როგორ ინარჩუნებენ ემიგრანტები ქართულ კულტურას პოლონეთში

ფოტოზე: სოფია ჯანჯღავა

როგორია საკვირაო სკოლის კონცეფცია? რა ასაკის ბავშვები სწავლობენ და რა პროგრამას სთავაზობთ მათ?

– საკვირაო სკოლის მთავარი ამოცანაა ემიგრანტ ბავშვებში ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შესწავლა და დამკვიდრება. სკოლა ეხმარება ბავშვებს, შეინარჩუნონ კავშირი თავიანთ იდენტობასთან, გაიღრმავონ ცოდნა და გააცნობიერონ საკუთარი ფესვები.
ჩვენი სწავლება ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავდება – აქ პროცესი არის ინტერაქტიული, სახალისო და მოტივაციაზე ორიენტირებული. ბავშვები ეუფლებიან ქართულ ენას თამაშებისა და შემოქმედებითი აქტივობების საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს სწავლების პროცესს და ზრდის მათ ინტერესს.
სასწავლო ჯგუფები შემდეგნაირად არის დაკომპლექტებული:
4-6 წლის ბავშვები – სწავლება თამაშებითა და ვიზუალური მასალებით
7-10 წლის ასაკი – ქართული ანბანი, წერა-კითხვა, ზღაპრები, საბაზისო ლიტერატურა
11-16 წლის მოზარდები – ქართული ისტორია, კულტურა, ლიტერატურა და საუბრის უნარების განვითარება
სკოლაში ჩართულია მუსიკალური და სხვა შემოქმედებითი პროგრამებიც, რაც ხელს უწყობს ბავშვების კულტურული ცნობიერების ამაღლებას.

რამდენად რთულია ემიგრანტ ბავშვებისთვის ქართულ ენაზე განათლების უზრუნველყოფა?

-ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა. ბავშვების ნაწილი ქართულს სრულყოფილად ფლობს, თუმცა ბევრ მათგანს ქართულთან შეხება ნაწილობრივ აქვს. რაც უფრო გვიან იწყებს ბავშვი ქართული ენის შესწავლას, მით უფრო რთული ხდება მისთვის ქართული ენის დაუფლება.
პოლონეთში მცხოვრები ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება პოლონურ და ხშირად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, რაც ქართულზე კონცენტრირებას ართულებს.
ქართულ საკვირაო სკოლაში ბავშვების მოტივაციის შენარჩუნება ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მოხალისე მასწავლებლები ნინი ქათამაძე და ქეთი ნაჭყებია(რომელებიც Stowarzyszenie Semper Avanti- ის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ ვროცლავში ) სწავლების სახალისო და ინტერაქტიულ ფორმებს ირჩევენ, რათა მათ დაინტერესება არ დაკარგონ.

ფოტოზე: საკვირაო სკოლის პატარა მოსწავლეები|


-ცეკვის სტუდიის დაარსებისას რა სირთულეებს წააწყდით და რამდენად აქტიურია ბავშვების მონაწილეობა?


-ქართული ცეკვის სტუდიის დაარსება ვროცლავში არ ყოფილა მარტივი ამოცანა. მის განხორციელებას წინ უძღოდა მრავალმხრივი ძალისხმევა და დაუღალავი შრომა. წინასაარსებო ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო პროფესიონალი ქორეოგრაფის მოძიება, რომელსაც ექნებოდა არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ უნარი, ემიგრანტ ბავშვებში ქართულ კულტურაზე სიყვარული გაეღვივებინა. ამას ემატებოდა შესაფერისი სივრცის პოვნის სირთულე, რაც უცხო ქვეყანაში ყოველთვის დამატებით ბარიერს წარმოადგენს.მიუხედავად ყოველგვარი დაბრკოლებებისა, 2024 წლის 14 იანვარს ოფიციალურად დაარსდა ქართული ცეკვისსტუდია”დაისი”(ქორეოგრაფი მიხეილ დვალიშვილი).ეს დღე იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ ერთიანი და მიზანდასახული ძალისხმევა შეუძლებელსაც კი რეალობად აქცევს.სტუდია დღეს მასპინძლობს 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, თუმცა სამოყვარულო ჯგუფში ჩართვა ნებისმიერ ასაკის მსურველს შეუძლია. სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ სტუდია ღიაა არა მხოლოდ ქართველი მოზარდებისთვის, არამედ პოლონელი და სხვა ეროვნების ბავშვებისთვისაც, ვინც დაინტერესებულია ქართული ხალხური ცეკვების შესწავლით.

ჩვენი მიზანია, ეს სივრცე გახდეს ქართული სულისკვეთების გამტარებელი, სადაც ნორჩი თაობა ცეკვის მეშვეობით შეიძენს ღირებულებებს, რომლებზეც დგას ქართული იდენტობა.

ფოტოზე: ცეკვის სტუდიის ბავშვები ქორეოგრაფთან ერთად

ცეკვის სტუდიის გახსნის დღე,ასოციაცია ,,საქართველოს” წევრები მიწვეულ სტუმრებთან ერთად

როგორ გაჩნდა ბიბლიოთეკის შექმნის იდეა და რას მოიცავს მის ფონდები?

-ქართული ბიბლიოთეკის დაარსების იდეა  გამოიკვეთა პარტნიორებთან გამართული შეხვედრებისა და დისკუსიების შედეგად.  ერთობლივმა ხედვამ მისცა ბიძგი ინიციატივას, რომელიც საერთო ძალისხმევით ხორცის შესხმას ეზიარა.
2024 წლის 24 ივნისს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, ქართული დიასპორული ასოციაცია „საქართველო“-ს და ორგანიზაცია Wroclaw Possibilities Know No Borders-ის ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ,წიგნის მაღაზიათა ქსელის ,,ბიბლიუსის“ შემოქმედებითი დირექტორის ბატონი გიორგი კეკელიძის მხარდაჭერით, საზეიმოდ გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა ვროცლავში.ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ფონდისა და ფუნქციური დატვირთვის მქონეა.
მისი საქმიანობა მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან აქტივობებს:ლიტერატურული საღამოები, რომლებიც განკუთვნილია წიგნების განხილვისა და ქართველი ავტორების შემოქმედებასთან უშუალო შეხებისათვის;ზღაპრების კითხვა და მათ საფუძველზე შექმნილი ინტერაქტიული შეხვედრები ბავშვებისთვის;ქართული ენის სასწავლო კურსები მოზარდებისა და მოზრდილებისთვის, რაც მოიცავს სპეციალურად დამუშავებულ პროგრამებსა და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიებს. ბიბლიოთეკა არ წარმოადგენს მხოლოდ წიგნების საცავს – ის არის სივრცე, სადაც ქართული სიტყვა, კულტურა და ტრადიცია საზღვრებს სცდება და ახალ გარემოში სიცოცხლეს პოულობს.

ბიბლიოთეკის გახსნის დღე

როგორია ქართველთა ერთიანობა ვროცლავში? რამდენად მჭიდროა თქვენი დიასპორული ქსელი და როგორ ეხმარებით ერთმანეთს?

-ვფიქრობ, ვროცლავის ქართველთა ერთობის შეფასება გარკვეულწილად რთულია, თუმცა ნათლად იკვეთება მზარდი ტენდენცია ჩვენი თანამემამულეების გაერთიანებისა და საერთო მიზნების გარშემო თავმოყრისკენ.სოციალური ქსელების და ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციების, მათ შორის ჩვენი ასოციაცია “საქართველოს” მეშვეობით, ვახერხებთ სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებას -იქნება ეს კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნა და სხვ.ასევე, აღსანიშნავია ქართველი მეწარმეების როლი ვროცლავში, რომელთაც შექმნეს რესტორნები, მაღაზიები და სხვადასხვა მომსახურების სერვისები. ეს ქსელი, გარკვეულწილად, საყრდენია ახალი ემიგრანტებისთვის, რომლებიც პირველად ეჯახებიან უცხო ქვეყნის გამოწვევებს. ურთიერთდახმარება და თანამეგობრობა სწორედ ის საძირკველია, რაზეც ნაგებია ჩვენი დიასპორული ცხოვრება.

-რა არის მთავარი გამოწვევები, რასაც ემიგრანტი ქართველები პოლონეთში აწყდებიან?

-ემიგრანტი ქართველებისთვის პოლონეთში  ცხოვრება სავსეა როგორც შესაძლებლობებით, ისე მრავალ გამოწვევასთან შეჭიდებით. უპირველესი დაბრკოლებაა ენობრივი ბარიერი – პოლონური ენა არცთუ მარტივია შესასწავლად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ემიგრაციაში მოზრდილ ასაკში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ინგლისურ ენას შეუძლია დროებითი შეთავაზება, სრულფასოვან ინტეგრაციას პოლონური ენის ცოდნა მაინც სჭირდება.მეორე სერიოზული გამოწვევაა დასაქმება და ბიუროკრატიული სისტემის სირთულეები. საბუთების მოწესრიგება, ბინადრობის ნებართვისა და სამუშაო ვიზების მიღება ხშირად ხანგრძლივ და დამღლელ პროცესად იქცევა. ამისთვის საჭირო ხდება პოლონური სამართლებრივი სივრცის სიღრმისეული ცოდნაც კი, რაც ახალჩასულ ემიგრანტს დამატებით დაბრკოლებას უქმნის.და მაინც, მიუხედავად ყველა სირთულისა, ვროცლავში ქართველთა ერთობა, ურთიერთდახმარება და ქართული იდენტობის შენარჩუნება არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც საშუალებას გვაძლევს ამ გამოწვევებს წარმატებით გავუმკლავდეთ. ჩვენი მტკიცე რწმენაა, რომ თუ დიასპორა გააგრძელებს ერთიანი ძალებით მოქმედებას, ვროცლავი ქართველებისთვის კიდევ უფრო წარმატების ქალაქად იქცევა.


 -როგორია სათვისტომოს განვითარების მომავალი – რა ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავთ?


-სათვისტომოს მომავალს ვხედავთ უწყვეტ ზრდასა და განვითარების ახალ საფეხურებზე გადასვლაში. ჩვენი მიზანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს დიასპორის გაძლიერებას და ქართული კულტურის ფართო პოპულარიზაციას პოლონეთში.
ჩვენი გეგმების ჩამონათვალი მოიცავს:ქართული კულტურის ცენტრის გაფართოებას, რათა გახდეს სრულფასოვანი სივრცე როგორც ქართველებისთვის, ასევე სხვა ეროვნების ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია ქართული კულტურითა და ტრადიციებით.ბიბლიოთეკისა და ცეკვის სტუდიის განვითარებას და გაფართოებას.ქართული ენის კურსების გაძლიერებას როგორც ქართველებისთვის, ისე პოლონელებისთვის, რომლებსაც სურთ ეზიარონ ქართულ ენასა და ლიტერატურას.ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას, მათ შორის კულინარიული მასტერკლასების ჩატარებას და ტრადიციული ქართული სუფრების ორგანიზებას პოლონური საზოგადოებისათვის.საბავშვო და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით საკვირაო სკოლის განვითარებასა და ახალგაზრდების კულტურულ აქტივობებში ჩართვას.

როგორ ფიქრობთ, ქართველებმა პოლონეთში რას უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება, რათა ქართული კულტურა კიდევ უფრო მყარად დავამკვიდროთ უცხო ქვეყანაში?

-ვფიქრობ, ქართული კულტურის პოპულარიზაცია საჭიროებს ერთობლივ, მიზანმიმართულ ძალისხმევას. პირველ რიგში, უნდა განვავითაროთ კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები, სადაც წარმოვადგენთ ქართულ ტრადიციებს, ხელოვნებასა და სამზარეულოს. ასეთი ინიციატივები არა მხოლოდ გაამყარებს ჩვენს კულტურულ იდენტობას, არამედ დაეხმარება პოლონელ საზოგადოებას უკეთესად გაიცნოს და დააფასოს საქართველო.
გარდა ამისა:საჭიროა ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია, მათ შორის ქართველი ავტორების წიგნების თარგმნა პოლონურად და ლიტერატურული საღამოების გამართვა.
ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, იქნება ეს ქართული ღვინო, ჩურჩხელა თუ ხელნაკეთი ნივთები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ბრენდის შექმნასა და დამკვიდრებას პოლონეთის ბაზარზე.უნდა გავაძლიეროთ ციფრული მედიის გამოყენება -TikTok, Instagram და YouTube პლატფორმებზე ქართული კულტურის შესახებ კონტენტის შექმნა ხელს შეუწყობს ფართო აუდიტორიის მოზიდვას და ინფორმირებულობას.ვაცნობიერებთ, რომ გზა რთულია, თუმცა მჯერა, რომ ერთიანი ხედვითა და დაუღალავი შრომით პოლონეთში ქართული კულტურა კიდევ უფრო მტკიცედ დამკვიდრდება და გახდება პოლონურ სივრცეში ღირებული ნაწილი.

Next

პოლონური ღვინო-მეღვინეობა Adoria და ღვინის კულტურის აღორძინება ქვედა სილეზიაში

1 Comment

  1. საინტერესო კითხვები და ასეთივე პასუხები. წარმატებები ♥️

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Powered by Kartuli.News & by Natia Kimadze

error: Content is protected !!