ქართული ცეკვა არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ სულიერი სამყაროს გამოხატულებაც არის. ის უხილავი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის, რომელიც ქართველი ხალხის ბუნებას, ტრადიციებსა და ისტორიას აერთიანებს. სწორედ ამ ტრადიციის გამგრძელებელია მიხეილ დვალიშვილი – პროფესიონალი ქორეოგრაფი , ანსამბლი ,,დაისი“ – ს დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც ქართულ ცეკვებს პოლონეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში ასწავლის. მასთან საუბარი დაგვანახვებს, როგორია ქართული კულტურის დაცვა და განვითარება უცხო მიწაზე და როგორ ცხოვრობს ქართულ-პოლონური ოჯახი დღევანდელ ევროპაში.
ავტორი: ნათია ქიმაძე

– მიხეილ,პირველად როგორ აღმოჩნდით პოლონეთში?
– პოლონეთში პირველად 2015 წელს მოვხვდი, თუმცა ეს ვიზიტი უბრალოდ სტუმრობა არ ყოფილა – მან ჩემი მომავალი მნიშვნელოვნად განსაზღვრა. მეგობარმა, რომელიც ადგილობრივი კულტურული ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ, ახალწლის საღამოზე მიმიწვია, რათა ქართული ნაციონალური ცეკვები წარმოგვეჩინა პოლონური აუდიტორიის წინაშე. იმ საღამოს, ქართულმა ცეკვებმა სრულიად განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე, რაც ჩემთვის გამორჩეულად ემოციური და ამაღელვებელი იყო.
ამის შემდეგ, თითქმის ყოველ წელს ვბრუნდებოდი პოლონეთში სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად. თუმცა ყველაზე გამორჩეულად ჩემს მეხსიერებაში დამრჩა მონაწილეობა პოლონური ტელე-პროექტში „Mam Talent“. ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება – შესარჩევი ტურების წარმატებით გავლის შემდეგ, ჩვენი გუნდი ნახევარფინალშიც მოხვდა. ჟიურის მხრიდან აღიარება და მაღალი შეფასებები ჩვენი შრომისა და თავდადების მტკიცებულება გახდა. ეს ეტაპი დამეხმარა ახალი მიზნების დასახვაში -კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ქართული ცეკვა არა მხოლოდ ქართველების, არამედ სხვა ერების გულებსაც იპყრობს.
– როგორ შეხვდით თქვენს მომავალ მეუღლეს და როგორია ქართულ-პოლონური ოჯახური ცხოვრება?
– შეხვედრა ჩემს მეუღლესთან ერთ-ერთი იმ ბედნიერ შემთხვევათაგანია, რომელიც ცეკვამ მაპოვნინა. როგორც ჩანს, ყველაფერი მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში ამ ხელოვნებას უკავშირდება. იგი პოლონური ფოლკლორული ანსამბლის წევრი იყო და სწორედ ამ ანსამბლის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი ქალაქ ლოძში, სადაც ჩემი ანსამბლიც მიიწვიეს.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ქართულ ცეკვებთან? ვინ იყო თქვენი პირველი მასწავლებელი?
– ჩემი პირველი ნაბიჯები ქართული ცეკვის სამყაროში ექვსი წლის ასაკში გადავდგი, ბატონი გია დავითაშვილის ხელმძღვანელობით. მისი სკოლა ჩემთვის არა მხოლოდ ცეკვის ხელოვნების შესწავლის ადგილი იყო, არამედ სივრცე, სადაც ჩემი ხასიათი და დამოკიდებულება ფორმირდებოდა.
თერთმეტი წლის ასაკში მონაწილეობა მივიღე ორ თვიან გასტროლებში ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკაში. ეს იყო დაუვიწყარი პერიოდი – წარდგენილნი ვიყავით სოლო პროგრამით და მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება დავიმსახურეთ. ამ კონცერტების შემდეგ ჩვენ „პატარა ვირტუოზები“ შეგვარქვეს და ასე გვიწოდებდნენ ყველა სცენაზე. ჩემთვის ქორეოგრაფები იყვნენ არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ ჩემი ცხოვრების მეგზურები, რომელთა ხელმძღვანელობითაც პროფესიულადაც გავიზარდე და პიროვნულადაც ჩამოვყალიბდი.
– როგორ გაჩნდა იდეა, რომ ქართულ ცეკვას პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ასწავლოთ?
– კოვიდ -პანდემიის დროს საქართველოში რამდენიმე თვე უმუშევრად დავრჩი მეუღლით და ჩვილი ბავშვით – რადგან ჩემი შემოსავლის წყარო დაიკეტა ჩემმა ოჯახმა და მე გადავწყვიტეთ პოლონეთში გადმოსახლება.
იმ პერიოდში პოლონეთში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულ სამუშაოზე ვიმუშავე. ეს გამოცდილება ერთგვარად გამოდგა გადამწყვეტი – დავაფასე ის სიმდიდრე, რაც მქონდა, და მივხვდი, რომ ჩემი პროფესია არის არა მხოლოდ ჩემი ცხოვრება, არამედ შესაძლებლობა, სხვების ცხოვრებაშიც შევიტანო სიხარული .
ასე გაჩნდა აზრი, რომ დამეფუძნებინა ქართული ცეკვის სტუდია პოლონეთში და შემექმნა სივრცე, სადაც ქართველები საკუთარ ფესვებთან იქნებოდნენ ახლოს, ხოლო სხვა ეროვნების ადამიანები უფრო უკეთ გაიცნობდნენ და შეიყვარებდნენ ჩვენს უნიკალურ კულტურას.

– რომელი ასაკობრივი ჯგუფები იღებენ მონაწილეობას თქვენს გაკვეთილებში და როგორი მოტივაცია აქვთ მათ?
– ჩემი სტუდიის კარი ღიაა როგორც პატარებისთვის, ასევე მოზარდებისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. ბავშვებს ვიღებთ ხუთი წლიდან, ხოლო სამოყვარულო ჯგუფებში ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს.
მოტივაცია, რასაც ვხედავ მოსწავლეებში, მრავალფეროვანია: ზოგისთვის ეს საკუთარი ფესვების გაცოცხლება და მათი შემდგომი გადარჩენაა, ზოგისთვის კი ახალი კულტურის აღმოჩენა და ხელოვნების სიყვარულის გამოვლენა.
ასევე ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც ცეკვა ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების და თვითგამოხატვის უნარების განვითარებაში. მათთვის ცეკვა ერთდროულად არის სულიერი გამდიდრების საშუალება და ფიზიკური გამაჯანსაღებელი აქტივობა.
– რამდენად რთულია პოლონელებისა და სხვა ეროვნების ადამიანების ქართული ცეკვებით დაინტერესება? როგორ აღიქვამენ ისინი ჩვენს კულტურას?
– ისინი, ვინც ჩემთან მოდიან ქართული ცეკვის შესასწავლად, გარკვეულწილად უკვე იცნობენ ქართულ კულტურას. ჩემი მიზანია მეტად დავაინტერესო, ვასწავლო და შევაყვარო ქართული ცეკვა.
ქართულ ცეკვებში ხედავენ უძველესი ისტორიისა და სიმამაცის სურათებს.განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ისინი ამ კულტურას არა როგორც ტურისტები, არამედ როგორც მონაწილეები ისე ეზიარებიან.
– რომელ ქალაქებში ასწავლით პოლონეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში? არის რაიმე ადგილი, რომელიც გამორჩეულია დაინტერესებით?
– პოლონეთში ჩემი საქმიანობა ვრცელდება ვარშავაში, ვროცლავში და პოზნანში. ვარშავაში სტუდია ჩემი ინიციატივით დავაარსე და დღეს ეს სივრცე გახდა მრავალი ქართველისა და სხვა ეროვნების მოყვარული ცეკვის სახლში. ვროცლავში ქალბატონი სოფია ჯანჟღავასა და ასოციაცია ,,საქართველოს” მხარდაჭერით დავიწყეთ მუშაობა და ადგილობრივი ქართული დიასპორა აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. პოზნანში სტუდიის გახსნა კი მშობლების დაჟინებული თხოვნით მოხდა, რაც ჩემთვის უდიდესი პატივი იყო.
განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო გერმანიის დედაქალაქი ბერლინი. აქ სწავლებისთვის ყოველ კვირას 500 კილომეტრს გავდივარ და ქვეყნის საზღვარს ვკვეთ.
ბერლინის საკვირაო სკოლის ,,ანი ბანი”-ს დამფუძნებლებს – ნათია ნინიძესა და ხატია ფოფხაძეს – განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ნდობისა და შესაძლებლობისთვის.
– რომელ ქართულ ცეკვებს ანიჭებენ უპირატესობას თქვენი მოსწავლეები და რატომ?
– მოსწავლეთა გემოვნება ცეკვების არჩევისას ძალიან საინტერესოა და გარკვეულწილად წინასწარ შესამჩნევიც. როგორც წესი, გოგონები აღფრთოვანებულნი არიან აჭარული ცეკვით, მისი ხალისიანი, სიცოცხლით სავსე ენერგეტიკით. ვაჟებს კი განსაკუთრებით მოსწონთ მთიულური, რომელიც სიმამაცისა და ვაჟკაცობის საუკეთესო გამოვლინებაა. ეს ცეკვები მათ საშუალებას აძლევს, გამოხატონ საკუთარი სიძლიერე და სულიერი თავისუფლება.
– როგორია თქვენი სასწავლო მეთოდიკა? რაზე აკეთებთ აქცენტს გაკვეთილებზე?
– ჩემი სასწავლო მეთოდიკა ინდივიდუალურადაა მორგებული ასაკობრივ ჯგუფებზე. განსაკუთრებით დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ბავშვებთან მუშაობისას – ქორეოგრაფმა მათი ფიზიკური განვითარება, ტანადობა და სწორი მოძრაობები მაქსიმალურად პასუხისმგებლობით უნდა წარმართოს.
გაკვეთილებზე ძირითად აქცენტს ვაკეთებ მოძრაობების შესრულების სიზუსტესა და ხარისხზე, ვიდრე მათი რაოდენობის ზრდაზე. ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი, რომ ყოველი მოძრაობა უნდა იყოს გულით, ემოციით და აზრით შესრულებული – მხოლოდ ასე აღწევს ის მაყურებლის გულამდე.
– როგორ ეხმარება ცეკვა თქვენს მოსწავლეებს კულტურულ ინტეგრაციასა და თვითგამოხატვაში?
– ქართული ცეკვა აყალიბებს არა მხოლოდ ფიზიკურ უნარებს, არამედ ხელს უწყობს პიროვნების სულიერ განვითარებასაც. ცეკვა ავითარებს მოქნილობას, რითმთან სინქრონულობას, მაგრამ ასევე აძლიერებს თვითდაჯერებასა და ლიდერის თვისებებს. ამ ყველაფერმა შესაძლოა დიდწილად შეუწყოს ხელი ინდივიდის საზოგადოებაში ინტეგრაციას და ახალი შესაძლებლობების ძიებას. მათთვის, ვისაც სხვა ქვეყანაში ცხოვრება უწევთ, ქართული ცეკვა ერთგვარი ხიდი ხდება საკუთარ ფესვებთან დაბრუნებისკენ და ამავე დროს მათი ინტეგრაციის პროცესს ამარტივებს.
– გეგმავთ თუ არა მომავალში რომელიმე დიდ კულტურულ პროექტს ან ღონისძიებას?
– დიახ, ამჟამად ვმუშაობთ ორ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებაზე, სადაც ქართულ ცეკვებს ქართველებთან ერთად სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც შეასრულებენ.
ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურის შერწყმასა და მეგობრობის გაღრმავებას.
სამომავლოდ საინტერესო პროექტებს ვგეგმავ.იმედი მაქვს,ყველაფერს მალე განვახორციელებ.




კომენტარის დატოვება