პოლონური აღდგომა (Wielkanoc) ერთ-ერთი ყველაზე ღრმად ფესვგადგმული დღესასწაულია ქვეყნის რელიგიურ, კულტურულ და ოჯახურ ცხოვრებაში. იგი ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანეს მოვლენას – იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება და პოლონეთში არა მხოლოდ როგორც ეკლესიური, არამედ როგორც სახალხო და ეროვნული დღესასწაულად აღიქმება. აღდგომა პოლონეთში მრავალსაუკუნოვანი რელიგიური რიტუალების, სამზარეულოს ტრადიციებისა და ფოლკლორული ელემენტების ერთიანობას წარმოადგენს – ეს დღეები წარმოადგენს ღრმა სულიერი განწმენდის, ოჯახის გაერთიანებისა და კულტურული მემკვიდრეობის ცოცხალ გამოვლინებას.

აღდგომის დასაწყისად პოლონეთში დიდმარხვის პერიოდი (Wielki Post) ითვლება, რომელიც მოიცავს 40-დღიან თავშეკავებას, ლოცვას და სულიერ რეფლექსიას. ეს დრო ქრისტიანებისთვის სინანულისა და განწმენდის ეტაპია. პოლონურ ტრადიციაში მარხვა ხშირად არ მოიაზრებს მხოლოდ საკვების ტიპობრივ შეზღუდვას, არამედ ცხოვრებისეული სიმარტივისკენ სწრაფვას – ხშირია სოციალური და კულტურული თავშეკავება, ალკოჰოლზე, ხმაურიან გართობასა და ხორცეულზე უარის თქმა.

მარხვის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მომენტია ბზობის კვირა (Niedziela Palmowa), რომელიც აღინიშნება ერთი კვირით ადრე აღდგომამდე. ამ დღეს ტაძრებში მიაქვთ ხელნაკეთი პალმები – ფერადი დეკორაციები, დამზადებული ხის ტოტებისგან, ყვავილებისგანა და ჩალისგან, რაც სიმბოლურად ქრისტეს იერუსალიმში შემოსვლას უკავშირდება.










ბზობის კვირა

დიდი პარასკევი და დიდი შაბათი

აღდგომის წინა დღეები – დიდი პარასკევი (Wielki Piątek) და დიდი შაბათი (Wielka Sobota)-განსაკუთრებული სიწმინდისა და სიმშვიდის პერიოდად ითვლება. დიდი პარასკევი არის დღე, როცა ეკლესიებში დუმილის ატმოსფერო სუფევს, არ ტარდება ღვთისმსახურება და ტაძარში მოთავსებულია ქრისტეს სიმბოლური საფლავი. ამ დღეს ბევრი პოლონელი მკაცრ მარხვას იცავს – უარს ამბობს არა მხოლოდ ხორცეულზე, არამედ  ყოველდღიურ კომფორტზეც კი.

დიდი შაბათის მთავარი რიტუალია საკვების კურთხევა (Święconka). ტრადიციული კალათები, თეთრი ქსოვილით დაფარული, სიმბოლური პროდუქტებით ივსება: მოხატული კვერცხებით (pisanki), პურით, ლორით, ძეხვით, ხაჭოთი, კარაქით, მარილითა და მოხარშული ცხარე ბოლოკით. ეს საკვები მორწმუნეებს ეკლესიაში მიაქვთ, სადაც მღვდელი მას აკურთხებს. თითოეულ პროდუქტს ღრმა სიმბოლური დატვირთვა აქვს: კვერცხი -სიცოცხლისა და ხელახლა დაბადების სიმბოლოა, მარილი – დაცვას და სიწმინდეს აღნიშნავს, ხოლო ხორცეული – ჯანმრთელობას და ოჯახის კეთილდღეობას. ამ საკვებით აღდგომის საუზმე იწყება.















საკვების კურთხევა

აღდგომის დილა

აღდგომის კვირა (Niedziela Wielkanocna) იწყება საზეიმო წირვით, რომელიც გამთენიისას, მზის ამოსვლასთან ერთად ტარდება. ეს მსახურება უკავშირდება ქრისტეს აღდგომის გამოცხადებას და მას ხშირად აცილებენ საზეიმო ზარების რეკვითა და საეკლესიო პროცესიით.

წირვის შემდეგ ოჯახი იკრიბება საზეიმო საუზმეზე. ტრადიციულად, ოჯახური სუფრის პირველი ნაწილი იწყება ნაკურთხი კვერცხის გაყოფით – ოჯახის უფროსი კვერცხს დაარიგებს და თითოეულ წევრს საუკეთესო სურვილებს უსურვებს. ეს ჟესტი გადმოსცემს აღდგომის არსს – გაყოფას, გაზიარებასა და სიყვარულს.

პოლონური სააღდგომო სუფრა გამოირჩევა სიუხვითა და სიმბოლურობით. მთავარი კერძებია Żurek – მჟავე წვნიანი, რომელიც თეთრ ძეხვსა და მოხარშულ კვერცხს შეიცავს. ტკბილეული, როგორიცაა Mazurek (ბრტყელი ნამცხვარი სხვადასხვა შიგთავსით) და Babka (იგივე პასქა,ყალიბში გამომცხვარი ნამცხვარი, ხშირად ლიმონის ან ვანილის არომატით). სუფრაზე ასევე შეხვდებით Chrzan-ს – ცხარე ხახვს ან ბოლოკს, რომელიც ქრისტეს სიმამაცეს განასახიერებს.















ჟურეკი-პოლონური სააღდგომო კერძი

Śmigus-Dyngus – სველი ორშაბათი

აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი – Śmigus-Dyngus (Lany Poniedziałek), ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და უნიკალური პოლონური ტრადიციაა. ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს წყალს ასხამენ – ბავშვები, ახალგაზრდები და ხშირად უფროსებიც – ეზოებში, ქუჩებში, სოფლად და ქალაქად.

ტრადიცია ორ ნაწილად იყოფა: Śmigus –  წყლის გადასხმისა და გამწმენდი რიტუალის ნაწილი, რომელიც სინანულისა და სიწმინდის სიმბოლოა, ხოლო Dyngus – სააღდგომო ვიზიტებისა და საჩუქრების გაცვლის პრაქტიკა. ისტორიულად, ეს ტრადიცია გამოიყენებოდა რომანტიკული მიზნებისთვისაც: ბიჭები წყალს ასხამდნენ მათთვის საინტერესო გოგონებს -რაც, წარსულში, სიმპათიისა და გულისხმიერების გამოხატულებად ითვლებოდა. საპასუხოდ, მეორე დღეს გოგონებს შეეძლოთ იგივე ჟესტით პასუხი გაეცათ.

რეგიონული განსხვავებები და თანამედროვე ყოფიერება

Śmigus-Dyngus პოლონეთის სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ფორმით აღინიშნება. ქაშუბაში, მაგალითად, ტრადიციულად მდინარეში ცურვა და სახის დაბანა იყო ჩვეული -ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნების მიზნით. ვიელიჩკაში კი დღემდე მოქმედებს სიუდა ბაბას (Siuda Baba) ტრადიცია – მამაკაცები, სახეზე ჭვარტლით შეღებილნი და ძველ ტანსაცმელში გამოწყობილნი, დადიან სოფლებში და სახალხო წარმოდგენებს მართავენ.

მსგავსი წყალზე დაფუძნებული აღდგომის ტრადიციები სხვა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებშიც გვხვდება – მათ შორის ჩეხეთში, სლოვაკეთში და უნგრეთში. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში კი (მაგ. ბალკანეთში) არსებობს მოსავლისა და ნაყოფიერების გარანტიის რიტუალები, სადაც წყალს ანალოგიური დატვირთვა ენიჭება. თუნდაც შორეულ ტაილანდში, წყლის დღესასწაული – Songkran – ფესტივალია, რომელიც ხალხის წყლით დასველებას და სიხარულის გაზიარებას უკავშირდება.

ავტორი: ნათია ქიმაძე