ემიგრანტების რაოდენობა პოლონეთში ბოლო ათწლეულში მუდმივად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ზრდა 2017 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ამ მოვლენამ მნიშვნელოვნად შეცვალა მიგრაციული დინამიკა და ქართულ საზოგადოებას გაუხსნა ახალი შესაძლებლობები სამუშაო ბაზარზე.

სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ 2023 წლისთვის პოლონეთის სოციალური დაზღვევის ინსტიტუტში (ZUS) რეგისტრირებული იყო 27,434 საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ეს პირები ოფიციალურად დასაქმებულნი არიან და მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება პოლონეთში ბინადრობის უფლებას, 2021 წლისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვა 15,000-ზე მეტ ქართველს ჰქონდა მინიჭებული. მათგან 96 პროცენტი ქვეყანაში სამუშაო მიზნებით იმყოფებოდა.ემიგრანტთა უმრავლესობა შრომისუნარიან ასაკშია და ძირითადად 18-დან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში მყოფი ქართველების დაახლოებით 80 პროცენტი მამაკაცია, რაც მიუთითებს შრომითი მიგრაციის მახასიათებლებს და გენდერულ დისბალანსს ამ კონტექსტში.
ქართველების ემიგრაციის ერთ-ერთ ძირითად მამოძრავებელ ძალად კვლავ ეკონომიკური ფაქტორები რჩება. საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა – მათ შორის დაბალი ხელფასები, უმუშევრობის მაღალი დონე და ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესების შეზღუდული შესაძლებლობები – მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მოსახლეობის მიგრაციას საზღვარგარეთ. პოლონეთი, თავის მხრივ, ემიგრანტების თვალსაზრისით მიიჩნევა როგორც ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და პერსპექტიული ალტერნატივა, რომელიც მომხმარებელთა მზარდ საჭიროებებზე მორგებულ შრომით ბაზარს სთავაზობს უცხოელ მუშახელს.განსაკუთრებით პოპულარულია დროებითი და სეზონური დასაქმება სოფლის მეურნეობაში, ფაბრიკა – ქარხნებში,მშენებლობასა და მომსახურების სფეროში.
მიუხედავად შრომითი შესაძლებლობებისა, ქართველ ემიგრანტებს რიგი სირთულეების გადალახვა უხდებათ. ყველაზე თვალსაჩინოა ენის ბარიერი, რაც მათ ეფექტურ კომუნიკაციასა და პროფესიულ ზრდაში ხელს უშლის. გარდა ამისა, ხშირია პრობლემები დოკუმენტაციის სწორად გაფორმებასთან, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასთან და კულტურულ ადაპტაციასთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მრავალი ქართველი ემიგრანტი მაინც ახერხებს პოლონური შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციას და საკუთარი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბოლო თვეებში, მედია საშუალებებში გახშირდა ინფორმაცია კრიმინალურ შემთხვევებთან დაკავშირებით, რომლებშიც ქართველები ფიგურირებენ. ასეთი ცნობები დიასპორის ზოგად იმიჯზე უარყოფით გავლენას ახდენს და ქმნის რისკს, რომ პოლიტიკურმა წრეებმა აღნიშნული შემთხვევები მიგრაციის რეგულაციების გამკაცრებისთვის გამოიყენონ. ეს ვითარება კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს იმ აუცილებლობას, რომ როგორც საქართველოს სახელმწიფო, ისე დიასპორული ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთონ ემიგრანტების მხარდაჭერის პროცესში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამართლებრივ და საგანმანათლებლო მხარდაჭერას. საჭიროა ქართული მხარის მიერ სისტემური და გააზრებული მიდგომების განხორციელება, რაც მოიცავს: პროფესიულ და ენობრივ მომზადებას, მათ შორის პოლონური ენის კურსებსა და ადაპტაციის პროგრამებს; საინფორმაციო კამპანიებს, რომლებიც ემიგრანტებს დაეხმარება საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობაში; საკონსულო სამსახურის აქტიურ ჩართულობას კრიზისულ სიტუაციებში; დიასპორის ორგანიზაციების გაძლიერებას, რაც ხელი შეუწყობს ემიგრანტების ინტერესების დაცვას და მათი კულტურული იდენტობის შენარჩუნებას. ქართველთა ემიგრაცია პოლონეთში მხოლოდ სტატისტიკური ციფრებით შემოფარგლული პროცესი არ არის – ის თითოეული ადამიანის ინდივიდუალური არჩევანის, საჭიროების და იმედის გამოძახილია. უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი საჭიროებს არა მხოლოდ პირად ძალისხმევას, არამედ მიზნობრივ პოლიტიკას, საერთაშორისო თანამშრომლობას და ქვეყნის მხრიდან მყარ მხარდაჭერას. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მიგრაციის გარდაქმნა ეროვნული განვითარების ერთ-ერთ მთავარ რესურსად.
უახლესი ტენდენციები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ემიგრანტების რაოდენობის ზრდის დინამიკას. ბოლო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების შემდეგ, რომელიც 2023 წელს ZUS-ში რეგისტრირებულ 27,434 ქართველს ასახავდა, მიმდინარე პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი, არასრული ოფიციალური წყაროების მიხედვით, სავარაუდოდ ორმაგად გაიზარდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პოლონეთი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ მიგრაციულ მიმართულებად ქართველი მოქალაქეებისთვის, რაც დაკავშირებულია როგორც შრომითი ბაზრის მზარდ მოთხოვნებთან, ასევე იმ ფაქტთან, რომ უკვე არსებული დიასპორის გავლენით ქვეყნაში ადაპტაცია შედარებით გამარტივდა.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება