დღევანდელ მსოფლიოში, როცა გლობალიზაცია და კულტურათაშორისი კომუნიკაცია ყოველდღიურად უფრო მჭიდრო ხდება, ენის ფლობა აღარ არის მხოლოდ დამატებითი უნარი – ის გარდაუვალი აუცილებლობაა პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად იზრდება ინტერესი პოლონური ენის შესწავლისადმი. ეს ტენდენცია განპირობებულია როგორც პოლონეთისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებით, ისე პოლონეთში განათლებისა და დასაქმების მზარდი შესაძლებლობებით.
პოლონური ენა არა მხოლოდ კარიერის მშენებლობის ახალი გზებს ხსნის ქართველებისთვის, არამედ იმითაც არის გამორჩეული, რომ პოლონური კულტურისა და ტრადიციების გაცნობის საშუალებას იძლევა. პოლონეთის ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება და საზოგადოებრივი ცხოვრება იმსახურებს ქართულ საზოგადოებაში უფრო ფართო და ღრმა გააზრებას, რაც კიდევ უფრო ამყარებს ორხმრივ მეგობრულ კავშირებს.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ პოლონური ენის შესწავლის მნიშვნელობაზე, მის როლზე ქართულ-პოლონურ ურთიერთობებში და იმ შესაძლებლობებზე, რასაც პოლონური ენის ფლობა სთავაზობს ქართველ ახალგაზრდებს და პროფესიონალებს. ჩვენი სტუმარია შორენა მელქუაშვილი – ადამიანი, რომელმაც პირადად გამოსცადა პოლონური ენის დაუფლების ყველა სარგებელი და დღეს უკვე სხვა ადამიანებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას.

ავტორი : ნათია ქიმაძე


– შორენა,გვითხარით ცოტა რამ თქვენს შესახებ – როგორ მოხვდით პოლონეთში და რატომ გადაწყვიტეთ აქ ცხოვრება?

-პოლონეთში პირველად დაახლოებით ცხრა წლის წინ ჩამოვედი. ჩემი ისტორია, შესაძლოა, გარკვეულწილად რომანტიკულადაც კი შეფასდეს. პოლონეთში წამოსვლის გადაწყვეტილება პირდაპირ იყო დაკავშირებული ჩემი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენასთან. კერძოდ, პოლონელი მეუღლე ეგვიპტეში გავიცანი. მანამდე პოლონეთზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდა, არასდროს ვყოფილვარ აქ და არ ვიცნობდი არც კულტურას და არც ენას. თუმცა ძალიან მალე ჩვენი ურთიერთობა სერიოზული გახდა და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებაც ბუნებრივად მივიღეთ.
პოლონეთში ჩემი პირველი ვიზიტი ვარშავაში შედგა, სადაც პირველი შთაბეჭდილება ქვეყნის ორგანიზებულობამ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებულობამ და საზოგადოებრივ სივრცეებში სისუფთავემ მოახდინა. სწორედ ამ ფაქტორებმა, აგრეთვე ადგილობრივი საზოგადოების სტუმართმოყვარეობამ,მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმაზე, რომ საბოლოოდ პოლონეთში დასახლება გადავწყვიტე. განსაკუთრებულად უნდა გამოვყო ჩემი მეუღლისა და მისი ოჯახის მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერა, კეთილგანწყობა,რაც დამატებითი მოტივაცია იყო, რომ პოლონეთში პროფესიული და პირადი განვითარების ახალი ეტაპი დამეწყო.

– რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე პოლონური ენის სწავლის პროცესში?

-პოლონური ენის შესწავლა ჩემთვის, როგორც უცხოელისთვის, საკმაოდ საინტერესო, თუმცა ერთდროულად სირთულეებით დატვირთული პროცესიც აღმოჩნდა. თავდაპირველად, საქართველოში ყოფნისას, დამოუკიდებლად დავიწყე ენის შესწავლა სხვადასხვა ონლაინ რესურსის საშუალებით. თუმცა, როდესაც რეალურად პოლონეთში გადმოვედი და აქტიური კომუნიკაცია დამჭირდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ძალიან მკაფიოდ დავინახე პრობლემები.

ერთ-ერთი მთავარი სირთულე იყო ის ფაქტი, რომ ქართულ ენაზე არ არსებობდა შესაბამისი სწავლების სისტემატური რესურსი.  ფაქტობრივად არ მოიძებნებოდა ქართულ-პოლონური ლექსიკონები, სახელმძღვანელოები და შემსწავლელი მასალები, რომლებიც დამწყებთათვის ადაპტირებული იქნებოდა.
ჩამოსვლის შემდეგ უკვე ადგილობრივებთანაც მქონდა  ურთიერთობა,  თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ხელი მიმიწვდებოდა პოლონურენოვან ლიტერატურაზე, ყველაზე დიდ სირთულეს მაინც წარმოადგენდა პოლონური სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე არარსებობა, ასევე ინტერნეტ სივრცეშიც არ არსებობდა  ქართულ-პოლონური სასწავლო მასალები, აღარაფერს ვამბობ ქართულენოვან მასწავლებელზე.


-თქვენი აზრით, ქართველებისთვის პოლონური ენის სწავლაში ყველაზე რთული რა არის?

– პოლონური ენის შესწავლისას ორი ძირითადი სირთულე არსებობს. პირველი გრამატიკასთან არის დაკავშირებული. პოლონური გრამატიკა საკმაოდ რთული და დეტალიზებულია, მოიცავს მრავალწახნაგოვან წესებსა და მათ გამონაკლისებს, რაც დამაბნეველია ადამიანისთვის, ვინც აბსოლუტურად განსხვავებულ ენაზე საუბრობს, როგორიცაა ქართული.

მეორე სირთულე კი პოლონური ენის ფონეტიკას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ პოლონური ბგერების წარმოთქმა, ზოგადად, შეუძლებელია შეფასდეს როგორც განსაკუთრებით რთული, ქართველებისთვის უჩვეულოა მათი კომბინაცია და გამოთქმის წესები,რაც ხშირად იწვევს ენის გამოყენების შიშს და კომუნიკაციის თავიდან არიდებას. სწორედ ამიტომ, სასწავლო პროცესში განსაკუთრებულად ვამახვილებ ყურადღებას აუდიო-სმენით და ლაპარაკზე ორიენტირებულ სავარჯიშოებზე, რათა მოსწავლეებმა მაქსიმალურად ეფექტურად გადალახონ ეს ბარიერი.

-როგორ გაჩნდა იდეა შეგექმნათ ონლაინ კურსი და ფეისბუქ გვერდი „ვისაუბროთ პოლონურად“?

-თავდაპირველად გაჩნდა იუთუბ არხის შექმნის იდეა, რასაც მოჰყვა ფეისბუქ გვერდიც ,,ვისაუბროთ პოლონურად“. ეს იდეა დიდხანს მუშავდებოდა, რადგან ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იყო ხარისხი, მინდოდა შემექმნა მარტივი, ხარისხიანი და ყველასთვის გასაგები პროდუქტი, რაც გაამარტივებდა ენის დამოუკიდებლად სწავლს – ისეთი სასწავლო მასალა, რასაც თავად ვისურვებდი ენის სწავლის პროცესში. ამ ყველაფერს წინ უძღვოდა  მსგავსი უცხოენოვანი არხების კვლევა, უამრავი მასალის მოძიება -დამუშავება.  დასაწყისში ინდივიდუალური სწავლება მიზნად არც მქონია, ერთადერთი სურვილი იყო გამეზიარებინა ჩემი დაგროვებული ცოდნა სხვებისთვის. თუმცა არხის და გვერდის გამოჩენიდან მცირე ხანში უამრავ შეტყობინებას ვიღებდი თხოვნით, მესწავლებინა მათთვის პირადად.

მთავარ მოტივაციას ჩემი გამოცდილება წარმოადგენდა – ვიცოდი, რას გრძნობდა დამწყები და რამდენად რთული იყო სწორი გზის პოვნა. მოგვიანებით, როდესაც პანდემიის დროს სწავლების ტრადიციული მეთოდები შეზღუდული გახდა, გადავწყვიტე ონლაინ სწავლებაზე გადასვლა და ეს გადაწყვეტილება გამართლდა. მიუხედავად გარკვეული სკეპტიციზმისა, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით, დამტკიცდა, რომ ეს ფორმატი ეფექტურია მათთვის, ვისაც სურს სწავლის პროცესში მოქნილობა და დროის ეფექტური მართვა,ფინანსების დაზოგვა.ასევე ინტერნეტი იძლევა უამრავ შესაძლებლობას, რითიც შეიძლება გამრავალფეროვნდეს სასწავლო პროცესი.  

– როგორ მიმდინარეობს გაკვეთილები? რა მეთოდს იყენებთ, რომ დამწყებთათვის უფრო მარტივი იყოს?

-ჩემი სწავლების მეთოდოლოგია დაფუძნებულია კომუნიკაციურ მიდგომაზე. გაკვეთილებზე ძირითადი პრინციპია – ვისაუბროთ პოლონურად და არა მხოლოდ პოლონური ენის შესახებ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ენის დაუფლების საუკეთესო გზა არის მუდმივი საუბარი და აქტიური კომუნიკაცია უშუალოდ სასწავლო პროცესში.ამ ეტაპზე ვმუშაობ მხოლოდ ჯგუფებთან, რაც კომუნიკაციური უნარების განვითარების კარგ შესაძლებლობას იძლევა. ჯგუფში ყოველთვის არის მეგობრული და მხიარული ატმოსფერო, გვაქვს ინტერაქტიული აქტივობები, თამაშები – რაც ამარტივებს მასალის ათვისება-დამახსოვრებას, ყოველდღიური დიალოგები და ტექსტების განხილვა ძალიან ეხმარებათ მოსწავლეებს პრაქტიკული ცოდნის გამდიდრებაში. რაც შეეხება გრამატიკულ მასალას, მინიმუმამდეა დაყვანილი კონკრეტული წესების დაზეპირება, უმთავრესია გრამატიკული მასალის საუბარში გამოყენება. ჩემი მიზანია, მოსწავლემ შეძლოს იმ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, რაც უკვე აქვს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მიდგომა არის ინდივიდუალური – ჩემი გაკვეთილები არასდროს გავს ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფებთან, ჯგუფის წევრების ცოდნის დონის, უნარების და დინამიკის გათვალისწინებით. რათქმაუნდა მაქვს წინასწარგანსაზღვრული პროგრამა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ საგაკვეთილო პროცესში მოვერგო ჯგუფის საჭიროებებზე, ამიტომ ზოგჯერ წინასწარ დაგეგმილი გაკვეთილი იცვლება სპონტანურად მოფიქრებული სავარჯიშოებით, რაც ერთის მხრივ უფრო საინტერესოს ხდის ჩემთვის პროცესს.

– რამდენი ქართველია დღეს თქვენი კურსის მოსწავლე და ვინ სწავლობს თქვენთან?

-ამჟამად ჩემს ონლაინ კურსებზე ოთხი აქტიური ჯგუფი სწავლობს. პირველი ორი ჯგუფი დამწყებთათვისაა, მესამე ჯგუფი – A2-B1 დონის მოსწავლეებისთვის, ხოლო მეოთხე ჯგუფი ემზადება პოლონური ენის ოფიციალური სერთიფიკატების გამოცდებისთვის.

ჩემი კურსის აუდიტორია ძირითადად ზრდასრულები არიან – როგორც ახალგაზრდები, ისე უკვე დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ პოლონური ენის ცოდნა ყოველდღიური კომუნიკაციისთვის, სამსახურში დაწინაურებისთვის ან ლეგალური სტატუსის მოსაპოვებლად. ბავშვებთან ონლაინ მუშაობა შედარებით რთულია, რადგან მათთვის განსხვავებული სტრატეგიები და აქტივობები არის საჭირო.
საჯარო სკოლაშიც ვმუშოაბ, როგორც კულტურათშორისი ასისტენტი, ჩემი მოვალეობაა, დავეხმარო ქართველ ბავშვებს ენის ბარიერით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში, რაც მაგალითია იმისა, როგორ ცდილობს პოლონური განათლების სისტემა ხელი შეუწყოს უცხოელ ბავშვებს განათლების მიღებაში.

აქვე მინდა დავამატო – პოლონეთში რამდენიმე საქმიანობას ვეწევი და პოლონურის სწავლება ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი და სასიამოვნოა. პირველ რიგში, უდიდესი მოტივაცია – რომ თავად უფრო განვვითარდე. მეორეს მხრივ კი ამ საქმიანობის დამსახურებით მთავარი მონაპოვარია ის ადამიანები, რომლებიც სწავლების პროცესში გავიცანი და დღემდე ვინარჩუნებ მათთან მეგობრულ ურთიერობებს.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია პოლონური ენის ცოდნა ქართველი ემიგრანტებისთვის პოლონეთში ცხოვრებისას?

პოლონური ენის ფლობა არა მხოლოდ აუცილებლობაა, არამედ წარმატებული ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობაა. ენის ცოდნის გარეშე ძალიან რთულია სამსახურის პოვნა, საბუთების მოგვარება, სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა და ზოგადად, ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა.
ბევრი ქართველი ემიგრანტი საჭიროებს თარჯიმნის ან შუამავლის მომსახურებას ყოველდღიურ საკითხებში, რაც დამატებით ფინანსურ და ემოციურ ხარჯებს იწვევს. გარდა ამისა, ენის ბარიერი ხშირად იწვევს გაუგებრობებს და კონფლიქტურ სიტუაციებს როგორც სოციალურ, ასევე პროფესიულ სივრცეებში.

პოლონური ენის ფლობა, ამავდროულად, გახსნის გზას პოლონური საზოგადოების კულტურულ სივრცეში ინტეგრაციისკენ. ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის კულტურული ფასეულობების და ტრადიციების სიღრმისეულად გაგება, რაც საბოლოოდ აფერხებს სოციალურ ინტეგრაციას.

-როგორც უკვე ვიცი, გყავთ პოლონელი მეუღლე. როგორ გეხმარებათ ეს ენისა და კულტურის უკეთ გაგებაში?

პოლონელ ოჯახში ინტეგრაციამ მნიშვნელოვნად გაამარტივა პოლონური ენისა და კულტურის ათვისება. მეუღლისა და მისი ოჯახის წყალობით მქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ გავცნობოდი ტრადიციებს, ოჯახის დინამიკას, ადგილობრივ ცხოვრების წესსა და ღირებულებებს.

მეუღლის ოჯახში ხელოვნებას უჭირავს განსაკუთრებული ადგილი, რაც კიდევ უფრო ამაღლებს ჩემს დაინტერესებას და ჩართულობას პოლონურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პოლონეთი უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაა ძალიან საინტერესო ტრადიციებით.

– რა გეგმები გაქვთ მომავალში? აპირებთ კურსების გაფართოებას ან სხვა პროექტების წამოწყებას?

-ჩემი დიდი სურვილია, ქართველ ემიგრანტებს უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ როგორც ენის კურსებზე, ასევე პოლონური ისტორიის, კულტურულ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ ინფორმაციაზე, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებდათ მათ ინტეგრაციას, შესაბამისად ვგეგმავ ამ კუთხითაც განვავითარო ჩემი ონლაინ პლატფორმა. მთავრი გეგმა კი უკავშირდება ქართულ-პოლონური სახელმძღვანელოს შექმნას. ამ ეტაპზე ერთდროულად ვმუშაობ  რამდენიმე წიგნზე და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში შევძლებ მათ გამოცემას.

რა რჩევას მისცემდით ქართველ ემიგრანტებს, ვინც ენის სწავლას იწყებს და მოტივაციის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას?

-მთავარი რჩევა იქნება – დაისახონ სწორი მიზნები. ნუ შეიქმნიან მოლოდინს, რომ პოლონურ ენას ისწავლიან ერთ-ორ თვეში, მეორეს მხრივ ნურც იმას გადაწყვეტენ, რომ ამ ენის სწავლა შეუძლებელია (იღიმის), სწორად გადანაწილებული დროის და მასალის შემთხვევაში, ეფექტური შედეგის მიღწევა შესაძლებელია მოკლე პერიოდშიც. თუ აქვთ სათანადო რესურსი და ნებისყოფა, დამოუკიდებლადაც გაუმკლავდებიან, თუმცა საკომუნიკაციო ენის განვითარებას სჭირდება მუდმივი პრაქტიკა. ენის სწავლას სჭირდება მუდმივი მუშაობა, ინტენსიურობა არის ის, რასაც მოაქვს შედეგი. ამიტომ, მასწავლებელთან მუშაობის დროს ნუ შეიქმნიან მოლოდინს რომ მხოლოდ კურსზე სიარული საკმარისია ენის სასწავლად.

-პოლონეთში ცხოვრების დაწყებისას ყველაზე მეტად რამ გაგიკვირდათ პოლონელების კულტურაში?

-პოლონეთში ცხოვრების დაწყებისას ყველაზე მეტად გამაკვირვა კორპუსებში სართულების დანომვრის სისტემამ: სართულების ათვლა იწყება ნულიდან და არა პირველიდან, როგორც საქართველოში (იცინის). ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი განსხვავებები ყოველდღიურობაში პირველ ეტაპზე ყურადღებას იპყრობს. დანარჩენი კულტურული თავისებურებები ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ან არ მახსენდება.

– ქართველი და პოლონელი ოჯახების ტრადიციებს შორის ყველაზე განსხვავებულად რას ხედავთ? როგორ ახერხებთ ამ ორი კულტურის შერწყმას ყოველდღიურ ცხოვრებაში?

-ქართველი და პოლონელი ოჯახების ტრადიციებს შორის ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება, ჩემი აზრით, არის პოლონური ტრადიციების მკაფიო სტრუქტურირებულობა და ორგანიზებულობა. მაგალითად, დღესასწაულებზე პოლონურ ოჯახებში გაწერილია კერძების ზუსტი რაოდენობა და სახეობა, რაც გარკვეული წესებისა და ტრადიციების დაცვას ემსახურება. ეს ქმნის სისტემურ და მომზადებულ გარემოს, სადაც ყოველ დეტალს აქვს თავისი მნიშვნელობა.
დღესასწაულებზე ოჯახის ერთად შეკრება ჩემთვის ერთერთი ყველაზე სასიამოვნო ტრადიციაა, შობა და აღდგომა აუცილებლად აღინიშნება მშობლებთან, დეიდა,მამიდა,ბიძებთან ერთად.

პოლონურ ოჯახში არის საკმაოდ ჯანსაღი მიდგომები ბავშვის აღზრდის საკითხებში.ამასთანავე, პოლონურ ოჯახებში აღსანიშნავია მშობლების თანაბარი ჩართულობა როგორც ბავშვის აღზრდის, ისე საყოფაცხოვრებო საქმიანობებში.

განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს პოლონელების პატივისცემა მიცვალებულების მიმართ. მათი საფლავები ყოველთვის მოვლილია, გაწყობილი  ყვავილებითა და სანთლებით. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ყოველი წლის 1 ნოემბერს, მიცვალებულთა დღეს, როდესაც სასაფლაოები ღამით თვალწარმტაცი სანახავია – ასობით ანთებული სანთლით განათებული საფლავები ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მოგაგონებთ. ეს ტრადიცია ჩემს დიდ პატივისცემას იმსახურებს და ყველას ვურჩევ, ეს დღე პოლონეთში მოინახულოს.

-თქვენი აზრით, რა საერთო თვისებები აერთიანებს ქართველებსა და პოლონელებს?

-ქართველებსა და პოლონელებს მრავალი საერთო ღირებულება აქვთ. ორივე ერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახს და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებს. როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში ოჯახი არის საზოგადოების მთავარი საყრდენი, და თავისუფალ დროს უმეტესად სწორედ ოჯახთან ერთად ატარებენ.
ასევე, თვალშისაცემია უფროსი და უმცროსი თაობების მჭიდრო ურთიერთობა. ბებია-ბაბუები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შვილიშვილების აღზრდასა და მათი ცხოვრების მნიშვნელოვან პროცესებში ჩართულობაში. ეს ფაქტორი აყალიბებს თბილ და მტკიცე ოჯახურ კავშირებს თაობებს შორის.

მეორე მნიშვნელოვანი საერთო ღირებულებაა სტუმართმოყვარეობა. როგორც ქართველებს, პოლონელებსაც ახასიათებთ სტუმრების გულთბილად მიღება და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა.

– რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოდან და როგორ ინარჩუნებთ ქართულ იდენტობას პოლონეთში ცხოვრებასთან ერთად?
– რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოდან და როგორ ინარჩუნებთ ქართულ იდენტობას პოლონეთში ცხოვრებასთან ერთად?

-საქართველოდან ყველაზე მეტად მენატრება მეგობრებთან ყოველდღიური ურთიერთობა, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და რომლის გარეშე პოლონეთში პირველი პერიოდი საკმაოდ გამიჭირდა. ასევე ძალიან მენატრება საქართველოს ბუნება, განსაკუთრებით კი ჩემი ქვეყნის მთები, რომლებთან კავშირი ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

– რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოდან და როგორ ინარჩუნებთ ქართულ იდენტობას პოლონეთში ცხოვრებასთან ერთად?

-საქართველოდან ყველაზე მეტად მენატრება მეგობრებთან ყოველდღიური ურთიერთობა, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და რომლის გარეშე პოლონეთში პირველი პერიოდი საკმაოდ გამიჭირდა. ასევე ძალიან მენატრება საქართველოს ბუნება, განსაკუთრებით კი ჩემი ქვეყნის მთები, რომლებთან კავშირი ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

ქართული იდენტობის შენარჩუნებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ. ჩემს შვილს დაბადებიდან ვესაუბრები ქართულად, ვუკითხავ ქართულ წიგნებს და ვაცნობ ქართულ ლიტერატურას. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახში სასაუბრო ენა პოლონურია და მისი ყოველდღიური გარემოცვაც პოლონურენოვანია, მან კარგად იცის ქართული და აქტიურად ფლობს მას.
საქართველოსთან კავშირი მუდმივად გვაქვს – ხშირად ვმოგზაურობთ საქართველოში, ხოლო აქ კი, პოლონეთში პოლონურთან ერთად აღვნიშნავთ ქართულ დღესასწაულებსაც.