გრიგოლ ფერაძე ის მოღვაწეა, რომელმაც ქართული სული და იდეა საზღვრებს გარეთაც შეინარჩუნა და გაავრცელა. მისთვის ევროპაში დარჩენა კომფორტის ან კარიერული არჩევანი არ ყოფილა – ეს იყო იძულებითი განშორება სამშობლოსთან, რომლისკენაც მუდამ მიისწრაფვოდა. ვერ დაბრუნდა, მაგრამ გააკეთა საქართველოსთვის ის, რაც მაშინ სამშობლოში შეუძლებელი იყო: გახდა ქართული კულტურის ელჩი, რომლის სიტყვა საერთაშორისო სივრცეში სერიოზულად აღიქმებოდა. მისი ტკივილიანი მონატრება და დაუღალავი სამეცნიერო შრომა ერთმანეთს ენაცვლებოდა, თითქოს სწორედ ამ ტკივილმა შთააგონა, ემიგრაციაში ყოფნა ქართულ საქმეს მიეძღვნა.



1942 წლის 6 დეკემბერს, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გაზის კამერაში, გერმანელმა ჯარისკაცებმა ქართველი მღვდელი, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილი მან საკუთარი სურვილით აირჩია – შევიდა კამერაში სხვა, უცნობი პატიმრის ნაცვლად. ამ დროს იგი მხოლოდ 43 წლის იყო. ეს გადაწყვეტილება არ იყო შემთხვევითი – ეს იყო ბოლო და ყველაზე მძაფრი გამოხატულება იმ შინაგანი გზისა, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე მიჰყვა.გრიგოლ ფერაძის ცხოვრება მტკიცე რწმენის, ინტელექტუალური სიღრმის და ეროვნული ღირსების ერთიანი კვეთაა. მისი ბიოგრაფია არ არის მხოლოდ სასულიერო მოღვაწის ისტორია – ეს არის სინათლის გზით მიმავალი ადამიანის მაგალითი, რომლის ნაბიჯებსაც დღესაც მრავალი ადამიანი სდევს.

გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 აგვისტოს სოფ.ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა)მღვდლის ოჯახში დაიბადა. სულიერი განათლება ოჯახურ ტრადიციად ერგო – მამა მღვდელი იყო, დედა მღვდლის შვილი. მან საწყისი განათლება თბილისში მიიღო და მალევე გამოიჩინა განსაკუთრებული ტალანტი ენებისა და თეოლოგიური კვლევის მიმართ. ახალგაზრდობის მიუხედავად, 1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ იარაღით შეიარაღებულმა იბრძოლა ორ ძმასთან ერთად. ეს იყო პირველი ნაბიჯი მის განწირულ, მაგრამ დიდი ღირებულებების მქონე გზაზე.1921 წელს გრიგოლი ევროპაში სასწავლებლად გაემგზავრა გელათის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით. ბერლინის უნივერსიტეტში თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს სწავლობდა, მოგვიანებით კი სწავლა ბონის უნივერსიტეტში გააგრძელა ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მან არაერთი ცოცხალი და მკვდარი ენა აითვისა: გერმანული, ფრანგული, ლათინური, ბერძნული, სირიული, სომხური და სხვა.

თამარ ჭუმბურიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევარი აღნიშნავს, რომ ფერაძე სწავლის უმაღლეს სტანდარტებზე დაფუძნებულ გერმანიაში მოხვდა, სადაც აღიარებული აღმოსავლეთმცოდნეები მოღვაწეობდნენ. მათთან თანამშრომლობამ და ერთობლივმა სამეცნიერო ნაშრომებმა კიდევ უფრო განამტკიცა მისი ადგილი ევროპულ აკადემიურ წრეებში.

1931 წელს, ლონდონში, ფერაძე ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით, იგი პარიზში, მის მიერვე დაარსებულ წმინდა ნინოს ქართულ ეკლესიაში გადაიყვანეს. მისთვის ბერობა მხოლოდ ფორმალური მდგომარეობა არ ყოფილა – ის მისი სულიერი ტრანსფორმაციის შედეგი იყო. რომანოზ ფერაძის მონათხრობით, გრიგოლმა ხილვა ნახა მძიმე ავადმყოფობისას და გადაწყვიტა, რომ დარჩენილი სიცოცხლე მთლიანად ღმერთისთვის მიეძღვნა.

თეოლოგი დავით თინიკაშვილი წერს, რომ გრიგოლ ფერაძე ევროპაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართველოლოგად ითვლებოდა. პოლონელი ბიოგრაფი ჰენრიკ პაპროცკი კი აღნიშნავდა, რომ მეორე მსოფლიო ომამდე ფერაძე ევროპაში ქართველოლოგიის უპირველესი სპეციალისტი იყო. ბონში დაცულ სადოქტორო დისერტაციას და შემდეგ უკვე ქართული ენის მასწავლებლად დანიშვნას ევროპის აკადემიურ სამყაროში დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. მისმა ნაშრომებმა არა მხოლოდ საქართველო გააცნო დასავლეთს, არამედ საფუძველი ჩაუყარა ქართველოლოგიის ახალ ეტაპს.

ფერაძე საკუთარ დღიურებში აღწერს მოგზაურობას ისრაელსა და სირიაში. ის ეძებდა ქართული და სომხური წარწერების კვალს, და ამ გზაზე ხშირად აწყდებოდა ისეთ ემოციურ ეპიზოდებს, რომლებიც მის დღიურებს ღრმა ფილოსოფიური განზომილებას ანიჭებს:
„გზის ნახევარი გვქონდა გავლილი, როცა ხელმარცხნივ წმინდა ელიას სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია დავინახეთ,ხოლო ბეთლემის შესასვლელთან,გზის მარჯვენა მხარეს – რაქელის საფლავი… ცხენი დიდსულოვნად დამითმო ერთმა ექსკურსანტმა და მითხრა: ,,თქვენ, როგორც ქართველს, ამ ქალაქში ვირით შესვლა არ გეკადრებათ.“

გრიგოლ ფერაძე არ ყოფილა იმ ემიგრანტთაგანი, ვინც უცხოეთს თავისუფალი არჩევანით აფარებს თავს. მას დაბრუნება სურდა- არაერთხელ მიმართა საბჭოთა საკონსულოს, თუმცა უარით პასუხობდნენ. ეს იყო ის დრო, როდესაც ყველაზე ძნელი ზუსტად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება ხდებოდა. მოლოდინით დაღლილი, გაწბილებული ფერაძე კორნელი კეკელიძეს სწერდა: „მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრით უზრუნველყოფილი ვარ, საშინლად ვიტანჯები, არაფრის ხალისი აღარ მაქვსო. რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში? რა დავაშავე?“

მართალია, ფერაძე ვეღარ დაბრუნდა საქართველოში, თუმცა საზღვარგარეთ მოახერხა ის, რაც შესაძლოა სამშობლოშიც კი ვერ გაეკეთებინა. გახდა ქართული კულტურის ერთგული მქადაგებელი – როგორც აკადემიურ წრეებში, ისე ფართო საზოგადოებაში. ის ხშირად იღებდა მონაწილეობას აღმოსავლეთმცოდნეთა საერთაშორისო კონფერენციებში და ერთ-ერთ მათგანზე ისეთი შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნა დადგენილება – ქართულ ლიტერატურას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ის არაერთ ევროპულ ჟურნალთან თანამშრომლობდა. ყველგან ცდილობდა, საქართველოსა და მის ლიტერატურაზე ინფორმაცია შეეტანა, ქვეყნის სახე დაეხატა, როცა თავად იქ არ ყოფნა უწევდა. „მისი ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომია უცხოელი პილიგრიმების ცნობები ქართული მონასტრებისა და ქართული ბერ-მონაზვნობის შესახებ წმინდა მიწაზე. ქართული ავტოკეფალიის შესახებ საუბრისას, ამ ნაშრომს ხშირად იშველიებდნენ,“ –-ამბობს თამარ ჭუმბურიძე.

გროგოლ ფერაძე ვარშავაში მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად მიიწვიეს. ასე აღმოჩნდა ის პოლონეთში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო. 1942 წლის 6 დეკემბერს, ის თავისი ფეხით შევიდა გაზის საკანში. ერთი ვერსიით, მრავალშვილიან ებრაელს გაუცვალა ადგილი, მეორე ვერსიით კი სხვის მიერ მოპარული პურის ქურდობა დაიბრალა. მაშინ პურის მოპარვა სიკვდილით ისჯებოდა.

გრიგოლ ფერაძე პოლონეთში არა მხოლოდ როგორც ღრმა სულიერი და აკადემიური მოღვაწე, არამედ როგორც გმირი და მოწამეა ცნობილი. მისი სახელი პოლონურ საზოგადოებაში პატივისცემით აღინიშნება და მრავალმხრივი მემორიალური ღონისძიებები ტარდება მის ხსოვნისადმი მიძღვნილი.ვარშავის უნივერსიტეტში გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიური კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. 2024 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა 21-ე საერთაშორისო კავკასიური კონფერენცია, რომელიც დაემთხვა მის დაბადებიდან 125-ე და ოსვენციმის გათავისუფლების მე – 80 წლისთავს. ღონისძიებას ვარშავის უნივერსიტეტის რექტორი, მეცნიერები და დიპლომატები ესწრებოდნენ. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ბიზანტიური მუსიკის კონცერტი.აღევლინა ლიტურგია.ვარშავაში მოქმედებს წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც ყოველ 6 დეკემბერს, მისი მოწამეობრივი აღსასრულის დღეს, ლოცვა ტარდება.

პოლონეთში ხშირად ნახავთ გრიგოლ ფერაძის ხატებს და ფრესკებს. არსებობს წმინდა გრიგოლის საძმო, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს, მეცნიერებს და ინტელიგენციას. ასევე, პოლონელი ექიმების საზოგადოება, რომელიც მის სახელს ატარებს. გრიგოლ ფერაძის მემკვიდრეობა პოლონეთში ცოცხალია და მისი სახელი სულიერი, აკადემიური და კულტურული ხსოვნის სიმბოლოდ რჩება.

1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა.

ავტორი : ნათია ქიმაძე