2025 წლის 1 მაისს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში,ქალაქის შუაგულში, ბაზრის მოედანზე (Rynek), გაიმართა Gitarowy Rekord Guinnessa , რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს გიტარისტებმა დაამყარეს ახალი რეკორდი – 8122 ადამიანმა ერთდროულად შეასრულა ჯიმი ჰენდრიქსის ლეგენდარული კომპოზიცია „Hey Joe“.


ჩემს მეგობრებთან ერთად მეც ვმონაწილეობდი ამ დიდ მოვლენაში, და ეს გამოცდილება  მემახსოვრება როგორც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური დღე.

ფოტო მეგობრებთან ერთად

დილიდანვე ვროცლავის ქუჩებში იგრძნობოდა განსაკუთრებული განწყობა – ქალაქი აჭრელებული იყო გიტარებით, მუსიკოსებით, ფერადი ბანერებითა და ღიმილიანი ადამიანებით. მონაწილეების რეგისტრაცია დილის 10 საათიდან დაიწყო. სპეციალურად გამოყოფილ ზონებში ვიღებდით ნომრებს, სამახსოვრო სტიკერებსა და სერთიფიკატებს. რეგისტრაცია იყო სრულიად უფასო, ხოლო მონაწილეობის პირობები – მარტივი და ინკლუზიური. საკმარისი იყო მქონოდა გიტარა და მცოდნოდა მხოლოდ ხუთი ძირითადი აკორდი: C, G, D, A და E. სხვათა შორის, დასაშვები იყო ყველა ტიპის გიტარა – აკუსტიკური, ელექტრო, ბას-გიტარა, ასევე ბანჯო, უკულელე და მანდოლინა. მონაწილეობა არ საჭიროებდა ასაკობრივ ზღვარს – სცენაზე იდგნენ როგორც მოზარდები, ისე მოხუცებიც. ზოგი პირველად გამოდიოდა სცენაზე, ზოგისთვის კი ეს უკვე ტრადიცია იყო.

ჩემი უკულელე


სცენაზე მუსიკალური პროგრამა იყო მდიდარი: სხვადასხვა სტილის გიტარისტები და ჯგუფები უკრავდნენ ცოცხლად, ატარებდნენ მასტერკლასებს და გვიზიარებდნენ თავიანთ ისტორიებს. წლევანდელი ფესტივალის გამორჩეული ვარსკვლავი იყო Orianthi Panagaris – ლეგენდარული გიტარისტი, რომელიც მონაწილეობდა მაიკლ ჯექსონის This Is It ტურში, თანამშრომლობდა ელის კუპერთან, სანტანასთან და სტივ ვაისთან. მისი გამოჩენა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო – დინამიკა, ტექნიკა და ემოციური კავშირი მაყურებელთან მყისიერად იგრძნობოდა.



მთავარი მომენტი დადგა დღის 16:00 საათზე. რამდენიმე წუთის განმავლობაში მოედანი გაჩუმდა, შემდეგ კი ათასობით გიტარის ჟღერადობამ ერთდროულად აავსო სივრცე. „Hey Joe“-ს პირველი აკორდიდან ბოლო ხმოვანამდე თითოეული მონაწილე ქმნიდა კოლექტიურ მუსიკალურ ტალღას, რომელიც აუდიტორიის ემოციით იყო გაჟღენთილი. დღის ბოლოს გინესის რეკორდი ოფიციალურად დადასტურდა – 8122 გიტარისტი ერთდროულად უკრავდა ერთსა და იმავე კომპოზიციას. თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკა არ იყო – ეს იყო კულტურის, მეგობრობის, შთაგონების და მუსიკის ზეიმი, რომელშიც თითოეული ადამიანი იყო თანაბრად მნიშვნელოვანი.

თუ მომავალ წელს შენც გინდა იყო ამ ფესტივალის ნაწილი, ეწვიე ოფიციალურ ვებსაიტს heyjoe.pl და დაიწყე მზადება ახლავე. საკმარისია გიტარა, ხუთი აკორდი და სურვილი დაუკრა ერთად მსოფლიო მუსიკალურ საზოგადოებასთან.

ავტორი: ნათია ქიმაძე

ფოტოები გიტარის ფესტივალიდან