• 14 აპრ 02:25:53
ინტერვიუ პოლონეთში დასაქმების ახალი კანონის შესახებ.

მოცემულ ინტერვიუში დასაქმებისა და ლეგალიზაციის სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტი, ანა ალიბეგაშვილი, დეტალურად განიხილავს პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულ ახალ კანონმდებლობას. ანა უკვე ექვს წელზე მეტია, რაც ემიგრანტებს ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვაში, საბუთების მოწესრიგებასა და სათარჯიმნო მომსახურებაში ეხმარება. დღეს ის გვიამბობს, თუ რა შეიცვალა პრაქტიკაში 2025 წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან დეპორტაცია და რა ნაბიჯებია საჭირო პოლონეთში სტაბილური მომავლის შესაქმნელად.

ანა ალიბეგაშვილი

-ანა, გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა პოლონეთთან და რა ეტაპები გაიარეთ დღემდე?

– ჩემი საქმიანობა ექვს წელზე მეტია პოლონეთში დასაქმების სფეროს უკავშირდება. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამ სფეროს ათვისება დაიწყო. ბოლო ოთხი წელია, ვმუშაობ სათარჯიმნო ბიუროში და ქართველებს დოკუმენტების თარგმნასა და ლეგალიზაციაში ვეხმარები. ზოგადად, პოლონეთთან დაკავშირებულ თითქმის ყველა საკითხზე შეუძლია პიროვნებას მომმართოს. ასევე, რამდენიმე თვეა, ვარშავაში დავაარსე საპარტნიორო კომპანია KAI PARTNER (G.A), რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩამოსული პირები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით მარტივად და სწრაფად დასაქმდნენ. ჩვენს თავზე ვიღებთ ბიუროკრატიულ პროცესებს, რათა ემიგრაციის პირველი ეტაპი ყველას შეუმსუბუქდეს.

რა ცვლილებები შევიდა პოლონეთის კანონმდებლობაში, რომელიც პირდაპირ ეხება საქართველოს მოქალაქეებს?

– 2025 წლის 28 ნოემბრის ბრძანებით, 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა დასაქმებასთან დაკავშირებული საკმაოდ ხისტი, თუმცა დროული კანონი. ის ითვალისწინებს პროცესის დროში გაწელვას, მაგრამ ამავდროულად, ბაზარზე სტაბილური გარემოს შექმნას ემსახურება. შეიცვალა ე.წ. მოწვევის ტიპი და მოლოდინის რეჟიმი 3-დან 5 თვემდე გაიზარდა. მჯერა, რომ ეს რეგულაციები არსებულ ქაოსს დაასტაბილურებს.

რას ნიშნავს პრაქტიკაში საქართველოს ამოღება გამარტივებული დასაქმების სიიდან და რა შეიცვალა კონკრეტულად ქართველებისთვის?

– პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ქართველები ვეღარ დასაქმდებიან უმოკლეს ვადაში. თუ ძველი წესით სამუშაო უფლებას (OŚWIADCZENIE) ერთ კვირაში ვიღებდით, ახლა მოლოდინი 3-დან 5 თვემდეა. ვადები დამოკიდებულია რეგიონზე – პატარა ქალაქებში იუსტიცია ნებართვებს (ZEZWOLENIE) ხშირად 3-4 კვირაშიც გასცემს. ასევე, გართულდა სამსახურის სწრაფად შეცვლაც. თუმცა, პოზიტიური მხარე ისაა, რომ დამსაქმებელი ბიუროკრატიას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება და ვალდებული იქნება, კანდიდატს ზუსტად ის პირობები დაახვედროს, რაც დოკუმენტშია მითითებული.

ვის შეეხო ეს ცვლილებები ყველაზე მეტად: ახალჩამოსულებს თუ უკვე დასაქმებულებს?

– ეს ცვლილება ყველას თანაბრად შეგვეხო. დღეს ცალსახად შეიძლება ითქვას: ყველა პირი რჩება ლეგალურად და არ საჭიროებს ახალ დოკუმენტს, სანამ მისი OŚWIADCZENIE მინიმუმ 6 თვის განმავლობაში კიდევ არის ძალაში. ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე შეგიძლიათ განაცხადოთ ახალ ნებართვაზე. ეს რეგულაცია არ ეხება მათ, ვისაც აქვს მოქმედი ვიზა ან ბინადრობის უფლება (კარტა პობიტუ). იმ პირებს, ვისი სამუშაო უფლების გასვლაც ახალი რეგულაციის ამოქმედებას დაემთხვა, ვურჩევდი ქვეყნის დატოვებას და შემდეგ ვიზით შემოსვლას.

ახალი კანონის პირობებში, რა ლეგალური გზები რჩებათ ქართველებს პოლონეთში დასაქმებისა და დარჩენისთვის?

– ლეგალური გზა ერთია: მსურველებმა საქართველოდანვე უნდა იზრუნონ სანდო დამსაქმებლის მოძიებაზე, რომელიც მოამზადებს სამუშაო მოწვევას. ამ დოკუმენტით შესაძლებელია სამუშაო ვიზის გახსნა, ან ქვეყანაში უვიზო რეჟიმით შემოსვლა და 90 დღის გასვლამდე ბინადრობის უფლებაზე (კარტა პობიტუ) საბუთების შეტანა.

რა რისკებს შეიცავს პოლონეთში არასწორი ინფორმაციის საფუძველზე ჩამოსვლა?

– ხშირად ადამიანები მაინც გაურკვეველი წარმომავლობის ჯგუფებს ან არაპროფესიონალებს უკავშირდებიან, რაც დიდ პრობლემებს იწვევს. ინფორმაციულ ვაკუუმს სავალალო შედეგებამდე მივყავართ; ყველაზე მძიმე კი დეპორტაცია ან ქვეყანაში შესვლის 6 თვიდან 3 წლამდე შეზღუდვაა. ამის თავიდან აცილება მხოლოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი.

რამდენად გართულდა სამუშაო ვიზის, მოწვევის ან ზოგადად დასაქმების პროცესი?

– პროცესი მხოლოდ დროში გაიწელა, სირთულეს კი არ წარმოადგენს, თუ ყველა საბუთი წესრიგშია. პირიქით, ახლანდელი წესები მეტ სტაბილურობას გვმატებს: კადრი ნამდვილად იმ კომპანიაში იმუშავებს, რომელმაც ის მოიწვია, დამსაქმებელი კი იღებს ვალდებულებას შემდგომ ლეგალიზაციაზე.

-რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ქართველები ამ ეტაპზე და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან?

– ხშირად სიჩქარე და არასანდო წყაროები ფინანსურ კრიზისამდე ან ლეგალიზაციის პრობლემებამდე მიგვიყვანს ხოლმე. მაგალითად, ბავშვისთვის პასპორტის აღება ხშირად პრობლემურია. მინდა აღვნიშნო ჯგუფის „ქართველი დედები პოლონეთში“ როლი სწორი ინფორმაციის გავრცელებაში, თუმცა აქვე შემოგთავაზებთ მოკლე გზამკვლევს: საჭიროა ბავშვის დაბადების მოწმობა ადგილობრივი უჟონდიდან, რომელიც უნდა დამოწმდეს აპოსტილით პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. საელჩო გასცემს დროებით პასპორტს ერთ საათში, ხოლო ჩვეულებრივის მოლოდინის ვადა 30-45 დღეა. მნიშვნელოვანია: პოლონურ დოკუმენტზე აპოსტილი კეთდება მხოლოდ პოლონეთში. უმჯობესია აპოსტილი აქ გაკეთდეს, თარგმნა კი საქართველოში, რადგან იუსტიციის სახლი ხშირად არ იღებს პოლონეთში შესრულებულ თარგმანს.

როგორ უნდა მოიქცეს პირი, რომელიც უკვე პოლონეთშია, მაგრამ სტატუსი გაურკვეველი აქვს?

– პირველ რიგში, უნდა გაარკვიოს, რა ეტაპზეა მისი ბინადრობის საბუთების წარმოება. თუ სამუშაო უფლება მალე იწურება, სასწრაფოდ უნდა შეიტანოს განაცხადი ახალზე. საბუთების მოწესრიგება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის დატოვება მოგიწევთ. ქვეყნიდან გასვლა საგანგაშო არაა – შეგიძლიათ საქართველოში ჩახვიდეთ და 3 თვეში ისევ დაბრუნდეთ, მთავარია თავიდან აიცილოთ დეპორტაცია.

არსებობს თუ არა დასაქმების რეალური ალტერნატივა, მაგალითად, ბინადრობის უფლება სხვა საფუძვლით?

– დასაქმება კვლავ ყველაზე უსაფრთხო გზაა. რა თქმა უნდა, კეთდება სასწავლო და ოჯახის გაერთიანების ვიზებიც. ერთ-ერთი საინტერესო ალტერნატივაა შპს-ს (Spółka) გახსნა, რისთვისაც მხოლოდ პასპორტი და სანდო ბუღალტერია საჭირო. საკუთარი კომპანიიდან შესაძლებელია ბინადრობის უფლების მიღება, ბიზნესის გაფართოება და ქონების შეძენა.

რა არის მთავარი განსხვავება ლეგალურ დასაქმებასა და რისკზე წასვლას შორის?

– წარსულს ჩაბარდა ის პერიოდი, როცა შავად მუშაობა კომფორტული იყო. დღეს ეს პირდაპირ დეპორტაციას ნიშნავს. ლეგალურად ყოფნა კი გაძლევთ საშუალებას ისარგებლოთ ყველა იმ ბენეფიტით, რასაც ქვეყანა გთავაზობთ.

როგორ ეხმარება ქართველ ემიგრანტებს თქვენი სათარჯიმნო ბიურო ოფიციალური პროცესების გავლაში?

– უკვე რამდენიმე წელია, ვხელმძღვანელობ ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროს კერძო შეკვეთებისა და დოკუმენტების დეპარტამენტს. ჩვენთან ადამიანები იღებენ სრულ კონსულტაციას როგორც თარგმანებზე, ისე შემდგომ ნაბიჯებზე.
ასევე, ჩვენი მჭიდრო პარტნიორია საბუღალტრო კომპანია, რომელიც ქართველებს ფინანსურ საკითხებსა და ბიზნესის წარმოებაში ეხმარება. გარდა ამისა, ვთარგმნით სასამართლო დოკუმენტებს და ჩვენი გუნდი მსურველებს იურიდიულ დახმარებასაც უწევს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან მოსული პირი თითქმის ყველა სფეროში იღებს კვალიფიციურ რჩევას.

რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური და ბუღალტრული საკითხების სწორად მოგვარება?

– აუცილებელია ყველამ იფიქროს საწყის კაპიტალზე, რადგან პროცესები შეიძლება გაიწელოს. ლეგალიზაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა პესელის (PESEL), საბანკო ანგარიშისა და ოფიციალური კონტრაქტის ქონა.

რას უნდა მიაქციონ ყურადღება მართვის მოწმობის გადაცვლისა და კარტა პობიტუს პროცესში?

– ტაქსზე მუშაობისთვის აუცილებელია პოლონური მართვის მოწმობა. მის გადასაცვლელად პირი უნდა იყოს სრულწლოვანი, ჰქონდეს მინიმუმ 1-წლიანი ქართული მოწმობა და პოლონეთში იმყოფებოდეს მინიმუმ 6 თვე. ასევე საჭიროა მოქმედი ვიზა ან ბინადრობის მოწმობა, პესელი და საცხოვრებლის ჩაწერა. თუმცა სხვადასხვა რეგიონს განსხვავებული მოთხოვნები აქვს და სწორი მიდგომით შედეგის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია. კარტა პობიტუს შემთხვევაში კი გადამწყვეტია გადასახადების სრულად გადახდა.

-რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა გეგმავს პოლონეთში წასვლას?

– კანონის გამკაცრებიდან 5 თვის შემდეგ სურათი უკვე ნათელია. მსურველებს შეუძლიათ დაიწყონ სანდო კომპანიებისა და ვაკანსიების მოძიება. მთავარია, შეაგროვოთ ყველა საჭირო საბუთი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ პროცესს.

პოლონეთი არის ქვეყანა, სადაც შრომა და მიზანდასახულობა ძალიან ფასობს. ჩამოდით გამართული საბუთებითა და შემართებით. ენის სწავლა კი აუცილებელია სოციალიზაციისა და მეტი პერსპექტივისთვის. ეს ქვეყანა იძლევა შესაძლებლობებს – მთავარია, მათი დანახვა და გამოყენება შეძლოთ.

აგრეთვე იხილეთ პოლონური გზამკვლევი: https://site.kartuli.news/gzamkvlevi.php

Facebook Comments Box

By ნათია ქიმაძე

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.

error: Content is protected !!