ისტორიაში ხშირად ხდება, რომ დიდ ადამიანებს სამწუხაროდ ივიწყებენ – ზოგჯერ პოლიტიკური განზრახვით, ზოგჯერ დროის ბუნებრივი მსვლელობის გამო. ვლადისლავ რაჩკევიჩი, პოლონეთის მეორე რესპუბლიკის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, სწორედ ასეთი მაგალითია. დაბადებული და გაზრდილი საქართველოში, ქუთაისში, იგი გახდა პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და საბოლოოდ ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი დევნილობაში.

ვლადისლავ რაჩკევიჩი (Władysław Raczkiewicz) დაიბადა 1885 წლის 28 იანვარს ქუთაისში, რომელიც იმ დროისთვის რუსეთის იმპერიის ფარგლებში იყო. მისი მამა, იოსებ რაჩკევიჩი, მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ. ვლადისლავმა ბავშვობის და ყრმობის 15 წელი სწორედ ქუთაისში გაატარა, რაც დიდ გავლენას ახდენდა მის მსოფლმხედველობაზე. ქუთაისი იმ პერიოდში ინტელექტუალური და ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რამაც პატარა რაჩკევიჩის განათლებასა და მსოფლმხედველობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ვლადისლავმა იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგისა და ტარტუს უნივერსიტეტებში. სწავლების დასრულების შემდეგ მუშაობდა მინსკში იურისტად, თუმცა მისი მოღვაწეობა მხოლოდ სამოქალაქო საქმიანობით არ შემოიფარგლა – პირველი მსოფლიო ომის წლებში მან დატოვა რუსეთი და ავსტრია-უნგრეთში შეუერთდა პოლონეთის ნაციონალურ მოძრაობას. პოლონეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რაჩკევიჩი დაბრუნდა სამშობლოში და აქტიურად ჩაერთო სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.
ის პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა ოთხჯერ, 1921–1930 და 1935–1936 წლებში. 1930–1935 წლებში იყო პოლონეთის სენატორი და სენატის თავმჯდომარე, რაც მას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად აქცევდა ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში. 1939 წელს, გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ, ვლადისლავ რაჩკევიჩი გადასახლდა პარიზში. აქ ის სათავეში ჩაუდგა დევნილობაში მყოფ პოლონეთის ლეგიტიმურ მთავრობას და 1939-1947 წლებში ოფიციალურად ატარებდა პრეზიდენტის ტიტულს.
მისი მოღვაწეობა დევნილობაში უკავშირდებოდა პოლონური ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე იმ ურთულეს პერიოდში, როდესაც პოლონეთი საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოექცა და დაკარგა დამოუკიდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ იძულებული გახდა სამშობლოსგან შორს ეცხოვრა, ვლადისლავ რაჩკევიჩმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა პოლიტიკური სიფრთხილე, თავდადება და მისია, რომ პოლონეთის დემოკრატიული სულისკვეთება არ გამქრალიყო.ვლადისლავ რაჩკევიჩი გარდაიცვალა 1947 წლის 6 ივნისს დიდ ბრიტანეთში, რუთინში, და დაკრძალულია პოლონურ სასაფლაოზე.
საქართველოში ვლადისლავ რაჩკევიჩის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი ათწლეულების განმავლობაში. მისი ისტორია მრავალწლიანი დავიწყების და განზრახ შეჩერებული ინტერესის მსხვერპლი გახდა – საბჭოთა რეჟიმმა მიზანმიმართულად განარიდა საზოგადოებრივ ცნობიერებას ყველა ის ფიგურა, ვინც დამოუკიდებელ პოლონეთთან იყო დაკავშირებული.

ვლადისლავ რაჩკევჩის ძეგლი ქუთაისში
დღეს, მას შემდეგ, რაც ქუთაისში მის სახელი ერთ-ერთ ქუჩას მიანიჭეს, იწყება ვლადისლავ რაჩკევიჩის მემკვიდრეობის აღდგენის პროცესი. ეს არის სიმბოლური ნაბიჯი, რომ მომავალ თაობებს ახსოვდეთ ერთი გამორჩეული საქართველოში დაბადებული და გაზრდილი პოლონელის ისტორია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე იცავდა თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ადამიანურ ღირსებას.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება