• 24 მაი 22:50:15
ქართელი ექიმი პოლონეთში

ემიგრაცია ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპია, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენით. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ოჯახს, ბავშვების მომავალს და პროფესიულ რეალიზაციას უცხო გარემოში.

გთავაზობთ ქართველი ექიმის – ია არჩვაძის გულწრფელ ინტერვიუს, რომელმაც პოლონეთში ცხოვრება სამი წლის წინ დაიწყო. რა გზა გაიარა საქართველოდან ევროპამდე, რამდენად რთულია პროფესიის შეცვლა უცხო ქვეყანაში, როგორია პოლონური განათლების სისტემა და რა სირთულეებს აწყდება ყოველდღიურად ემიგრაციაში – ის ამ ყველაფერთან დაკვშირებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

ეს არის ისტორია ადაპტაციის, შრომის, მიზნებისკენ სვლისა და იმ რეალობის შესახებ, რომელსაც ბევრი ქართველი ემიგრანტი ყოველდღიურად აწყდება.


მოგვიყევით თქვენ შესახებ – რამდენი ხანია პოლონეთში ცხოვრობთ და რა იყო თქვენი ემიგრაციაში წასვლის მთავარი მიზეზი?
– ევროპაში მიგრაციას ოჯახი კარგა ხნის მანძილზე განვიხილავდით. გვსურდა ბავშვებს ევროპული განათლება მიეღოთ, ამისთვის კი საჭირო იყო ლეგალურად ცხოვრება და დასაქმება. პროცესი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. საქართველოში ყოფნისას ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დასაქმების გვერდებზე ვეძებდით ვაკანსიებს. გაგვიმართლა – მეუღლე მალევე გამოემგზავრა პოლონეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ, რასაც მოკლე პერიოდში ჩემი და ბავშვების ჩამოსვლა მოჰყვა. მიგრაცია მხოლოდ გეოფრაფიული მდებარეობის ცვლილებას არ გულისხმობს. ეს სერიოზული გამოწვევაა. ჩვენ ადაპტაციის პერიოდი საკმაოდ მარტივად გავიარეთ პოლონელი მეგობრების დახმარებით. უკვე სამი წელია რაც აქ ვცხოვრობთ, ვსაქმიანობთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ მიზნებისკენ.

როგორ იპოვეთ ამჟამინდელი სამსახური და რა ეტაპების გავლა დაგჭირდათ დასაქმებამდე?

– პროფესიით ექიმი ვარ. მაქვს არაერთ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ პოლონეთში დასაქმება ჩემთვის არ ყოფილა მარტივი, პოლონური ენის არცოდნის გამო. მქონდა არაერთი გამოხმაურება რეზიუმეზე, მაგრამ ინგლისური და რუსული ენის ცოდნა არ იყო საკმარისი.

ძიების პროცესის დაწყებიდან მალევე დამიკავშირდა საერთაშორისო კორპორაცია და მიმიწვია ინტერვიუზე. კონკურსის გავლის შემდეგ თავად მოამზადეს დოკუმენტაცია, მოაწესრიგეს რიგი ბიუროკრატიული საკითხები და შევუდექი საქმიანობას. მოვხვდი ძალიან კარგ გარემოში, სადაც მუშაობენ პროფესიონალი კადრები ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. საინტერესოა მათთან ერთად მუშაობა, აზრების გაცვლა, გამოცდილებების გაზიარება. პარალელურად ვართ მუდმივად სიახლეების შესწავლის და დანერგვის რეჟიმში.

პოლონეთში სასიამოვნოდ გამაკვირვა ზუსტად განსაზღვრულმა სამუშაომ და დასვენების საათებმა, რომლებიც მკაცრად რეგულირდება კანონმდებლობით. ასევე, გვაქვს სხვადასხვა გასართობი აქტივობები და ბენეფიტები. სამუშაო პროცესში იგრძნობა, რომ უმთავრესია საქმისადმი ერთგულება, ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა უცხო ქვეყანასა და სამუშაო კულტურასთან ადაპტაციის დროს?

– მთავარი გამოწვევა საკუთარი თავის რეალიზებაა უცხო ქვეყანაში, მითუმეტეს როდესაც მათი ენა არ იცი. ახალ ჩამოსულს ხშირად გიჩნდება კითხვა:” ვინ ვარ მე აქ?!”. მაგრამ, ჩემთვის მთავარი მიზნის განხორციელება იყო ვიცოდი რა, რომ შესაძლებლობები აქ ძალიან ფართოა. პოლონური ენის სწავლა მალევე დავიწყე. პოლონელი ხალხი კი საკმაოდ კარგი მიმღებლობით გამოირჩევა, ამიტომ ადაპტაცია სოციუმში არ ყოფილა რთული.

თქვენ ორი არასრულწლოვანი შვილი გყავთ – როგორ მიმდინარეობდა ბავშვების ადაპტაცია პოლონურ სკოლასა და ბაღში და რა სირთულეებს აწყდებით ყოველდღიურად ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით?

– ბავშვებმა მალე აუღეს ალღო ახალ გარემოს. ორივე ბაღის ასაკის იყო როდესაც ჩამოვედით და კერძო ქსელურ ბაგა-ბაღში მივიყვანეთ, სადაც დახვდათ თბილი გარემო, პროფესიონალი პედაგოგები. საბავშვო ბაღი აქ მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ შემოქმედებით აქტივობებს,სპორტს, შემეცნებით – განმავითარებელ თამაშებს, სოციალურ, ემოციურ განვითარებას, გასვლით ექსკურსიებს ქალაქში თუ ქალაქგარეთ. ასე რომ ბავშვების ყოველდღიურობა ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო და ზომიერად დატვირთულია. თავისუფლად საუბრობენ პოლონურ და ინგლისურ ენაზე. პატარა ასევე სწავლობს ესპანურ ენას. უფროსი შვილი სახელმწიფო სკოლის მოსწავლეა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ აქ სკოლა მორგებულია ბავშვის საჭიროებებზე, ცოდნის გადაცემასა და თვითშემოქმედების განვითარებაზე. სკოლაშიც მაქსიმალურად დაცულია ბავშვთა უფლებები და უსაფრთხოება.

როგორია პოლონური განათლების სისტემა თქვენი გამოცდილებით?

– ვფიქრობ, პოლონეთი არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა სადაც ბავშვების აღზრდა-განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი – ეს რათქმა უნდა სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგია. პირდაპირ გეტყვით, ასეთი “მარტივი” თუ იქნებოდა ბავშვების გაზრდა სხვა ქვეყანაში ვერ ვიფიქრებდი. ქვეყანა, რომელიც ზრუნავს თითოეულ ბავშვზე სოციალური, ჯანდაცვის, უსაფრთხოების თუ საგანმანათლებლო კუთხით მშობლებისთვის წარმოადგენს მყარ საყრდენს.

რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც ემიგრაციაში ყოველდღიურად აწყდებით და რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად პოლონეთში ცხოვრების განმავლობაში?

– პოლონეთში ყოველდღიურობა გაცილებით მშვიდია, ნაკლებად უარყოფითი ემოციებით დატვირთული, მაგრამ ცხოვრების ტემპი გაცილებით ჩქარია რასაც ფეხი უნდა აუწყო. ვფიქრობ, ემიგრაციაში ყველაზე დიდი მიღწევა სტაბილურობა და დამოუკიდებლობაა. ასევე იდენტობის შენარჩუნება, როდესაც უცხო გარემოში საკუთარ კულტურას, ენას, ვინაობას ინარჩუნებ, რაც არ არის მარტივი განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში.

ემიგრაციაში წასვლა მხოლოდ “სამსახურის პოვნა” არ არის – ეს უნარების, გამოცდილებისა და მოლოდინების ახალ გარემოსთან მორგებაა. ასევე, კვალიფიკაციის აღიარება, ენის ცოდნა, ბაზრის მოთხოვნა და სამუშაო ნებართვა, რომელსაც როგორც წესი დამსაქმებელი კომპანია აკეთებს საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე. ევროპაში კონკურენცია მაღალია, ამიტომ ვისაც შრომა და განვითარება შეუძლია მათთვის შედეგი მიღწევადია.

– თქვენი აზრით, რა არის წარმატების მთავარი ფაქტორი უცხო ქვეყანაში?

– წარმატების მიღწევის ჯადოსნური გზა არ არსებობს. მთავარია რეალისტური მოლოდინები, სწავლისადმი მუდმივი მზადყოფნა, მოქნილობა და ფსიქოლოგიური გამძლეობა. უცხო ქვეყანაში წარმატება მოდის არა ყველა ნიჭიერთან, არამედ ვინც უკეთ ერგება გარემოს და არ ეშინია სიახლეების, განვითარების.

რას ნიშნავს თქვენთვის დღეს სიტყვა “ემიგრაცია”?

– ემიგრაცია ჩემთვის ახალი შესაძლებლობების ძიებაა და პიროვნული სიმწიფის ზრდა. საქართველო მენატრება და ვწუხვარ, რომ ჩემს ქვეყანაში არ ხდება წარმატებული ქართველების პოტენციალის გამოყენება. საქართველოში დასაქმების ბაზარი არ იძლევა ამის საშუალებას და არც ანაზღაურებაა კონკურენტული. ამიტომ, ჩვენს მომავალს კარიერული ზრდის, თუ განათლების მიღების კუთხით ევროპაში ვხედავ.

მოამზადა შორენა მელქუაშვილმა

Facebook Comments Box
error: Content is protected !!