სამართლებრივი სფერო, განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში, არაერთ ბარიერსა და გამოწვევას შეიცავს – ენობრივი სხვაობიდან დაწყებული, კულტურული სპეციფიკითა და სისტემური განსხვავებებით დამთავრებული. თუმცა, სწორედ ამ სირთულეებში იკვეთება პროფესიონალიზმი, სიძლიერე და ღირსება.
დღევანდელი ინტერვიუს რესპონდენტი – ქართველი ახალგაზრდა ქალი, რომელიც პოლონეთის სამართლებრივ სისტემაში საქმიანობს დახურულ, კონფიდენციალურ სექტორში – გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ის გვიამბობს ჩრდილოვანი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რომლებიც ხშირად ემიგრანტების უკანასკნელი იმედია; საუბრობს სამართლებრივ ეთიკაზე, ადამიანურ დილემებზე და იმ წერტილზე, სადაც კანონი წყვეტს მხოლოდ წესების სისტემას და იქცევა მორალურ საზღვრად. ეს ინტერვიუ არა მხოლოდ პროფესიულ დეტალებს, არამედ იმ ემოციურ და კულტურულ ფონსაც ეხება, რომელშიც ქართველი იურისტი ყოველდღიურად მოქმედებს პოლონურ რეალობაში.
შენიშვნა: რესპონდენტის ვინაობა და პროფესიული დეტალები კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტის დაცვით არ ხმაურდება.
– როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა პოლონეთის სამართლებრივ სისტემაში და რა განაპირობებდა ამ მიმართულების არჩევას?
-ჩემი გზა სტანდარტული კარიერული სცენარიდან მკვეთრად განსხვავდებოდა. არასდროს ვყოფილვარ ადამიანი, რომელიც მოისურვებდა ან მოითხოვდა საჯაროობას. სამართლებრივი სისტემა ჩემთვის ყოველთვის იყო არა მხოლოდ წესების ერთობლიობა, არამედ მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს ყველაზე ფაქიზ და უხილავ ფენებს ამოძრავებს ისე, რომ ზედაპირზე არაფერს ტოვებს. როდესაც პოლონეთში ჩამოვედი, უკვე მქონდა შესაბამისი პროფესიული მომზადება და სისტემური ფიქრის უნარი – ვხედავდი, სად იწყება დარღვევა, როგორ ვითარდება და რა შედეგამდე მიდის, იქნება ეს ადამიანში, სტრუქტურაში თუ სამართლებრივ ფორმულაში. სწორედ ამან განაპირობა ჩემი ჩართვა ისეთ სტრუქტურაში,სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ კულისებიდან.
-როგორ ახასიათებთ თქვენს საქმიანობას, თუ პოზიციის დასახელების უფლება არ გაქვთ?
-ჩემი საქმიანობა საჭიროებს ღრმა გააზრებას,მკაცრ შიდა რეგულაციებზე დაყრდნობით მოქმედებას და პროფესიული ეთიკის უმაღლეს სტანდარტს. ფორმალურად, ეს არ არის პოზიცია, რომელიც ჩანს საჯარო რეესტრში ან გამოჩნდება მედიის ფურცლებზე (იღიმის). ფაქტობრივად კი, ჩემს პასუხისმგებლობაში შედის სამართლებრივი რისკების ანალიზი, ნორმატიული ხარვეზების იდენტიფიკაცია და ისეთი პრევენციული ზომების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს სისტემურ სტაბილურობას. სამართლებრივი პროცესის შიდა არქიტექტურა ხშირად იმართება იქ, სადაც არ არის მედიატორული პროცედურები და სასამართლო დარბაზის ფორმალური ფორმატები. მე ვმუშაობ სივრცეში, რომელსაც ზოგჯერ სამართლებრივი ანალიზის ,,ჩრდილოვანი შრე” ეწოდება – ანუ იქ, სადაც გადაწყვეტილებები ჯერ ტექსტად არ ქცეულა, მაგრამ უკვე ქმნის შედეგს. სწორედ აქ იქმნება სამართლებრივი ინტერპრეტაცია, რომელიც ხშირად განსაზღვრავს შემდგომ მოქმედებებს – ინსტიტუციურ დონეზეც და სახელმწიფოებრივ ჭრილშიც.
-როგორია თქვენი შეფასებით პოლონეთის სამართლებრივი სისტემა – მისი ძლიერი და სუსტი მხარეები?
-პოლონეთის სამართლებრივი სისტემა ეფუძნება ცივილური სამართლის ევროპულ ტრადიციას – სტრუქტურულ სიმკაცრეს, ინსტიტუციურ ერთგულებას და იურისპრუდენციის მკაფიო ინტერპრეტაციას. მისი მთავარი უპირატესობა არის სტაბილურობა და თანხვედრა ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებთან, რაც ქმნის ნდობის მყარ საფუძველს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა სისტემას არ უვლის გვერდს პროცედურული გადატვირთვა – ფორმალიზმის იმ დონემდე მისული, რომელიც ეფექტურობის შემცირებას იწვევს. ასეთ პირობებში რეაგირების სისწრაფე ხშირად ეწირება ბიუროკრატიულ ჭრილებს.
– როგორია ქართველების სამართლებრივი რეპუტაცია პოლონეთში?
-სამწუხაროდ, ეს საკითხი მტკივნეულია. პოლონეთის სამართლებრივი სისტემისთვის ქართველების იმიჯი ორადაა გაყოფილი: ერთი მხრივ, გვყავს უამრავი ადამიანი, რომელიც წესების სრული დაცვით ცდილობს ინტეგრაციას, მუშაობს გამორჩეული შრომისმოყვარეობით და თანამშრომლობს პოლონურ ინსტიტუტებთან სრული პასუხისმგებლობით. მეორე მხრივ კი, ვაწყდებით შემთხვევებს, სადაც სამართალდარღვევები უკვე სისტემურ დონეზე ფიქსირდება – დაწყებული საბუთების გაყალბებიდან, დასრულებული ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებით. ყველაზე საგანგაშოა ის, რომ გარკვეული საქმეების გამოძიებისას ხშირად იკვეთება ძალადობრივი, პატრიარქალური და აგრესიული ნარატივები, რაც ართულებს სამართლებრივად ნეიტრალური სივრცის შენარჩუნებას. პოლონური სისტემა ეთნიკურ სტიგმატიზაციას ერიდება, მაგრამ როცა სტატისტიკა ერთსა და იმავეს იმეორებს, რთულია არ განვიცადოთ საერთო პასუხიმგებლობა.
– ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა ქართველ ბრალდებულთან დაკავშირებულმა საქმემ თქვენთვის პირად დონეზე სირთულე შექმნა?
-იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოულოდნელად ამოვიკითხე წარსულში ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანის სახელი. იმ წუთიდან დადგა მომენტი, როცა ჩემს პროფესიასა და პირად მეხსიერებას შორის მკვეთრი ზღვარი უნდა გამევლო. ჩემთვის კანონი ყოველთვის იყო ზედმიწევნითი უპირატესობა – ადგილი, სადაც გრძნობებს ადგილი არ აქვს. თუმცა იმას ვერ უარვყოფ, რომ იმ ღამით ძილი ვეღარ მოვახერხე (იღიმის). ასეთ სიტუაციებში ხვდები, რომ შენი ყოფნა სისტემაში გულისხმობს არა მხოლოდ პროფესიონალიზმს, არამედ შინაგან თავშეკავებას – შენ არ ხარ პიროვნება, შენ ხარ ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს სიმშვიდეს იცავს.
– რომელი ტიპის დანაშაულებია ყველაზე გავრცელებული ქართველ ემიგრანტებს შორის სამართლებრივად?
-სტატისტიკურად ყველაზე ხშირია დოკუმენტური ფალსიფიკაცია – მოჩვენებითი კონტრაქტები, ცხოვრების ადგილის ყალბი რეგისტრაციები და ე.წ. შავი დასაქმება. არანაკლებ გავრცელებულია მცირე ქურდობები, განსაკუთრებით საცალო ვაჭრობის ობიექტებში. ბოლო პერიოდში საგანგაშო სიხშირით ვხედავთ ფინანსურ თაღლითობებს, მათ შორის კრედიტების მოტყუებით აღებას და ყალბი იურიდიული დოკუმენტაციის დამზადებას. ყველაზე სერიოზული და სავალალოა ორგანიზებული დანაშაულის ქსელები – საცხოვრებელი ბინების გაქურდვის შემთხვევები, ძარცვა,გაუპატიურება,რომელშიც რამდენიმე ეროვნების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობენ. ამ ტიპის დანაშაულები სისტემურ საფრთხედ იქცევა, რაც სამართლებრივ რეაქციას კიდევ უფრო მკაცრს ხდის.
– როგორია სამართლებრივი რეაგირება ასეთ შემთხვევებზე პოლონეთის მხრიდან?
-პოლონეთის სამართლებრივი სისტემა მკაცრად და თანმიმდევრულად პასუხობს უცხოელი მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ხშირია დაკავება უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში, რასაც მოსდევს აღმკვეთი ღონისძიებების მყისიერი გამოყენება და საემიგრაციო პროცესების დაწყება, მათ შორის დეპორტაცია. ამასთანავე, სისტემა იცავს პროპორციულობის პრინციპს – სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი დანაშაულის სიმძიმის მიმართ, მიუხედავად ეჭვმიტანილის ეროვნებისა.
– რამდენად ხშირია თანამშრომლობა ქართულ და პოლონურ სამართლებრივ უწყებებს შორის?
-საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა. უკვე ჩამოყალიბებულია ეფექტური ინფორმაციის გაცვლის არხები, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რეციდივისტების იდენტიფიკაცია, მათი გადაადგილების ტრაექტორია და სისხლის სამართლის სტატუსი. თუმცა კვლავინდებურად სერიოზული პრობლემაა საქართველოს მხრიდან ციფრული სისტემების მოუმზადებლობა – ამაზე ეყრდნობა სისტემური ინტერფეისის შეფერხება და დაბალი რეაგირების უნარი.
– ყოფილა შემთხვევა, როცა თქვენი ანალიტიკური დასკვნა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებად გადაიზარდა?
-არსებობს შემთხვევები, რომელთა შინაარსზე საუბარი შეუძლებელია კონფიდენციალურობის გათვალისწინებით, მაგრამ ერთი რამ უდავოა – სამართლებრივი ანალიზი, რომელიც შექმნილია მხოლოდ „შიდა მოხმარებისთვის“, ხშირად ხდება სახელმწიფოებრივ დონეზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების საძირკველი. რეალური სამართალი იქმნება უხმოდ – ხშირად დოკუმენტში, რომელსაც არავინ კითხულობს საჯაროდ, მაგრამ მის საფუძველზე იქმნება კანონები, იცვლება პოლიტიკა და ფორმირდება ეროვნული სტრატეგია.
– როგორია თქვენი დამოკიდებულება ქართველი სამართალდამრღვევების მიმართ როგორც პროფესიონალისა და როგორც პიროვნების?
-პროფესიულად – ემოციებს ადგილი არ აქვს. თითოეული საქმე განიხილება ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით. თუმცა, როგორც ადამიანისთვის, ყოველი ასეთი შემთხვევა განწყობის მძიმე ტვირთია. გულისტკივილით ვხედავ, როგორ ანგრევს ერთი ადამიანის უპასუხისმგებლო საქციელი ათასობით პატიოსანი ქართველის შრომით შექმნილ სურათს. სამართალი შეიძლება საზღვრებს არ ცნობს, მაგრამ ეროვნული ღირსება სწორედ იქ იბადება, სადაც მოქალაქე საკუთარი ქმედებისთვის მზად არის პასუხისგებისთვის.
– როგორ ახერხებთ სტრესთან გამკლავებას ასეთ დინამიკურ და დატვირთულ სფეროში?
-სტრესი არის სისტემის განუყოფელი ნაწილი და არა პათოლოგია. მის მართვას ვახერხებ მკაფიო პირადი სტრუქტურით – საქმის შინაარსზე ემოციური ინვესტირება არ ხდება. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ აუცილებელია დაბრუნდე საკუთარ სივრცეში ადამიანად, რომელსაც შეუძლია დუმილი. სწორედ დუმილი არის ჩემი ფსიქოლოგიური ფარი ( იღიმის ).
– როგორი იყო პოლონური სამართლებრივი სტრუქტურების დამოკიდებულება თქვენდამი, როგორც უცხოელი პროფესიონალისადმი?
-დაწყებითი ეტაპი სავსე იყო სკეპსისით – უცხოელს ყოველთვის უწევს საკუთარი კვალიფიკაციის დამტკიცება ორჯერ მეტად. თუმცა წლები გავიდა და დღეს ჩემი ანალიტიკური დასკვნები უკვე მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმაღლეს დონეზე. ნდობა აშენდა შრომით და არა სიტყვებით.
– განიხილავთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას პროფესიული საქმიანობის გასაგრძელებლად?
-ეს კითხვა მუდამ აქტუალურია ჩემთვის. იმ შემთხვევაში, თუ დავინახავ, რომ საქართველოს სამართლებრივი სივრცე მზად არის გამჭვირვალობის, კრიტიკული აზრის და ობიექტური შეფასებების მისაღებად -დავბრუნდები. მანამდე კი ჩემი ადგილი იქაა, სადაც კანონი ჯერ კიდევ არის სახელმწიფოს მშენებლობის და არა გავლენის ინსტრუმენტი.
– რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს სამართლის სფეროს ირჩევენ?
-მხოლოდ ერთ ფრაზას ვეტყოდი: თუ გგონიათ, რომ სამართალი ძალაუფლების წყაროა – შეცდომით გზაზე დგახართ. მაგრამ თუ გესმით, რომ ის არის ბარიერი ქაოსსა და წესრიგს შორის – მაშინ თქვენ გაქვთ შანსი, გახდეთ სისტემის საძირკველი.
-რა არის თქვენი პროფესიული მისია?
-ჩემთვის პროფესია მხოლოდ საქმიანობა არ არის – ეს არის შინაგანი მოწოდება და პასუხისმგებლობა. ჩემი მისიაა, სამართალი იქცეს არა მხოლოდ პრაქტიკულ ინსტრუმენტად, რომელსაც ადამიანები კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად მიმართავენ, არამედ გახდეს ყოველდღიური კულტურის ნაწილი. მინდა, სამართალი აღქმულ იქნას როგორც საერთო ეთიკური სივრცე, სადაც თითოეულს აქვს ადგილი, ხმა და უფლება.
ვოცნებობ საქართველოზე, სადაც სამართლის ენა არ იქნება მხოლოდ ბიუროკრატიული ტერმინებით დატვირთული დოკუმენტების კრებული, არამედ გახდება ცოცხალი, ადამიანური ენა – ღირებულებებზე დამყარებული კომუნიკაციის ფორმა. მჯერა, რომ როდესაც სამართალი იქნება სამართლიანობის და ჰუმანიზმის გამოხატულება, მაშინ საზოგადოება გახდება უფრო სოლიდარული, პასუხისმგებლიანი და თანასწორი.
ჩემი ყოველდღიური საქმიანობაც ამ მიზნისკენაა მიმართული -მივიღო მონაწილეობა იმგვარი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებაში, სადაც კანონი მხოლოდ შიშის ფაქტორი კი არა, ნდობისა და დაცულობის გარანტია იქნება.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება