქულების მიხედვით ხდება ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებელში. ტექნიკუმი 5-წლიანია და აერთიანებს ზოგად და პროფესიულ განათლებას. აქაც მოსწავლეები აბარებენ Matura-ს. ძირითადი განსხვავება ლიცეუმსა და ტექნიკუმს შორის იმაში მდგომარეობს, რომ ლიცეუმი ორიენტირებულია თეორიულ საგნებზე, ხოლო ტექნიკუმი მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტებსაც, მათ შორის სტაჟირებას.
ლიცეუმი იძლევა საშუალო განათლების დასრულების სერთიფიკატს და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალებას, ტექნიკუმის დასრულება უზრუნველყოფს საშუალო განათლებას, პროფესიული კვალიფიკაციის სერტიფიკატს და ასევე საუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობას.

-როგორია მატურას მნიშვნელობა და როგორია მოსამზადებელი პროცესი?


-მატურა (Matura) – პოლონეთში საშუალო განათლების დამამთავრებელი გამოცდაა, რომელიც წყვეტს, მიიღებს თუ არა მოსწავლე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლებას. მისი მნიშვნელობა და მოსამზადებელი პროცესი მეტად კრიტიკულია პოლონური განათლების სისტემაში.

Matura-ს წარმატებით ჩაბარება ნიშნავს, რომ მოსწავლემ დაასრულა ზოგადსაგანმანათლებლო სწავლა ლიცეუმში ან ტექნიკუმში და მოიპოვა უმაღლესსასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება. მაღალი ქულის მიღება მნიშვნელოვანია პრესტიჟულ პროგრამებზე (მაგ. მედიცინა, სამართალი, IT) ჩასაბარებლად. მატურის სავალდებულო საგნებია პოლონური ენა, მათემატიკა და უცხო ენა. ასებე არის არჩევითი საგნები, რაც მნიშვნელოვანია კონკრეტული უნივერსიტეტის მოთხოვნებიდან გამომდინარე (ისტორია, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ფიზიკა ).

რაც შეეხება მოსამზადებელ პროცესს, სკოლის პირობებში ტარდება სპეციალური გაკვეთილები ბოლო კლასებში, სადაც პროგრამა ორიენტირებულია მატურას მასალაზე. მნიშვნელოვანია სიმულაციური გამოცდები – წინა წლების ტესტების გაკეთება (egzaminy próbne); ინდივიდუალური კონსულტაციები – დამატებითი შეხვედრები მასწავლებლებთან. მატურა რომ ჩაბარებულად ჩაითვალოს, მოსწავლემ ყველა სავალდებულო საგანი უნდა ჩააბაროს მინიმუმ 30%-ზე. არჩევითი საგნები ქულაზე გავლენას ახდენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ფაკულტეტი ითხოვს.



-როგორ ხდება მოსწავლის რეგისტრაცია სკოლაში და რა დოკუმენტებია საჭირო?

საჯარო სკოლებში რეგისტრაცია ჩვეულებრივ ხდება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ე.წ rejonizacja). სკოლაში ივსება განაცხადი მოსწავლის ჩასარიცხად (wniosek o przyjęcie ucznia), რომელსაც თან ერთვის საჭირო დოკუმენტაცია. ბევრ სკოლაში შესაძლებელია ელექტრონული რეგისტრაციაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. სკოლებში მიღება მიმდინარეობს დაწესებულ ვადებში (გაზაფხულზე), მაგრამ უცხოელი ბავშვები მიიღებიან მთელი წლის განმავლობაში, შესაძლებლობის ფარგლებში.

სავალდებულო დოკუმენტები:

  • მოსწავლის დაბადების მოწმობა (თარგმანი პოლონურად);
  • პასპორტი (მოსწავლის და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის);
  • საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ბინის ქირავნობის ხელშეკრულება ან რეგისტრაცია – meldunek);
  • წინა სკოლაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ბავშვი ადრე სხვაგან სწავლობდა).

    სკოლა იტოვებს დამატებითი საბუთების მოთხოვნის უფლებას, მაგ: PESEL, ვაქცინაციის ისტორია.



-როგორია სკოლის შიდა რეგულაციები უცხოელ მოსწავლეებთან მიმართებით და მათი ადაპტაციის ეტაპები?

-უცხოელ ბავშვებს უფლება აქვთ, უფასოდ იარონ საჯარო სკოლაში,უცხოელობა არ შეიძლება იყოს უარისთქმის საფუძველი.ერთადერთი შესაძლო მიზეზი უარისთვის არის კლასების გადავსება – რაც პოლონელ ბავშვებსაც ეხება. დირექტორი აფასებს ბავშვის ენობრივ დონეს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დამატებით პოლონური ენის გაკვეთილებს (2–5 საათი კვირაში), კულტურათშორისი ასისტენტის ჩართულობას და, საჭიროების მიხედვით, ფსიქოლოგიურ ან პედაგოგიურ დიაგნოსტიკას. მოსწავლის შეფასება ეფუძნება მის პროგრესსა და ძალისხმევას, და არა მხოლოდ ენობრივ უნარებს.

– რა როლს თამაშობს ენობრივი ბარიერის დაძლევა მოსწავლის განათლების ხარისხსა და ინტეგრაციაში?

-ენობრივი ბარიერის დაძლევა არის მთავარი წინაპირობა მოსწავლის აკადემიური და სოციალური პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის. სწრაფი და ეფექტური მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც განათლების სისტემის, ისე ბავშვის ინდივიდუალური განვითარებისათვის.

-როგორ ეხმარებით ქართველ მშობლებს სკოლასთან კომუნიკაციაში, როდესაც მათ უჭირთ პოლონური ენის გამოყენება?

-მე, როგორც ასისტენტი ვახორციელებ შეხვედრების თარგმნას მშობლისა და მასწავლებლის, დირექტორს ან ფსიქოლოგს შორის, ვეხმარები მათ დოკუმენტაციის გაგებაში, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს სასკოლო პროცესთან დაკავშირებით. მშობელს აქვს სრული ინფორმაცია ბავშვის საჭიროებებსა და სირთულეებთან დაკავშირებით. ვაწვდი ინფორმაციას აუცილებელ შეტყობინებებთან დაკავშირებით, რაც იწერება მასწავლებლების მიერ ელ.ჟურნალში, როგორიცაა მშობელთა კრება, ბავშვთა ექსკურსია, კონკურსები, ბავშვის ქცევა.

-რამდენად ხელმისაწვდომია სკოლაში თარჯიმნის ან კულტურათშორისი ასისტენტის დახმარება მშობლისთვის?

-თარჯიმნის ან კულტურათშორისი ასისტენტის დახმარება მშობლისთვის კანონით შესაძლებელია, თუმცა მისი რეალური ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია სკოლის რესურსებსა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერაზე. დირექტორს ამ მიმართულებით ვალდებულება არ აკისრია.

-თქვენი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე, როგორ შეაფასებდით პოლონური განათლების სისტემის მიდგომას უცხოელ ბავშვებთან მიმართებით?

-ჩემი პროფესიული გამოცდილებით, პოლონური განათლების სისტემის მიდგომა უცხოელ ბავშვებთან მიმართებით შეფასდება როგორც დადებითი, თუმცა თანმიმდევრულობისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მაინც გაუმჯობესებას საჭიროებს. სისტემა აღიარებს მრავალფეროვნების მნიშვნელობას, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად დამოკიდებულია კონკრეტული სკოლის რესურსებსა და მიდგომებზე. მიუხედავად იმისა, რომ მიზანი ბავშვის განათლების უზრუნველყოფაა, სისტემას ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს ენობრივი, აკადემიური და სოციალური ინტეგრაციის კუთხით. ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლებს არ გააჩნიათ შესაბამისი მომზადება ინტერკულტურული მუშაობისთვის და ზოგჯერ უცხოელი ბავშვი აღიქმება როგორც „პრობლემური“. ენობრივი ბარიერი ორმხრივია და გავლენას ახდენს საერთო საგანმანათლებლო პროცესზე.

-რას ნიშნავს თქვენთვის მუშაობა კულტურათშორის ასისტენტად – როგორია ამ როლის გავლენა როგორც ბავშვზე, ასევე საზოგადოებაზე?

– ჩემთვის, კულტურათშორისი ასისტენტის როლი მხოლოდ ენოვანი ან პრაქტიკული დახმარება არ არის. ეს არის ხიდის აშენება ადამიანებს, კულტურებსა და სისტემებს შორის – ბავშვისა და საზოგადოების უკეთესი ურთიერთგაგების მიზნით. უცხო გარემოში მყოფი ბავშვი ხშირად გრძნობს თავს გარიყულად და დაკარგულად. ასეთ ვითარებაში, ასისტენტის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვის ინტეგრაციას და მისგან სრულფასოვანი საზოგადოების წევრი ჩამოაყალიბოს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იგრძნოს – განსხვავებულობა არ არის ნაკლი, არამედ რესურსი.

როცა ის ხედავს, რომ ვიღაც მის ენაზე ფიქრობს და მის კულტურას ცნობს, გრძნობს: „აქ ვარ საჭირო, აქ არ ვარ მარტო“. ასევე, მშობლები ხშირად გრძნობენ თავს სისტემის გარეთ – ენა მათთვის ბარიერია, წესები გაუგებარია და ბავშვთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ.

ასისტენტი მათ აძლევს შესაძლებლობას იყვნენ ინფორმირებულები და ჩართულები, დაინახონ, რომ სკოლა მათთვის მტრული კი არა, პარტნიორია და შეიძინონ თავდაჯერება შვილების ინტერესების დასაცავად. მეორე მხრივ, ასისტენტი ეხმარება მასწავლებლებს, რომ გაიგონ ის ბავშვები, რომლებიც დუმან არა იმის გამო, რომ არაფერს გრძნობენ, არამედ იმიტომ, რომ ვერ გადმოსცემენ თავიანთ გრძნობებს.

კულტურათშორისი ასისტენტი ქმნის სივრცეს, სადაც მრავალფეროვნება აღიქმება როგორც შესაძლებლობა და არა პრობლემა. ის ეხმარება ადგილობრივ საზოგადოებას გააცნობიეროს, რომ მიგრანტი ოჯახები საზოგადოების შემადგენელი ნაწილია, ამცირებს შიშებსა და სტერეოტიპებს და ხელს უწყობს ერთობის განცდას განსხვავებულობაში.

ავტორი: ნათია ქიმაძე